თვითიზოლაციაში მოტივაციის პოვნა რთული გამოწვევაა. ბევრი ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება კარგად შეასრულოს სამუშაო სახლიდან, ხშირად შეამოწმოს ელ.ფოსტა და რაც შეიძლება მეტად კონცენტრირებული იყოს ვიდეო კონფერენციებზე. ახალ სამუშაო გარემოში ადამიანებს მოტივაციისთვის ერთი მნიშვნელოვანი გასაღები აკლიათ - სხვა ადამიანები.
უკვე ათწლეულებია, რაც სოციალურმა ფსიქოლოგებმა იციან, რომ ადამიანები სხვების თანდასწრებით მუშაობისას უფრო მოტივირებულები არიან. ასეთ დროს, ადამიანი უფრო სწრაფად მუშაობს, არის უფრო კრეატული და პრობლემების გადაჭრის გზებზეც უფრო ინტენსიურად ფიქრობს. ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურთ. ამიტომაც, სხვების თანდასწრებისას უფრო მეტად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად იმუშაონ. ეს განცდა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც ერთხელ მაინც უფროსთან ერთად ოფისში სამუშაოდ დარჩენილა.
თუმცა, სხვების გარემოცვაში მუშაობას უფრო მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანზე. ის, არა მარტო ადამიანის ქმედებებზე, არამედ ფიქრის მიმდინარეობაზეც ახდენს გავლენას. დასაქმებული გრძნობს, რომ რასაც აკეთებს მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც მის მუშაობას სხვებიც აკვირდებიან, ადამიანი ცდილობს საკუთარი ქმედებები არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვების პერდპექტივიდანაც დაინახოს. ორმაგი პერსპექტივა კი ადამიანს უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რადგან მას ურჩევნია თავისი დრო, ენერგია და ძალისხმევა მნიშვნელოვან და დიდ საქმეში ჩადოს, ვიდრე უმნიშვნელოსა და პატარაში.
HBR-ის კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს ბადმინტონის მოთამაშეს, უფრო მეტად გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა გუნდს ეხმარება. სხვა კვლევის მიხედვით, ადამიანები უკეთესად ხსნიან მათემატიკურ ამოცანებს მაშინ, როდესაც სხვები აკვირდებიან. ზოგადად, რაც მეტი ადამიანის ყურადღების ცენტრში ექცევა ადამიანის ქმედება, მით უფრო მეტად მნიშვნელოვნად გრძნობს თავს ამ ქმედების შესაძლო შედეგებს.
ეს კვლევები ხსნიან იმ ფაქტს, თუ რატომ არის ასეთი ძნელი სოციალური დისტანციისას სამუშაო მოტივაციის შენარჩუნება და გაზრდა. ადამიანის მიღწევები ნაკლებად მნიშნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ამას სხვები ვერ ხედავენ, რაღაცის მიღწევის სიხარული ნაკლებად ინტენსიურია მაშინ, როდესაც ადამიანი მარტოა.
ერთი შეხედვით, კვლევებიდან ჩანს, რომ ადამიანს მოტივაციისთვის აუცილებლად სჭირდება სხვა ადამიანების ფიზიკური გარემოცვა. თუმცა, კვლევები იმასაც გვეუბნება, რომ ადამიანები იგივეს განიცდიან, თუ მათი სამუშაო პროცესი კამერის ობიექტივში ექცევა. კვლევის შედეგები გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ან გავზარდოთ სხვა ადამიანების გარემოცვით გამოწვეული მოტივაცია თვითიზოლაციაში. სოციალური დისტანციის წესების დარღვევის გარეშე ადამიანებს შეუძლიათ მსგავსი მოტივაცია სხვებსაც შეუქმნან.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს პრაქტიკაში განსახორციელებლად:
· სამუშაო დღის განმავლობაში კამერის ჩართვა შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლებს, დააკვირდნენ ერთმანეთის მუშაობას ისე, როგორც მეზობელი მაგიდიდან აკვირდებოდნენ.
· მოკლე ვიდეო ზარების შემდეგ მეილების მიწერა ადამიანს აძლევს საშუალებას დარწმუნდეს, რომ სხვებსაც შეუძლიათ დაინახონ და გაიგონ მათი საქმის მიმდინარეობის შესახებ
· კოლეგების ონლაინ ჯგუფები საშუალებას იძლევა, რომ თანამშრომლებმა პროექტების შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაშიც გაცვალონ
· პროდუქტიულობის აპლიკაციების გამოყენება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გამოაქვეყნოს მისი ყოველდღიური მიღწევები
· კარგი იქნება, თუ ადამიანები გადაიღებენ თავიანთი სამუშაო პროცესის ფოტოებს და გაუზიარებენ მას კოლეგებს, მენეჯერებს და მეგობრებსაც კი
· ადამიანმა უნდა გააკეთოს იმ უნარების სია, რომლის განვითარებაც სურს და ამ მიმართულებით პროგრესი კოლეგებს გაუზიაროს
· დასაქმებულმა დღის ბლოს უნდა გააკეთოს თავის მიერ შესრულებლი სამუშაოების სია და გაუზიაროს იგი მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს. სია უნდა შეიცავდეს ისეთ ამოცანებსაც, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივია: ფოლდერების დალაგება, ელ.ფოსტის გაგზავნა, კონფერენციაზე გაცნობილი ადამიანების მოკითხვა და ა.შ.
პანდემიის პირობებში თითქმის ყველა ადამიანის ყოველდღიურობა გართულდა, თუმცა ჩვენი სამუშაოს შესრულების მოტივაცია არ უნდა დაეცეს. მადლობა, იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშრებს, რადგან სხვების გარემოცვით გამოწვეული მოტივაციის შენარჩუნება და გაძლიერება თვითიზოლაციაშიც შესაძლებელი გახადეს.