თუ გიჭირთ დავალებების დელეგირების გადაწყვეტილების მიღება, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. ადამიანებს ხშირად უჭირთ დელეგირება, ისინი ღელავენ, რომ სხვა ვერ გააკეთებს საქმეს თანაბრად კარგად ან რომ სხვისთვის დავალებით, გამოჩნდება, რომ თავად არ მუშაობენ საკმარისად.
სტრატეგიულად დაგეგმილი დელეგირება გეხმარებათ პროდუქტიულად მუშაობაში და კომპანიის საერთო გეგმების მიღწევაში. FastCompaწინა კny გვიზიარებს 4 კითხვას, რომლებზე პასუხის გაცემაც დაგეხმარებათ დავალებების დელეგირების გადაწყვეტილების მიღებაში:
1. შესასრულებელი დავალება პრიორიტეტულია ჩემთვის და კომპანიისთვის?
ხშირად, ყოველდღიური საქმეების რუტინაში ვეფლობით, ვაკეთებთ ერთსადაიმავე დავალებას დაფიქრების გარეშე. ხანდახან საჭიროა შესვენების აღება და გადააზრება, რამდენად სჭირდება კომპანიას კონკრეტული საქმის შესრულება. შეიძლება ეს დავალება აქტუალური იყო 4 წლის წინ, როცა არ არსებობდა შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, დღეს კი მისი მანუალურად კეთების აუცილებლობა არ არსებობს. დავალება პრიორიტეტული იყო წარსულში, თუმცა არა დღეს.
პრიორიტეტების შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვის შეუძლია ამ დავალებების შესრულება.
2. ამ დავალების შესრულება მაცლის ენერგიას თუ პირიქით, მაძლევს მეტის გაკეთების სურვილს?
ყველას უწევს იმ საქმის კეთება, რაც დიდად არ უყვარს. თუმცა, თუ ბევრ ამგვარ საქმეს ერთად აკეთებთ ან მხოლოდ ამგვარ საქმეებზე მუშაობთ, ეს აუცილებლად გამოგაცლით ენერგიას და გამოიწვევს გადაწვას. და პირიქით, თუ იმ საქმეზე მუშაობთ, რომელიც მოგწონთ - ენერგიით ივსებით.
3. ამ დავალებას კარგად ვასრულებ?
ამ კითხვაზე პასუხი ხშირად მეორე კითხვაზე პასუხს შეესაბამება. სავარაუდოდ, კარგად ასრულებთ საქმეს რომელიც გიყვართ და პირიქით. მაგალითად, შეიძლება გქონდეთ საუკეთესო კომუნიკაციის უნარები, გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რასაც იყენებთ სამსახურში და ატარებთ ტრენინგებს, ქოუჩინგის სესიებს. ამ საქმის შესრულება გსიამოვნებთ და კარგად აკეთებთ მას. თუმცა, არ გიყვართ რიცხვებთან მუშაობა და იმავე ტრენინგების ბიუჯეტის დაგეგმვა თქვენთვის აუტანელი საქმეა.
4. მხოლოდ მე შემიძლია ამ დავალების შესრულება თუ სხვასაც?
ადამიანებს ხშირად გონიათ, რომ მხოლოდ თავად შეუძლიათ თავი გაართვან კონკრეტულ დავალებას, რაც სიმართლე არ არის. შეიძლება კონკრეტულ დასაქმებულს უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს, თუმცა მეორე მხრივ, კომპანიაში ყოველთვის მოიძებნება სხვა მოტივირებული დასაქმებული, რომელსაც შეუძლია საკუთარი განსხვავებული უნარების გამოყენება და იმავე დავალების წარმატებით შესრულება.
ჭკვიანური დელეგირების გარეშე კომპანია ვერ გაიზრდება და ვერ მიაღწევს სასურველ შედეგებს. განსაკუთრებული შედეგების მისაღწევად გუნდის მენეჯერმა ყველას ძლიერი მხარე უნდა გამოიყენოს, მათი პირადი მიზნები უნდა შეუსაბამოს კომპანიის მიზნებს. იმედგაცრუებული დასაქმებულები, რომლებსაც არ ეძლევათ საკუთარი თავის და შესაძლებლობების გამოყენების საშუალება, სხვა კომპანიაში იპოვიან ზრდის და განვითარების ახალ გზებს.
წყარო - How to decide if you should delegate tasks or do them yourself (fastcompany.com)