კალიფორნიაში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულებს ექნებათ სამართლებრივი უფლება არ უპასუხონ ზარებს და შეტყობინებებს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კალიფორნიაში ამ კანონს მიიღებენ, ნებისმიერი დამსაქმებელი, რომელიც დაარღვევს მას, მინიმუმ 100 დოლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის იდეა ეფუძნება ავსტრალიაში მიღებულ იდენტურ საკანონმდებლო აქტს, რომელიც დასაქმებულებს აძლევს შესაძლებლობას არ უპასუხონ მენეჯერების ზარებს და შეტყობინებებს მათ პირად, არასამუშაო დროს.
დასაქმებულების ამ უფლებას მხარს უჭერენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, საფრანგეთი, კანადა და პორტუგალია.
კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო საათები და უფლება არ უპასუხოს ზარებს და შეტყობინებებს არასამუშაო დროს, მათ შორის შაბათ-კვირას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა. კანონის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობა განიმარტება, როგორც გარემოება, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის დასაქმებულს, მომხმარებელს, საზოგადოებას, აფერხებს ან წყვეტს ოპერაციებს ან იწვევს ფიზიკურ ზიანს ან გარემოსთვის ზიანის მიყენებას.
დასაქმებული უფლებამოსილია მიმართოს შრომით ინსპექციას და მოითხოვოს დამსაქმებლის დაჯარიმება მინიმუმ 100 დოლარით, თუ დამსაქმებელი აღნიშნულ მოთხოვნებს დაარღვევს სამჯერ. ეს შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ მენეჯერების მიმართ.
კომპანიები, რომლებიც ხშირად დაარღვევენ კანონს, გადაიხდიან კანონით განსაზღვრულ ჯარიმებს, თუმცა კანონის მიზანი არა დამსაქმებლების დაჯარიმება, არამედ ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.
სამუშაო და არასამუშაო საათებს შორის ზღვარი გაუფერულდა პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც არ მომხდარა მკაფიო გამიჯვნა. კვლევაში მონაწილეთა ნახევარზე მეტი (55%) აცხადებს, რომ სამსახურებრივ მეილებს პასუხობენ სამუშაო საათების შემდეგაც (2023 წლის კვლევა Pew Research Center).
ინიცირებულმა კანონპროექტმა კრიტიკა დაიმსახურა დამსაქმებლებისგან და ბიზნესის წარმომადგენლებისგან. მათთვის გაუგებარია როგორი იქნება კანონის აღსრულების ფაქტობრივი მექანიზმები. რა უნდა ქნას კომპანიამ, რომელსაც ჰყავს ათასეულობით დასაქმებული სხვადასხვა დროის სარტყელში. გაუგებარია როგორ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების განრიგების აღრიცხვა და კომუნიკაციისთვის საუკეთესო დროის შერჩევა. თუნდაც ერთსა და იმავე ლოკაციაზე მუშაობდნენ დასაქმებულები, ყველას განსხვავებული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვთ, მათი სინქრონიზირება შეიძლება რთული იყოს.
კანონის პრაქტიკაში გამოყენების სირთულე შეიძლება იყოს აღრიცხვის პროცესის შექმნა. დასაქმებულების საჩივრების განხილვას, ფაქტების შესწავლას და გამოძიებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. კანონპროექტის მომხრეთა აზრით, კანონის მთავარი გამოწვევა მისი აღსრულების ქმედითი მექანიზმებია. 100 დოლარიანი ჯარიმა სამი დარღვევის შემდეგ შეიძლება არ იყოს საკმარისი კომპანიების ქცევის შესაცვლელად. კანონის ინიციატორების აზრით, ამგვარი რეგულირება კარგი დასაწყისია სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსის უზრუნველსაყოფად, მისი ამოქმედებით შემცირდება გამუდმებული სტრესი და შფოთვა, რომ 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყო შენი უფროსისთვის.
წყარო - https://www.cnbc.com/2024/04/11/california-proposed-right-to-disconnect-law-would-fine-companies-for-after-hours-communication.html