ექსპერტთა მოსაზრებით, დასაქმებული არ უნდა დათანხმდეს საპასუხო შეთავაზებას, რომელსაც მიმდინარე დამსაქმებელი სთავაზობს მას ახალ კომპანიაში გადასვლის სანაცვლოდ. მიზეზად ხშირად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ კომპანიიდან წასვლის მიზეზი ამ შემოთავაზების მიღებამდეც გქონდათ, რადგან განიხილეთ სამსახურის ცვლილება. კვლევებით ისიც დასტურდება, რომ იმ დასაქმებულების ნახევარი, რომლებიც თანხმდებიან საპასუხო შეთავაზებაზე, ამ თანხმობიდან 2 წლის განმავლობაში მიდიან კომპანიიდან.
მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე დამსაქმებლის შემოთავაზება ძალიან კარგი და სასურველია?
FastCompany-ის სტატიის თანახმად, ასეთ შემთხვევაში შემოთავაზებაზე დასათანხმებლად რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რის გამო აპირებდით კომპანიიდან წასვლას - თქვენთვის მიუღებელი იყო ანაზღაურება? კულტურა? გინდოდათ რაიმე ახალი გესწავლათ? ხომ არ არის რაღაც საკითხები რაც გინდოდათ განგეხილათ მიმდინარე დამსაქმებელთან, თუმცა ეს არასდროს გაგიკეთებიათ?
თუ თქვენი წასვლის მოტივატორი დაბალი ანაზღაურება იყო და კომპანია გთავაზობთ მის გაზრდას, ცხადია მას უნდა დათანხმდეთ. თუმცა, თუ კომპანიიდან წასვლის მიზეზი რაიმე სხვა პრობლემა იყო, მაგალითად, შეუთავსებელი კულტურა, ტოქსიკური მენეჯერი, ნაკლებად სავარაუდოა, კომპანიის მიერ შემოთავაზებული წინადადება ამ პრობლემებსაც აგვარებდეს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ტრენდები, მაგალითად, რამდენად ხშირია თქვენს პროფესიაში პერიოდული შემცირებები? ახალი სამსახური სტარტაპია თუ უკვე ბაზარზე დამკვიდრებული კომპანია?
ახალ შეთავაზებაზე დათანხმება შეიძლება რისკის შემცველიც იყოს. თქვენმა არსებულმა დამსაქმებელმა უკვე შეიტყო თქვენი სურვილის შესახებ, რომ შეიძლება კარგი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, წახვიდეთ კომპანიიდან. როგორ შემაშინებლადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება თქვენი დამსაქმებელი საპასუხო წინადადების შემოთავაზებით საკუთარ თავს აძლევს მეტ დროს, რომ თქვენი შემცვლელი იპოვოს.
საპასუხო შემოთავაზების მიღება, ახალი შეთავაზების მიღებას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ერთი კომპანიის შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცით.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი კომპანიის შემოთავაზებას დაეთანხმებით, მნიშვნელოვანია ორივე მათგანთან გულწრფელობა შეინარჩუნოთ. თქვენი გადაწყვეტილების მიღების შესახებ შეატყობინეთ ორივე კომპანიას. დაუკავშირდით ინტერვიუერს, მადლობა გადაუხადეთ გამოყოფილი დროისთვის და შემოთავაზებისთვის, განუმარტეთ რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ.
წყარო - https://fastcompanyme.com/work-life/should-you-ever-accept-a-counteroffer-it-depends-on-these-factors/