ნებისმიერ რეკრუტერს თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ყველაზე მცირე დრო CV-ს წაკითხვაზე იხარჯება. CV ს გასაცნობად თუ წასაკითხად განკუთვნილი დრო კი 6 წამს არ აღემატება, რადგან რეკრუტერის გამოცდილმა თვალმა იცის როგორ და სად მოძებნოს მისთვის საინტერესო და ვაკანსიისთვის საჭირო ინფორმაცია.
არის თუ არა ჩვენი CV ისე შედგენილი, რომ მივიღოთ, სამუშაო თუ არა, ჩვენთან შეხვედრის მოწვევა (ინტერვიუ) 6 წამში? აუცილებლად უნდა იყოს, რადგან რეკრუტერს საშუალება უნდა მივცეთ, დროის უმცირეს მონაკვეთში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება - “შეესაბამება” / “არ შეესაბამება” ვაკანსიის მოთხოვნებს. ცხადია, სამუშაოს მაძიებლის მოლოდინი სხვაა - დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს CV ზე რეკრუტერი სათანადო დროს დახარჯავს და არცერთი დეტალი დარჩება უყურადღებოდ. ეს არასწორია! რეკრუტერს უამრავი CV აქვს და თითოეულზე 5 ან 10 წუთს ვერ დახარჯავს და არც უნდა დახარჯოს - ჩვენს შესახებ ინფორმაციის მოძიება ჩვენსავე CV-ში უნდა იყოს იოლი და არა რეკრუტერი ვაიძულოთ ეძებოს ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოსა თუ სასწავლებელზე. ესეც ნიმუში, თუ როგორ წაიკითხება ჩვენი სვ 6 წამში:
იმისათვის რომ 6 წამი ჩვენთვის წარმატებულად დასრულდეს, CV-ში ინფორმაციის განთავსება პრიორიტეტულობის მიხედვით აუცილებელია და სტრუქტურა შემდეგია:
1. CV-ს დასაწყისშივე მიუთითეთ სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა;
2. მიმდინარე სამუშაო ადგილი;
3. მიმდინარე დამსაქმებელი კომპანია;
4. მიმდინარე პოზიციაზე სამუშაოს დაწყების პერიოდი
5. წინა სამუშაო პოზიცია
6. წინა სამუშაო კომპანია
7. წინა სამუშაოს დაწყება-დასრულების თარიღები
8. განათლება
გარდა ამ სტრუქტურისა, CV-ს არ სჭირდება ვიზუალური გაფორმება, რადგან არ ვიცით რეკრუტერის გემოვნება და შეიძლება კრიტიკა დავიმსახუროთ და რაც მთავარია, რეკრუტერის თვალს “გავართობთ” ვიზუალური ეფექტებით და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყურადღების მიღმა დარჩება. ასევე მნიშვნელოვანია CV-ს მკაფიო სტრუქტურა ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით, სადაც ინფორმაცია იკითხება მარტივად:
სწორია თუ მცდარია, რეკრუტერის გადაწყვეტილებას დასახელებული 8 ფაქტორი ქმნის. ცხადია, დანარჩენი ინფორმაციაც “შეავსებს” ჩვენს შეფასებას, მაგრამ პირველი ეფექტი მაინც 6 წამში უნდა მოვახდინოთ. თუ ჩვენი კარიერა მრავალწლიანია, აუცილებელია პირველი ორი სამუშაოს ძალიან მოკლე აღწერა და არა სამუშაოების თუ ფუნქციების ჩამონათვალი.
ყველა წამი მნიშვნელოვანია, ამიტომ ეფექტურად სტრუქტურირებული და განთავსებული ინფორმაცია დაგვეხმარება შერჩევის პირველი ეტაპი დავასრულოთ წარმატებულად.
რაც მთავარია და აუცილებელი:
1. CV-ს აუცილებლად დავარქვათ სახელი - ჩვენი სახელი და გვარი. სახელითა და გვარით ჩვენი ინფორმაციის აღქმაც და დამახსოვრებაც მარტივია. ამას გარდა, CV-ით ვეცნობით რეკრუტერს და ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელები და გვარები, CV არ გვქვია;
2. შესაძლებელია ძალიან კარგად გამოვიყურებით ზღვის პირას გადაღებულ ან მეგობრის წვეულების ამსახველ ფოტოზე, მაგრამ ასეთი ფოტოს CV-ში განთავსება დაუშვებელია. თუ არ გაქვთ ბიზნეს საჭიროებებისთვის განკუთვნილი ფოტო, ჯობია არ დავურთოთ CV;
3. არ შევაფასოთ ქულებით უცხო ენების ცოდნა (მიუთითეთ როგორი კომუნიკაცია შეგიძლიათ და რა დონეზე);
4. არავითარ შემთხვევაში არ გავაგზავნოთ რომელიმე ორგანიზაციის ვაკანსიაზე შევსებული სააპლიკაციო ფორმა - ამ შემთხვევაში არავინ გამოგვეხმაურება.