გავრცელებული შეხედულების თანახმად, ზოგიერთი ადამიანი იბადება დასწავლის უნარით, ზოგიერთი კი - არა. თუმცა, მრავალი კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ დასწავლის უნარი შეძენილი უნარია, რომელიც შეიძლება გაუმჯობესდეს სტრატეგიული და წინასწარ დაგეგმილი ქმედებებით.
მარსელ ვინმანის კვლევით, ადამიანებს, რომლებიც აკვირდებიან საკუთარი ფიქრის პროცესს, ახალი უნარის დასწავლისას მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებზე უკეთესი შედეგები აქვთ.
Harvard Business Review გვიზიარებს კვლევებზე დაფუძნებულ სამ პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ დასწავლის უნარი:
1. დაისახეთ მიზნები;
დასწავლას და პროექტების მართვას ბევრი რამ აქვთ საერთო. ახალი ცოდნის შეძენისთვის, მნიშვნელოვანია დაისახოთ სწორი მიზნები და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო გზები.
სწავლის მიმართ ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სწავლასთან დაკავშირებულ უარყოფით შეგრძნებებს, მაგალითად - ვარ თუ არა საკმარისი? რა მოხდება თუ წარმატებას ვერ მივაღწევ? რა მოხდება თუ ვცდები? იქნებ რაიმე სხვას უნდა ვაკეთებდე? ამგვარი ნეგატიური ემოციები ხშირად ხელს გვიშლიან ახალი ცოდნის მიღებაში.
ადამიანები უფრო მეტად რჩებიან გეგმის ერთგულები, თუ გეგმა წინასწარ და ცხადად არის შედგენილი. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებთაც წინასწარ აქვთ დასახული მიზნები, უფრო მეტად აღწევენ წარმატებას, ვიდრე ადამიანები, რომლებთაც ბუნდოვანი მისწრაფებები აქვთ. მიზნების დასახვით თქვენ მართავთ საკუთარ გრძნობებს და ამარტივებთ სწავლის პროცესს.
2. იფიქრეთ ფიქრის შესახებ;
მეტაკოგნიცია დასწავლის უნარის აუცილებელი ნაწილია. ფსიქოლოგები მეტაკოგნიციას განმარტავენ როგორც „ფიქრი ფიქრის შესახებ“. მეტაკოგნიციის საშუალებით შეგიძლიათ გაანალიზოთ თუ როგორ იცის ადამიანმა, ის, რაც იცის. საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი შეკითხვები - მესმის თუ არა შინაარსი? შემიძლია თუ არა ეს საკითხი მეგობარს ავუხსნა? მჭირდება თუ არა ამ საკითხზე უფრო მეტი თეორიული ცოდნა თუ პრაქტიკა?
ეს პროცესი თავისთავად წარიმართება ზოგიერთი პროფესიონალისთვის. როდესაც ისინი რაიმე პრობლემაზე ფიქრობენ, ხშირად დიდ დროს უთმობენ იმის გაანალიზებას, თუ როგორ არის პრობლემა ჩამოყალიბებული.
სწავლის პროცესში, ადამიანების მთავარი პრობლემაა, რომ ისინი საკმარისად არ მიმართავენ მეტაკოგნიციას. იფიქრეთ ფიქრის შესახებ, დააკვირდით საკუთარი ფიქრის პროცესს და გაიაზრეთ ნამდვილად გაიგეთ თუ არა საკითხის შინაარსი.
3. გაანალიზეთ თქვენი სწავლის პროცესი;
ხანდახან სწავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანცირდეთ სწავლის პროცესისგან. მაგალითად, პრობლემის გადაჭრის გზა შეიძლება მაშინ იპოვოთ, როდესაც ამ პრობლემაზე საერთოდ არ ფიქრობთ. საუკეთესო არგუმენტები შეიძლება მოგაფიქრდეთ არა კონკრეტულ საკითხზე მეგობართან ან კოლეგასთან კამათის დროს, არამედ მოგვიანებით, ჭურჭლის რეცხვისას.
სწავლის პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე ნასწავლი საკითხების გააზრება. ამისთვის მენტალური, შემეცნებითი სიმშვიდეა საჭირო. მაგალითად, გაიაზროთ ნასწავლი როდესაც წერთ ესეს ან საკუთარ თავს ესაუბრებით. მენტალური სიმშვიდის საუკეთესო მაგალითი ძილია. ძილი გვეხმარება შეძენილი ცოდნის „დალაგებაში“. ერთ-ერთი უახლესი კვლევის თანახმად, საღამოს ძილს შეუძლია შეამციროს მეცადინეობის დრო 50%-ით.
კოგნიტური სიმშვიდის იდეით ასევე აიხსნება, თუ რატომ არის რთული ახალი უნარების და ცოდნის მიღება მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის სტრესს, გაბრაზებულია ან თავს მარტოსულად გრძნობს. გააზრების უნარი ქვეითდება, როდესაც ამგვარი ემოციები მართავენ გონებას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში შეიძლება რაიმე მარტივის დამახსოვრება, მაგალითად, ტელეფონის ნომრის. თუმცა, საკითხის გასააზრებლად და მის დასასწავლად საჭიროა მენტალური სიმსუბუქის მდგომარეობა.
დამსაქმებელებისთვის და დასაქმებულებისთვის კვლევებს კარგი შედეგები აქვთ - სწავლა დასწავლადი უნარია. სწრაფად სწავლის უნარი არ ნიშნავს იმას, რომ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხართ. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ისწავლეთ როგორ უნდა ისწავლოთ. სწავლის მიზნების ჩამოყალიბებით, თქვენს ფიქრის პროცესზე დაკვირვებით და მიღებული ცოდნის გააზრებით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ დასწავლის უნარი.
წყარო - Learning Is a Learned Behavior. Here’s How to Get Better at It. (hbr.org)