ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას თვეები სჭირდება, მის რუტინად ქცევას კი - წლები. ჩვევები გავლენას ახდენენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და გადაწყვეტილებებზე. მათი დახმარებით ვიყალიბებთ წარმოდგენებს და შეხედულებებს ადამიანებზე, სამსახურზე, სხვადასხვა გლობალური მნიშვნელობის საკითხზე. თუმცა რა ხდება მაშინ, თუ ჩვევები ხელს გვიშლის ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები?
Forbes გვიზიარებს 5 მავნე ჩვევას, რომლებიც მარტივად შეიძლება დაგრჩეთ ყურადღების მიღმა, თუმცა მათი უკან დატოვებით უფრო ნაყოფიერი და წარმატებული წელი გექნებათ.
1. სხვა ადამიანების სურვილების საკუთარზე მაღლა დაყენება ე.წ. people pleasing;
კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე გავრცელებული ხელის შემშლელი ფაქტორია სხვა ადამიანების განწყობებზე, მათ რეაქციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებულება. ადამიანები მუდმივად ცდილობენ შეეწყონ სხვების მოლოდინებს და საჭიროებებს. ამის სანაცვლოდ კი თმობენ საკუთარ კომფორტს და საზღვრებს. სხვა ადამიანების სურვილების საკუთარზე მათლა დაყენება მავნე ჩვევაა, განსაკუთრებით კი სამსახურში.
2. კის თქმა მაშინ, როდესაც არას თქმა გსურთ;
სხვების თხოვნებზე გამუდმებით დათანხმებით და საკუთარი სურვილების უგულებელყოფით საკუთარ თავს და თქვენს გუნდსაც კი აყენებთ სტრესულ სიტუაციაში. უარის თქმა შეიძლება ნდობის და იმედების გაცრუებად გეჩვენებოდეთ, თუმცა, რეალობაში, უარის თქმის ნაცვლად, მუდმივად დათანხმებით თქვენ არღვევთ საკუთარ საზღვრებს და არ სცემთ პატივს საკუთარ დროს. ადრე თუ გვიან სხვა ადამიანების სურვილების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური და ფიზიკური გადაწვა.
3. სამსახურში ადგილის დასამკვიდრებლად ჭორაობა;
ლანჩის ან ყავის შესვენების დროს კოლეგებთან საუბრისას მარტივად შეიძლება გაებათ ჭორაობის მახეში. ეს მავნე ჩვევა მაშინ ხდება, როდესაც ჭორის გავრცელება კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი ხდება. კოლეგებთან საუბარი ემსგავსება ობობის ქსელების გაბმას, რამაც შეიძლება დააზიანოს თქვენს მიმართ არსებული ნდობა და ურთიერთობები სამსახურში.
სამსახურში ადგილის დასამკვიდრებლად ჭორაობა დამღუპველია და ანადგურებს სამსახურებივ მეგობრობებს, განსაკუთრებით, თუ ახალი თანამშრომელი ხართ.
4. გადაჭარბებული მუშაობა;
გადაჭარბებული მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიაში ეს წახალისებულია, მიზანშეწონილი არ არის. Harvard Medical School-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანები რომლებიც კვირაში 50-55 საათი მუშაობენ, უფრო მაღალი ალბათობით არიან გულის შეტევის, დიაბეტის, ჭარბი წონის და სხვა დაავადებების რიკს ჯგუფში. სამსახურიდან სახლში ადრე წასვლასა ან დედლაინის არ ქონაზე გამუდმებული შფოთვა იმის ნიშანია, რომ თქვენს სხეულში მაღალია სტრესის დონე და ხელი არ უნდა შეუწყოთ მის ნორმალიზებას.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტორებს მიღმა, ზედმეტი მუშაობა გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც. ჯანმრთელობის გარისკვა დედლაინის შესასრულებლად არ ღირს, ამიტომ, ეს მავნე ჩვევაც 2023 წელს მოიტოვეთ უკან.
5. ცუდ მენეჯერთან შეგუება;
ცუდი მენეჯერების დაყოფა ბევრ კატეგორიად შეიძლება - ძუნწი, ეჭვიანი, ტოქსიკური და ა.შ. მათი საქციელთან მუდმივად შეგუებით, სხვებს აჩვენებთ, რომ თქვენთვის მისაღებია ამგვარი დამოკიდებულება, რაც შედეგად, მათი მხრიდანაც იმავე ქცევას მიიღებთ. ეს გართმევთ ძალაუფლებას და თვითრწმენას.
ცუდ მენეჯერთან ურთიერთობისას პირველი ნაბიჯია მათთან პირდაპირი კომუნიკაცია, შესთავაზეთ უშუალო უკუკავშირი და აუხსენით რატომ არის მისი საქციელი თქვენთვის მიუღებელი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქცევა მეორდება და არ უმჯობესდება, შეიძლება დაგჭირდეთ ახალი გუნდის ან დამსაქმებლის პოვნა.
შეიძლება თვლიდეთ, რომ აუტანელი მენეჯერის ატანა ერთადეთი არჩევანია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უნიკალური უნარები და ხართ ღირებული ტალანტი. დაიწყეთ ახალი სამსახურის ძებნა და იპოვეთ კომპანია, რომელიც თქვენს უნარებს მეტად დააფასებს. თქვენი მენტალური ჯანმრთელობა ყველაფერზე ღირებული და მნიშვნელოვანია.
წყარო - https://www.forbes.com/sites/shodewan/2023/12/19/5-harmful-workplace-habits-to-leave-behind-in-2023/?sh=597644d24453