მასლოუს “პირამიდა” (საჭიროებების იერარქია) ნებისმიერმა ადამიანმა იცის. ერთ მშვენიერ დღეს, ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაამ მასლოუმ გვითხრა, რომ ფიზიოლოგიური საჭიროებები, უსაფრთხოება და დაცულობა, მიკუთვნებულობა და სიყვარული, აღიარება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება (იგივე თვითრეალიზაცია) ადამიანის ქცევის მთავარი მოტივატორებია.
არ ვიცი, რატომ დაარქვა მასლოუმ თავის გენიალურ აღმოჩენას პირამიდა და არა სამკუთხედი (იმედია იმიტომ არა, რა დანიშნულებითაც ეგვიპტელებმა ააშენეს), მაგრამ ფაქტია, რომ “ზევით სვლა” ყველა ადამიანის მოტივატორია, და თუ გინდა პირამიდის სარკოფაგში არ დარჩე, უნდა ახვიდე პირამიდაზე, განვითარდე.
ადამიანის მოტივაცია მხოლოდ ბიზნეს გარემოში რომ არ არსებობს ეს ყველამ ვიცით. მოტივაცია ნებისმიერი ქმედებისა თუ ქცევის “ძალაა” და როგორც ფსიქოლოგოები ამობებენ, ქცევის კონსტრუქტია.
კარიერას და მოტივაციას რომ დავუბრუნდეთ, სამუშაოების მოძებნა-შეცვლის მიზეზი მასლოუს პირამიდაა. შეიძლება სამსახურის მოძებნა-ცვლილების დროს მაინდამაინც პირამიდა არ გაგვახსენდეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მოტივაცია პირამიდის “კედლებს” არ სცდება. სამსხაურის ცვლილების მიზეზი ბევრია და საკმაოდ ცნობილი: მენეჯერი, არასაკმარისი ანაზღაურება, განვითარების შესაძლებლობების არქონა, არასტაბილური გარემო, უინტერესო საქმე და სხვ. ეს მიზეზები იცვლება იმისდა მიხედვით, თუ განვითარების რა ეტაპზეა ინდივიდის კარიერა, მაგალითად, თუ ადამიანი მუშაობს დაახლოებით 5-6 წელი ორგანიზაციაში, მისი სამუშაოს შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს დაწინაურების სურვილი, ანუ მასლოუს პირამიდის მიხედვით, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.
რომ დავაკვირდეთ, პირამიდის ყველა ეტაპი მართავს ჩვენს კარიერას, პირველი სამსახურის მოტივაციაა (“მუშაობის დაწყება მინდა”) რომელიმე ორგანიზაციის გუნდის წევრობა, სწავლების შესაძლებლობა და ანაზღაურება. გვიხარია, რომ გავიჩინეთ სამსახურის მეგობრები, გვაქვს ჩვენი ფული. თუმცა, გარე ფაქტორები უცბად იწყებენ მოქმედებას და სამსახურის შეცვლის სურვილიც ჩნდება. პირველი სამსახურის ცვლილების მიზეზი ხშირად კვლავ ფიზიოლოგიური საჭიროებებით არის გაპირობებული - გვინდა უკეთესი ანაზღაურება და საინტერესო საქმე. შემდეგი ცვლილების მოტივაცია შეიძლება იყოს უფრო სტაბილური ორგანიზაცია ან პოზიცია, სადაც კიდევ უფრო მეტს ვისწავლით და თუ ჩვენი შედეგებს აღიარება არ მოჰყვება, კვლავ აბრაამის პირამიდას გავყვებით და მოვძებნით ისეთ სამსახურს, სადაც შედეგების აღიარებასაც ველოდებით და ჩვენი შესაძლებობების გამოვლენასაც.
კომპანიიდან კომპანიებში გადასვლა არცთუ ისე მარტივი პროცესია. ბევრს ვფიქრობთ გადაწყვეტილების სისწორეზე, კერძოდ, დაგხვდება თუ არა ახალ სამსახურში ის, რის გამოც ძველი დავტოვეთ, ან ცუდიდან უარესში ან უარესიდან ცუდში ხომ არ მივდივართ და სხვ. რამდენ ადამიანს ვიცნობთ, ვისაც არ მოსწონს სამსახური, მაგრამ არსად მიდიან და მხოლოდ ამბობენ, რომ არ მოსწონთ სამსახური? სავარაუდოდ, “ცუდი” სამსახურიდან წაუსვლელობის მიზეზიც პირამიდაშია. თუმცა, ვის უნდა ცუდი სამსახური? ყველა ის მიზეზი, რის გამოც არ გვიყვარს ჩვენი სამსახური, კლვავ პირამიდაზე განთავსებულ საჭიროებებს არ სცდება.
სამსახურის ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღება უცბად და იმპულსურად არ ხდება - მოლოდინი ყოველთვის არსებობს, რომ “სხვა ეტაპზე” უნდა ავღმოჩნდეთ და მალე მივიღოთ ის რაც გვინდა, გვჭირდება.
სწორედ ასეთი გადაწყვეტილების დროს ეფექტურად მუშაობს პირამიდა. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მსჯელობას თუ ფიქრს, რა მოგვწონს მიმდინარე სამსახურში, რა ინტერესს (იგივე საჭიროებას) დაგვიკმაოფილებს ახალი, საჭიროებების იერარქია გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში - დავრჩეთ თუ წავიდეთ სხვაგან.
როდის არის სამსახურიდან წასვლის “სწორი დრო”, ამაზე სწორი პასუხი მხოლოდ პირამიდამ იცის. უნდა შევადაროთ პირამიდას ის რაც გვაქვს და შეიძლება სწორი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.
მოკლედ, ყველაფერი აბრაამის ბრალია...