Glassdoor-ის ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ახალგაზრდები სამსახურში ხშირად გრძნობენ თავს მარტო. პრე-პანდემიურ რეალობაში ყოველ დღე ოფისში სიარული თავის თავში მოიაზრებდა ბევრ სხვადასხვა თანამშრომელთან კომუნიკაციას, განსაკუთრებით კი საყვარელ თანამშრომელთან ერთად განმარტოვებას ყავის შესვენებაზე და მათთან სამსახურში მომხდარი ყველა დეტალის განხილვას. დღეს რეალობა ცოტათი სხვანაირად გამოიყურება. ჰიბრიდული მუშაობის მოდელმა მოგვცა შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან გვემუშავა და იმგვარ შემოთავაზებებს დავთანხმებოდით, რომელსაც იქამდე ვერც კი განიხილავდით. თუმცა, მეორეს მხრივ კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობები შეამცირა.
Glassdoor-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სამსახურში დასაქმებულები თავს მარტო გრძნობენ და ეს ტრენდი მზარდია. თავს მარტო განსაკუთრებით ის თანამშრომლები გრძნობენ, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას. კვლევის თანახმად, 10-დან 6 დასაქმებული რომელსაც აქვს 5 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება, სამსახურში გამუდმებით ან უმეტეს დროს თავს მარტოსულად გრძნობს, იმავეს გრძნობს იმ დასაქმებულთა 47%, რომელთა სამუშაო გამოცდილება არის 6-10 წელი. 35 წლამდე დასაქმებულების 34%-მა მიუთითა, რომ უფრო მეტად ექნებოდათ კონტაქტი კოლეგებთან, გამოკითხულთა 18%-მა კი მიუთითა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კოლეგებთან საერთოდ არ ჰქონიათ კონტაქტი.
დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, შესაბამისად, სამსახურში მარტოობის შეგრძნებას უფრო ხანგრძლივი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუ თავს კოლეგებისგან განცალკევებულად ვგრძნობთ, უფრო მეტად ვუსმენთ თავს საკუთარ ექოს, უფრო მეტად ვუსმენთ საკუთარ კრიტიკულ ხმას და გვიპყრობს სხვადასხვა ეჭვი - რამდენად კარგად ვასრულებ სამუშაოს, გვაფასებენ თუ არა თანამშრომლები?! ასეთ დროს შეიძლება თავი გუნდის ნაწილად ვეღარ იგრძნოთ. იზოლირებულობის დროს კეთილი განზრახვით ნათქვამი უკუკავშირი შეიძლება კრიტიკად მოგეჩვენოთ და ამან ცუდი გავლენა მოახდინოს მოტივაციაზე, თვითრწმენაზე და სამუშაოს შესრულებაზე.
სამსახურში იზოლაციის შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოტივაციის შემცირება, პროდუქტიულობის კლება, მეტი სტრესი, ეს სიმპტომები კი საბოლოოდ გადაწვას იწვევს.
კვლევაში მონაწილეთა ნახევარმა აღნიშნა, რომ აქტიური სოციალური ცხოვრება დიდ გავლენას ახდენდა სამსახურით მათ კმაყოფილებაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ოფისის მეგობრობა კი განაპირობებდა კრეატიულობას და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნებას (იგულისხმება შეგრძნება, რომ თქვენი აზრის ხმამაღლა გამოთქმისთვის, კითხვის დასმისთვის ან კრიტიკული აზრის გაჟღერებისთვის საპასუხოდ არავინ გაგაკრიტიკებთ ან დაგამცირებთ). Gallup-ის კვლევითაც დადგინდა, რომ თუ საქმეს სამსახურის მეგობრები ერთად აკეთებენ, დიდი ალბათობით ეს საქმე უფრო ნაკლებ დროში, უფრო ინოვაციურად შესრულდება.
სოციალიზაცია ყველას საუკეთესო ინტერესებში შედის, თუმცა როგორ შეიძლება დაიწყოთ თანამშრომლებთან დამეგობრება თუ კვირის ორ მესამედს კომპიუტერის ეკრანთან ატარებთ და თავდაჯერებულობაც გაკლიათ?
დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით, გამოხატეთ ინტერესი თანამშრომელთა ჰობის, ოჯახის წევრების მეგობრების მიმართ. სამსახურის შეხვედრების დასრულების შემდეგ გაესაუბრეთ მათ ცალკე და თქვენი კოლეგები მოიკითხეთ რეგულარულად. ოფისში მისვლის დროს, დაგეგმეთ თქვენი სამუშაო დღე. გაანაწილეთ დრო შეხვედრებისთვის და დაიტოვეთ თავისუფალი დრო ურთიერთობებისთვის. სახლიდან მუშაობის ალტერნატივად იპოვეთ საერთო სამუშაო სივრცეები სადაც შეგიძლიათ თქვენი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც გაიცნოთ.
შეძლება რთულად გეჩვენებოდეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი შეგრძნებების გაზიარება თანამშრომელთან ან მენეჯერთან, რომელსაც ენდობით. ასეთ დროს თავს ნაკლებად იგრძნობთ მარტოდ, მხარდაჭერის შიდა კავშირების შექმნა კი დაგეხმარებათ დაამარცხოთ იზოლაციის და მარტოობის შეგრძნებები.
წყარო - Why we need to open up about workplace loneliness (stylist.co.uk)