ახალ სამსახურში ან ახალ პოზიციაზე გადასვლას თან სდევს შფოთვის და ნერვიულობის შეგრძნებები. Forbes-ის მიერ მითითებულ კვლევაში, გამოკითხულთა 87%-მა მიუთითა, რომ ახალ სამსახურში გადასვლისას ნერვიულობენ, 53%-მა კი აღნიშნა, რომ ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყებისას უფრო მეტად აქვთ შფოთვა, ვიდრე მიმდინარე სამსახურის შედეგების შეფასებისას.
ახალი სამსახურის დაწყებამ, განსაკუთრებით კი დაწინაურებამ შეიძლება სხვადასხვა ემოციები გამოიწვიოს. Forbes გვიზიარებს სტრატეგიებს, თუ როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ახალი სამსახურის დაწყებამდე შფოთვებს:
1. გამოიკვლიეთ შფოთვის გამომწვევი მიზეზები - გრძნობებთან გამკლავება მისი მიზეზების დადგენით უნდა დაიწყოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს რა იწვევს შფოთვას - გაურკვეველი მომავალი, ახალი მენეჯერი თუ ახალი პასუხისმგებლობები? მიზეზების გარკვევის შემდეგ დაფიქრდით, როგორ შეიძლება მათთან გამკლავება. მაგალითად, თუ სამუშაოდ სხვა ქვეყენაში გიწევთ გადასვლა, შეისწავლეთ ამ ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.
2. განიხილეთ განსხვავებული სცენარები - შფოთვასთან გამკლავების ყველაზე გავრცელებული ხრიკი, რომელსაც ადამიანები მიმართვენ არის ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენა. მაგალითად, თუ დავალებას დათქმულ დროში არ შევასრულებ - სამსახურიდან გამიშვებენ.
ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენის ნაცვლად, ჩამოწერეთ განსხვავებული სცენარები. მაგალითად - ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი, ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარები და როგორც მოიქცეოდით თითოეულ სიტუაციაში. ეს მიდგომა დაგეხმარებათ შფოთვის დაძლევაში და ამავდროულად უფრო გლობალურად შეხედავთ თქვენს წინაშე არსებულ კარიერულ გამოწვევებს.
3. დასახმარებლად მიმართეთ პროფესიონალებს - გარშემო შემოიკრიბეთ მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს თქვენს სტატუსს სამსახურში. თუ შფოთვა ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, მიმართეთ თერაპევტს ან შესაბამის პროფესიონალს დახმარებისთვის.
4. საკუთარ თავს შეახსენეთ წარსული მიღწევები - შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ კარიერას არ იწყებთ თავიდან. თქვენ ახალი როლისთვის შეგარჩიეს თქვენი გამოცდილების, უნარების და მიღწევების გამო. ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი წარსული მიღწევები და შეახსენეთ საკუთარ თავს თქვენი განსაკუთრებულობა.
5. საკუთარი თავი განაწყვეთ სწავლისთვის - იფიქრეთ იმაზე, რომ სწავლა განგრძობითი პროცეsია, მუდმივად უნდა ეძებდეთ ახალ გამოწვევებს და არ შეუშინდეთ დაწესებულ საზღვრებს.
6. შეცდომების დაშვება წარმატების მიღწევის განუყოფელი ნაწილია - მარცხით მიღებული გაკვეთილებისგან უფრო მეტი რამის სწავლა შეიძლება, ვიდრე წარმატებით დასრულებული პროექტებისგან. მარცხის მიმართ შეცვალეთ მიდგომა და აღიქვით ისინი ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობად. გამოიყენეთ ანალიტიკური უნარები და გააანალიზეთ რამ გამოიწვია მარცხი, რისი გაუმჯობესებაა საჭირო და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები.
7. იპოვეთ მენტორი კომპანიის შიგნით - მენტორებს შეუძლიათ მოგცენ პრაქტიკული რჩევები და გაგიზიარონ დაგროვებული უნიკალური გამოცდილება. მენტორის საპოვნელად, ჩამოწერეთ თანამშრომლები, ვისაც პატივს სცემთ, დაფიქრდით რა არის თქვენი საჭიროებები და რისი მიღწევა გსურთ. შემდეგ შეუსაბამეთ თქვენი საჭიროებები კონკრეტულ ადამიანებს, რამდენად შეუძლიათ მიზნების მიღწევაში დახმარება. დანიშნეთ მათთან შეხვედრა, სადაც აუხსნით თქვენი დაინტერესების მიზნებს და გაუზიარებთ თანამშრომლობის მოლოდინებს.
8. პოზიციასთან დაკავშირებული მოლოდინების სიცხადე - Gallup-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოს გარშემო დასაქმებულთა 50%-მა არ იცის რას გულისხმობს მათი პოზიცია სამსახურში. ეს მონაცემები შემაშფოთებელია და ნიშნავს, რომ ხშირად, დასაქმებულები დასტრესილები არიან იმის გამო, რომ არ იციან რას ელის კომპანია მათგან. გაესაუბრეთ თქვენს მენეჯერს და ცხადად განსაზღვრეთ თქვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები კომპანიაში.
9. ითხოვეთ დახმარება, როცა საჭიროა - ლიდერები ყველა საქმეს დამოუკიდებლად არ ასრულებენ. მათ შეუძლიათ დელეგირება და დახმარების თხოვნა. განსაზღვრეთ კონკრეტულად რა ტიპის დახმარება გჭირდებათ ახალ პოზიციაზე, დანიშნეთ შეხვედრა თქვენს მმართველ მენეჯერთან და მასთან ერთად განიხილეთ შემდგომი ნაბიჯები.
10. თავიდან აირიდეთ ახალი სამსახურით გამოწვეული გადაწვა - Slack's Future Forum Pulse report-ის თანახმად, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში 10 000-მდე დასაქმებული გამოიკითხა, დასაქმებულთა 40% განიცდის სამსახურთან დაკავშირებულ სტრესს და შფოთვებს. გადაწვის თავიდან ასარიდებლად ახალ სამსახურის ან პოზიციის დაწყებისთანავე განსაზღვრეთ პიროვნული ბარიერები. დაიტოვეთ დრო პირადი სიამოვნებისთვის, ჰობებისთვის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გასატარებლად. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ძილს, ჯანსაღი ცხოვრების რიტმს. წინასწარ დაგეგმეთ თქვენი შვებულება და დასვენების დრო.
წყარო - 10 Strategies To Overcome New Job Anxiety (forbes.com)