სწავლისთვის და თვითგანვითარებისთვის დროის გამონახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გსურთ კარიერულ კიბეზე მაღლა ასვლა. თუმცა, მიუხედავად მნიშვნელობისა, ბევრ ადამიანს უჭირს სწავლისთვის თავისუფალი დროის მოძებნა. ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს იკავებს მჭიდრო დედლაინები, ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაო, სასწრაფო შეხვედრები და მოულოდნელი დავალებები. ამ ყველაფრის პარალელურად, სწავლისთვის დრო საერთოდ არ რჩება. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავის განვითარებას არ უნდა სჭირდებოდეს ბევრი დრო და ბევრი რამის გაკეთება სამუშაოს პარალელურად შეიძლება.
Harvard Business Review გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს რა შეგიძლიათ გააკეთოთ თვითგანვითარებისთვის და ლიდერული უნარების გამოსამუშავებლად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით:
- განსაზღვრეთ პრიორიტეტები;
დრო ისედაც ცოტაა, ამიტომ არ სცადოთ ბევრი საქმის ერთად გაკეთება. გაანალიზეთ არსებული ცოდნა, სამსახურში მიღებული უკუკავშირი, თქვენი სამომავლო გეგმები და გამოყავით ორი უნარი ან მიმართულება, სადაც გსურთ განვითარება და ცოდნის გაღრმავება.
აუცილებლად დაუწესეთ საკუთარ თავს ვადა. გახსოვდეთ, რომ სწავლა განგრძობადი პროცესია. ხშირად ადამიანები მოტივირებულები იწყებენ სწავლას, უყურებენ რამდენიმე საათიან ვიდეო ლექციებს ერთი დღის მანძილზე, მიღებული ჭარბი ინფორმაციით გადაიწვებიან და უქრებათ სწავლის მოტივაცია. ყოველდღიურად ცოტ-ცოტა რამის კეთება უფრო დიდი შედეგების მომტანი იქნება მომავალში.
საბედნიეროდ, ბევრი ონლაინ კურსი სწორედ ამ პრინციპით არის აგებული და შეგდება 3-5 წუთიანი ვიდეოებისგან. იპოვეთ კურსი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს. ყოველ დღე უყურეთ ერთ ან ორ პატარა ვიდეოს. ყურების პარალელურად მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო ნაწილები და მოიფიქრეთ როგორ შეგიძლიათ მიღებული ცოდნა ან ახალი იდეები თქვენს არსებულ სამსახურში გადმოიტანოთ.
- თვითგანვითარებაზე მუშაობა;
თვითგანვითარებაზე ყოველდღიურად შეგიძლიათ მუშაობის პარალელურად იფიქროთ. დააკვირდით სხვა ლიდერებს. იპოვეთ თქვენს კომპანიაში ლიდერი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენთვის სასურველ სფეროს. დააკვირდით რას და როგორ აკეთებენ ისინი. შესაძლებლობის შემთხვევაში, დაუსვით შეკითხვები, ჩამოწერეთ თქვენი დაკვირვების შედეგები და დაგეგმეთ, რამდენად შეგიძლიათ იმავეს გამეორება.
- ჩაატარეთ ექსპერიმენტები;
იფიქრეთ მეცნიერივით და ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტები. ონლაინ კურსზე ან ლიდერებზე დაკვირვებით მიღებული ცოდნა გამოიყენეთ პრაქტიკაში და შეცვალეთ არსებული მიდგომები. მაგალითად, თუ უნდა ჩაატაროთ მძიმე შეხვედრა თქვენს დაქვემდებარებულთან, სცადეთ მიდგომა, რომელსაც ჩვეულებრივ არ აირჩევდით. შეხვედრამდე კონკრეტულად განსაზღვრეთ რას გააკეთებთ. თუნდაც ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდეს, ყოველთვის შეგიძლიათ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ, მიმართოთ ნაცნობ ხერხებს და შემდეგ სცადოთ ახალი ექსპერიმენტი.
ექსპერიმენტების ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი უნარების განსავითარებლად. გამონახეთ დრო და ჩამოწერეთ შედეგები, გაიაზრეთ რა ტიპის ექსპერიმენტი ჩაატარეთ, როგორ იმუშავა, რისი ცვლილება შეიძლება და სხვა.
ლიდერული უნარების განვითარება უნდა გახდეს თქვენი მიმდინარე პროფესიული ცხოვრების ნაწილი. მეტიც, ლიდერები სწავლობენ ყველგან და ყოველთვის. მშობლობა, სპორტსმენობა ან მოხალისეობა - ყველა ეს როლი შეიცავს ლიდერისთვის საჭირო ელემენტებს. იფიქრეთ რისი სწავლა შეგიძლიათ ყველა როლისგან, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და გაიაზრეთ როგორ მოქმედებს თქვენს განვითარებაზე ჩატარებული ექსპერიმენტები.
https://hbr.org/2022/12/how-busy-people-can-develop-leadership-skills