სამსახურის ძიების პროცესი, როგორც წესი, ამგვარად მიმდინარეობს - კანდიდატი აგზავნის რეზიუმეს, რეზიუმეს გადარჩევის ეტაპის შემდეგ, კანდიდატს უკავშირდება რეკრუტერი და ნიშნავს გასაუბრებას. გასაუბრების შედეგად რეკრუტერი შეარჩევს იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე კარგად გაართმევს თავს ამ ფინალურ ეტაპს.
Forbes გვიზიარებს 7 რთულ შეკითხვას, რომელიც შეიძლება გასაუბრებაზე დაუსვან კანდიდატს და რჩევებს, თუ როგორ უნდა გავართვათ თავი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას:
1. როგორია თქვენი სახელფასო მოლოდინები?
ამ კითხვაზე პასუხი არც ძალიან დაბალი არ უნდა იყოს (უნდა შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებს) და არც ძალიან მაღალი, იმდენად, რომ ცდებოდეს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ბიუჯეტს. საუკეთესო გამოსავალია თავად კითხოთ რა არის მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი კონკრეტული პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეკრუტერი კონკრეტულ რიცხვებს ელოდება თქვენგან, განსაზღვრეთ ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ფარგლები.
ანაზღაურებაზე საუბრისას დასვით კითხვები ანაზღაურების სრული პაკეტის შესახებ, რა დამატებით ფინანსურ ბენეფიტებს გთავაზობთ დამსაქმებელი (ბონუსი, აქციები და ა.შ.).
2. რა არის თქვენი სუსტი მხარე?
ბევრი კანდიდატი თანხმდება, რომ ეს ყველაზე რთული კითხვაა. მასზე ისე უნდა უპასუხოთ, რომ მითითებულმა სისუსტემ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს დამსაქმებლის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი მიდგომა - მიუთითეთ შემთხვევაზე, როდესაც რაიმე კარგად ვერ გააკეთეთ იმიტომ რომ ამას პირველად აკეთებდით. მაგალითად, არასდროს გამოგიყენებიათ კანვა ან გრაფიკული დიზაინის სხვა პლატფორმა. მიუთითეთ, რომ თქვენი სისუსტე იყო ის, რომ არ გქონდათ ამ კონკრეტული პლატფორმის მოხმარებისთვის საჭირო ცოდნა, თუმცა შემდეგ უყურეთ სხვადასხვა ვიდეოებს, გაიარეთ შესაბამისი კურსები და ისწავლეთ მისი გამოყენება.
3. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც სამსახურში დაგიშვიათ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, კანდიდატები როგორც წესი საკუთარ შეცდომებზე ყვებიან. განსხვავებული და დამამახსოვრებელი პასუხის გასაცემად, უნდა ახსნათ თუ რა გამოცდილება შეიძინეთ დაშვებული შეცდომისგან და როგორ აქციეთ ის ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობად. დამსაქმებელს სჭირდება შეცდომის მოკლე აღწერა და შემდეგ თქვენი შეფასება, თუ რა უნდა გაკეთდეს მსგავსი შეცდომის თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, გაიღრმავეთ ცოდნა, დახმარება უფრო ადრე უნდა ითხოვოთ და სხვა.
4. მოგვიყევით თქვენს შესახებ;
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას დაივიწყეთ მშრალი ფაქტები თქვენს შესახებ. პასუხი მარკეტინგულად სწორად უნდა დაგეგმოთ და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი მთავარი უპირატესობების შესახებ, მაგალითად სამუშაო გამოცდილება, განსაკუთრებული უნარები, მიღწევები და განათლება. ყურადღება გაამახვილეთ ძლიერ მხარეზე და როგორ შეგიძლიათ ამ უნარების გამოყენება დამსაქმებლის საჭიროებებისთვის.
5. მოგვიყევით ყველაზე დიდი მიღწევის შესახებ;
პასუხი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე. შეარჩიეთ იმგვარი მაგალითი, რომელიც რელევანტურია თქვენთვის სასურველი ახალი პოზიციისთვის. ამ მაგალითით ხაზი უნდა გაუსვათ საკუთარ უნარებს, ცოდნას და გამოცდილებას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას არ უნდა მიუთითოთ პირადი მიღწევები, ყურადღება გაამახვილეთ პროფესიულ სფეროში მიღწეულ წარმატებებზე.
6. აღწერეთ თანამშრომელი, რომელთანაც რთული იყო მუშაობა;
არ სცადოთ საკუთარი პოზიციების გამართლება ან თანამშრომლის დადანაშულება. გაიხსენეთ მაგალითი, როდესაც თქვენ მოახერხეთ პრობლემის მოგვარება. მაგალითად, თანამშრომელმა არ იცოდა როგორ უნდა შეესრულებინა კონკრეტული დავალება. თქვენ შესთავაზეთ მას დახმარება, სცადეთ მასთან დამეგობრება, ამგვარად მოახერხეთ მისი გახსნა და საბოლოოდ სამუშაო პროცესების გამარტივება.
7. რა გსმენიათ ვაკანტური პოზიციის და კომპანიის შესახებ?
გასაუბრებამდე ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს, მათ პროფილებს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, სიახლეებს. მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის პროდუქტების, დასაქმებულების შესახებ. სამუშაო აღწერილობას გაეცანით დეტალურად, ყურადღება მიაქციეთ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს. რეკრუტერთან გასაუბრებაზე საუბრისას დასვით კითხვები, რომლითაც გაარკვევთ დამსაქმებლის აზრით რა არის მათთვის მთავარი ამ კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატის დასასაქმებლად.
წყარო - Answers To 7 Hard Job Interview Questions (forbes.com)