კომპანიაში დამკვიდრებული ყველა ღირებულება თანაბრად სასარგებლო არ არის. ზოგი მათგანი ძალიან ბუნდოვანია, ზოგი განსხვავდება დასაქმებულების ყოველდღიური რეალობისგან.
Forbes სტატიაში გვიზიარებს რამდენიმე ღირებულებას, რომელიც დამსაქმებლებს დაეხმარებათ შექმნან პროდუქტიული და უსაფრთხო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის.
- ინტელექტუალური თავმდაბლობა;
ინტელექტუალური თავმდაბლობა გულისხმობს იმის გააზრებას, რომ არავის არ აქვს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე. არავინ არის ყოველთვის 100%-ით მართალი, რადგან არავის შეუძლია სრული სურათის დანახვა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად თავდაჯერებული ხართ თქვენს რწმენასა და შეხედულებებში, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ თავმდაბლობა და აღიაროთ, რომ შეიძლება ნაწილობრივ ცდებოდეთ ან არ იცოდეთ რაიმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი შეხედულებები არ უნდა ჩამოაყალიბოთ და არგუმენტირებულად არ დაიცვათ. ინტელექტუალური თავმდაბლობა გულისხმობს, რომ თქვენ აზრებს აყალიბებთ, როგორც ჰიპოთეზას, იწვევთ სხვებს მათ გასატესტად და გადასამოწმებლად, თქვენ მზად ხართ მოისმინოთ საპირისპირო აზრი.
- ემპათია;
გავრცელებული შეხედულებით ემპათია დასწავლადი პრაქტიკული უნარია. თუმცა, რეალურად, ემპათია უფრო ღრმა ემოციაა, ვიდრე უბრალოდ სხვა ადამიანების მოსმენა. ემპათია იმის გააზრებაა, რომ სხვა ადამიანების ემოციური გამოცდილებები მნიშვნელოვანია და არ არის აუცილებელი, სხვების ემოციები თქვენსას ემთხვეოდეს. ემპათია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების მთავარი საყრდენია. ასეთი ურთიერთობების გარეშე კი რთულია კომპანიამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
- ფსიქოლოგიური უსაფრთხოება;
ამ ტერმინს ხშირად გაიგებთ. ადამიანები თანმხდებიან, რომ მისი არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა სრულად ვერ იაზრებენ რას გულისხმობს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ან როგორ შეიძლება მისი შექმნა. სამსახურში აუცილებელია ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტული გარემო საკუთარი აზრის გამოსახატავად, თანამშრომლებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ უკუკავშირის გაცემა, საკუთარი თავის გამოვლენა, საუბრის წამოწყება გუნდის წევრებთან ნებისმიერ საკითხზე.
- სიმამაცე;
სიმამაცე სამსახურში გულისხმობს გულახდილი, პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას. შეიძლება თავიდან შეგეშინდეთ თქვენი აზრის გამოხატვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ ისეთს ვერაფერს იტყვით, რაც სხვებმა უკვე არ იციან.
კომპანიები ბუნებრივად იძენენ მასზე მორგებულ ღირებულებებს. ღორებულებები განაპირობებენ ჯანსაღი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც დასაქმებულები პროდუქტიულები არიან. სუსტი ღირებულებების ქონის შემთხვევაში, სუსტდება კომპანია და უარესდება მისი შედეგებიც.
ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები ის ძირითადი ღირებულებებია, რაც აუცილებელია კომპანიისთვის. მაგალითად, გუნდურ მუშაობას სჭირდება ემპათიის და ინტელექტუალური თავმდაბლობის კომბინაცია. ემპათია ადამიანებს სხვებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს, თავმდაბლობა კი ეხმარება მოუსმინონ სხვებს და გააზიარონ საკუთარი იდეები. ინოვაციურობისთვის საჭიროა სიმამაცე და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ამ ორი ღირებულების პრაქტიკაში არსებობის გარეშე არავინ გააზიარებს თავის ახალ და რადიკალურ იდეას, რაც შეიძლება არსებითად მნიშნელოვანი იყოს კომპანიისთვის.
წყარო - https://www.fastcompany.com/91149756/4-values-that-make-you-more-productive-at-work