შეიძლება დიდი ხანია გსურთ პროფესიული ტრენინგ კურსის გავლა, გსურთ გამონახოთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის, მაგალითად, დაიწყოთ ვარჯიში სავარჯიშო დარბაზში. მიზნების დასახვა მარტივია, გაცილებით რთულია მათი რეალურად მიღწევა.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ასოციაციის კვლევის თანახმად, უფრო მეტად სავარაუდოა პროფესიული მიზნებს მიაღწიოთ, თუ მათ განსახორციელებლად მუშაობას დაიწყებთ ორშაბათს, ვიდრე მაგალითად, ხუთშაბათს.
ადამიანები ნეგატიურ საქციელს და თვისებებს საკუთარი თავის წარსულ ვერსიას მიაწერენ ხოლმე და ცდილობენ პოზიტიური წარმოდგენები დაუკავშირონ არსებულ სახეს. კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები უფრო მეტად არიან მოტივირებულები კონკრეტულ თარიღებში. გარკვეული თარიღები ასოცირდებიან სიახლესთან და ცვლილებების დაწყებასთან, მაგალითად ახალი კვირის დასაწყისი, დაბადების დღე, საყოველთაო დღესასწაულები. ეს თარიღები უადვილებს ადამიანებს მენტალურად განცალკევდნენ მათი წარსული წარუმატებლობებისგან.
ადამიანები თავს უფრო მეტად ძლევამოსილად და მოტივირებულად გრძნობენ, უფრო მეტად არიან მზად სიახლეებისთვის, როდესაც შეცდომებს და წარუმატებლობებს წარსულში ტოვებენ - ამ ფენომენს მკვლევარებმა ახალი დასაწყისის ეფექტი უწოდეს.
ერთ-ერთ კვლევაში, 165-მა მონაწილემ შეავსო ონლაინ კითხვარი. კითხვარის დასაწყისში მათ მიუთითეს პირადი მიზანი, რის მიღწევასაც გეგმავდნენ უახლოეს მომავალში. მათ შეეძლოთ აერჩიათ შესაძლებლობა მიეღოთ ამ მიზნის შესახებ შემახსენებელი შეტყობინება მომავალში. მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ სასურველი თარიღი აღნიშნული შეტყობინების მისაღებად 18 მარტიდან (სამშაბათი) 24 მარტამდე (ორშაბათი) პერიოდში.
შემთხვევითობის პრინციპით მონაწილეები გადანაწილდნენ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფისთვის 20 მარტი განმარტებული იყო, როგორც გაზაფხულის პირველი დღე, ხოლო მეორე ჯგუფისთვის 20 მარტი განმარტებული იყო, როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე - 20 მარტი (ხუთშაბათი, მარტის მესამე ხუთშაბათი).
20 მარტისთვის კონკრეტული მნიშვნელობის მინიჭებას დიდი გავლენა მოჰყვა. პირველი ჯგუფის მონაწილეებმა 3.5-ჯერ მეტჯერ მიუთითეს 20 მარტი შეტყობინების მიღების სასურველ თარიღად.
განსხვავებულმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ უმეტეს ადამიანს მიაჩნია, რომ გაზაფხულის პირველი დღე უკეთესი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ვიდრე მარტის მესამე ხუთშაბათი.
მკვლევარებმა გაანალიზეს Google-ის საძიებო სისტემაში სიტყვა „დიეტის“ ძებნის სიხშირე და პერიოდულობა. ადამიანები ამ საძიებო სიტყვას უფრო ხშირად უთითებდნენ ახალი წლის პერიოდში, ასევე, კვირის, ახალი თვის დასაწყისისთვის და საყოველთაო დღესასწაულის შემდეგ დღეს.
უნივერსიტეტის ფიტნეს კლუბში სტუდენტების აქტიურობის თანახმად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სავარჯიშო დარბაზში ვიზიტები შესამჩნევად იზრდება მნიშვნელოვანი თარიღების პერიოდში. სტუდენტები უფრო მეტად ვარჯიშობენ ახალი კვირის, ახალი სემესტრის დასაწყისში ან დაბადების დღის შემდეგ.
კომპანიები, რომლებთაც სურთ გაზარდონ მათი დასაქმებულების მოტივაცია ხანგრძლივ პროექტებზე მუშაობისას, უნდა დაფიქრდნენ და შეარჩიონ სწორი დრო. ახალი პროექტების დასვენების დღეების შემდგომ პერიოდში ან თვის დასაწყისში დაწყებამ შეიძლება გააუმჯობესოს დასაქმებულების პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ახალი დასაწყისების მრავალი შესაძლებლობა წლის განმავლობაში, ადამიანებს აძლევს განმეორებით შანსს სცადონ შეცვალონ საკუთარი თავი მრავალჯერ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი მცდელობები შეიძლება მარცხით დასრულდეს, იპოვეთ ახალი დასაწყისის თარიღი და განმეორებით სცადეთ წარმატების მიღწევა.
წყარო: Why Monday is the Best Day for Setting New Goals – Association for Psychological Science – APS