Workforce Institute-ის კვლევის ფარგლებში 2021 წელს გამოიკითხა 4000 დასაქმებული. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 86% თვლის, რომ მათი არ ესმით სამსახურში. ის დასაქმებულებიც კი, რომლებიც თვლიან რომ მათი ესმით, აცხადებენ, რომ მათ არ უსმენენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაუფარავად გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს.
ადამიანები როგორც წესი, ცუდი მსმენელები არიან. ჩვენ ვისმენთ ორჯერ სწრაფად, ვიდრე ვსაუბრობთ. თუმცა, ძირითადად, ადამიანები იმისთვის უსმენენ სხვას, რომ ელოდებიან საკუთარ რიგს საუბრის გასაგრძელებლად ან საერთოდ არ უსმენენ, რადგან ჰგონიათ, რომ კარგად იციან რისი თქმა სურს სხვას. გარდა ამ მიზეზებისა, ბრალი ტექნოლოგიებსაც მიუძღვით, კვლევის თანახმად ადამიანებს ტელეფონზე დიალოგის დასრულებისთანავე ამ დიალოგის მხოლოდ 10% ახსოვთ და ეს მაჩვენებელიც 4%-მდე მცირდება ერთი თვის შემდეგ.
უკეთესად მოსმენის უნარის განვითარება ყველა ადამიანისთვის შესაძლებელია. როგორც ყველა სხვა უნარის შემთხვევაში, ამ უნარის განსავითარებლადაც საჭიროა სწავლა და ვარჯიში. Forbes გვიზიარებს სამ მთავარ რჩევას, იმისთვის, რომ სამსახურში უკეთესი მსმენელი გახდეთ:
- თეორიის სწავლის ნაცვლად, მოუსმინეთ ნამდვილ ადამიანებს;
კარგი მოსმენის უნარი კოგნიტური უნარია. ეფექტური მოსმენისთვის აუცილებელია მონდომება, ვარჯიში და მზაობა. კვლევის თანახმად, ადამიანები სხვების მიერ მოსმენას აფასებენ მათ მიერ დიალოგში ვერბალური ჩართულობით - პერიფრაზი, კითხვების დასმა და საპასუხო აზრების გაზიარება. სხვების მოსმენის სწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიების გაცნობით, აუცილებელია ნამდვილ ადამიანებთან კონტრაქტი და მათი საუბრის მოსმენა.
გაესაუბრეთ თქვენი გუნდის წევრებს და დააკვირდით რამდენად გაუმჯობესდება სამუშაო პროცესი. იპოვეთ ადამიანი სამსახურს გარეთ, ვისაც გაესაუბრებით ცხოვრებაზე, სამსახურსა და სხვადასხვა თემებზე, მოუსმინეთ, გაიზიარეთ მათი იდეები, არ იყოთ კრიტიკულები და თავი შეიკავეთ საუბრის შეწყვეტისგან.
- უარი თქვით საკუთარ წინასწარ განწყობებზე;
ადამიანების უმრავლესობა საუბარს უსმენს წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობებით, მაგალითად, წინასწარვე განსაზღვრული აქვს, რომ უნდა დაამტკიცოს საკუთარი არგუმენტი ან მოფიქრებული აქვს პრობლემის გადაჭრის გზა. მოსმენის დროს კი მნიშვნელოვანია მზად იყოთ სწავლისთვის და ახალი იდეების მისაღებად. სწავლისთვის მოსმენა ყველაზე რთული უნარია, რადგან მისთვის საჭიროა კოგნიტური მოქნილობა და თავმდაბლობა, იმის აღიარება, რომ შეუძლებელია ყველაფერზე მზა პასუხი გქონდეს. სწავლისთვის მოსმენა ზრდის ემპათიას, ნდობას და კოლეგებს აძლევს საკუთარი შეხედულებების თამამად გაზიარების შესაძლებლობას.
- თვალებით „მოსმენა“;
საუბრის დროს ადამიანთან თვალებით კონტაქტის დამყარება უფრო მეტია, ვიდრე თავაზიანობა. ამ ჟესტით გამოხატავთ ინტერესს, ყურადღებას და პატივისცემას. საუბრის დროს ადამიანისთვის ყურება, დაგეხმარებათ კონცენტრირებაში, უკეთესად მოსმენაში და მათი სათქმელის უკეთ გაგებაში. თვალებით კონტაქტი ზრდის ნდობას, აყალიბებს პირად კავშირს, აღრმავებს ემპათიას.
ერთმანეთის სახეების დანახვა მოსმენისთვის აუცილებელია. პოსტპანდემიურ სამყაროში, როდესაც შეხვედრებმა ონლაინ გადაინაცვლა, თვალებით კონტაქტის დამყარება კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. შეხვედრების ოთახში თავზე ქუდჩამოფარებული არავინ შემოდის, იგივე მიდგომა გაავრცელეთ ვიდეო ქოლებზეც, ჩართეთ კამერა.
მოსმენის უნარი განასხვავებს ეფექტურ და არაეფექტურ მენეჯერს ერთმანეთისგან. თუ მენეჯერს არ აქვს მოსმენის უნარი, შეუძლებელია წარმატებული ლიდერი გახდეს. ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ გუნდში, წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, ვისაც შეუძლია სხვებს მოუსმინოს. ბევრმა ლიდერმა არ იცის საიდან დაიწყოს საკუთარი კარიერული აღმასვლის გზა, მოსმენის უნარის გაუმჯობესებით დაწყება, საუკეთესო სტარტია.
წყარო - If You Want To Be A Better Colleague Or Leader, Be A Better Listener (forbes.com)