ახალი სამსახურის ძებნის პროცესში, გასაუბრებისთვის მოსამზადებლად, კარგი იქნება თუ მოამზადებთ პასუხებს გასაუბრების დროს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე. გასაუბრებისთვის მომზადებას გაგიმარტივებთ პოტენციური დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოძებნაც.
დამსაქმებელზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ის კანდიდატი, რომელის იცნობს კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და იზიარებს კომპანიის ძირითად ღირებულებებს.
ბლოგში გაგიზიარებთ შვიდ მნიშვნელოვან საკითხს, რაც გასაუბრების ინტერვიუმდე უნდა იცოდეთ კომპანიის შესახებ:
1. ვინ ატარებს გასაუბრებას?
სავარაუდოა, რომ ინტერვიუერი გასაუბრებამდე თქვენს შესახებ ინფორმაციას მოიძიებს სოციალურ მედიაში. თქვენც შეგიძლიათ ანალოგიურად მოიქცეთ და მცირე კვლევა ჩაატაროთ თავად გამსაუბრებელზე. ძებნის შედეგად შეიძლება მათთან საერთო ღირებულებები და მიღწევები აღმოაჩინოთ. ასევე, ინტერვიუერის ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება წარმოდგენა შეიქმნათ მისი, როგორც დამსაქმებლის შესახებ და განსაზღვროთ კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვათ გასაუბრებაზე. თუ იცით, რომ გასაუბრებას რამდენიმე ადამიანი დაესწრება, ინფორმაცია მოიძიეთ ყველა მათგანზე.
2. რა ღირებულებები აქვს კომპანიას?
კომპანია უფრო მეტად დაინტერესდება თქვენთან თანამშრომლობით, თუ დაანახებთ, რომ გულწრფელად გაინტერესებთ მათი ინდუსტრია და საქმიანობა. წინასწარ მოიძიეთ კომპანიის ვებ და სოციალური მედიის გვერდები იმისთვის, რომ წარმოდგენა შეიქმნათ რაც აკეთებს კომპანია, როგორ აკეთებს და რატომ არის ეს საქმე მათთვის მნიშვნელოვანი. თუ გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას გაითვალისწინებთ კომპანიის ღირებულებებს, თქვენ მომავალ დამსაქმებელს აჩვენებთ, რომ რიგით სამსახურის მაძიებელზე მეტის შეთავაზება შეგიძლიათ მათთვის.
ღირებულებები განსაზღვრავენ ადამიანის რაობას, ისინი გამომდინარეობენ პიროვნული მახასიათებლებიდან და შეუძლებელია მისი დასწავლა. თუ დამსაქმებელი დაინახავს, რომ თქვენი ღირებულებები შეესაბამება კომპანიაში არსებულ ღირებულებებს, დიდი ალბათობით ისინი არჩევანს თქვენზე შეაჩერებენ.
კომპანიის ღირებულებების წინასწარ შესწავლა თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ამგვარი ანალიზით იპოვით საუკეთესო ადგილს სამუშაოდ, შეარჩევთ ისეთ კომპანიას, რომლის საქმიანობა და მიზნები ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ინტერესებს.
3. რომელ უნარებს აფასებენ ყველაზე მეტად?
საჭირო უნარების შესახებ ინფორმაციას მარტივად მოიძიებთ სამსახურის საძიებო ვებ გვერდზე განთავსებულ ვაკანსიებსა და სამუშაო აღწერილობებში. კომპანიის შესახებ საინტერესო დეტალების გაგება შეგიძლიათ იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც უკვე მუშაობენ იმავე კომპანიაში. მაგალითად, კომპანია გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, მენეჯერები უფრო მეტად აფასებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებს ფეხს უწყობენ და შეუძლიათ იმუშაონ მოქნილი სამუშაო გრაფიკით.
4. ვინ არიან კომპანიის მომხმარებლები?
ყველა კომპანიას თავისი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. კარგი იქნება თუ გასაუბრებაზე აჩვენებთ, რომ თქვენთვის ნაცნობია კომპანიის მომხმარებლების საჭიროებები და სურვილები. გასაუბრებაზე მომხმარებლების შესახებ ცოდნის გაზიარება დამსაქმებლის ყურადღების მიქცევის კრეატიული და ეფექტური ხერხია.
ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატიები. ხშირად, კომპანიის ვებ გვერდებზე ცალკეა გამოყოფილი გვერდი მომხმარებლებისთვის, სადაც მომხმარებლები თავად აზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და შეხედულებებს თუ რა უპირატესობა აქვს კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობას.
5. რა სიახლეებია კომპანიის საქმიანობის სფეროში?
ინტერნეტში მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიასთან, კომპანიის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ცვლილებების და სიახლეების შესახებ. მაგალითად, თუ კომპანია გეგმავს ახალი პროდუქტის გამოშვებას, მას უფრო მეტად დააინტერესებს ამ პროდუქტთან დაკავშირებული გამოცდილების მქონე კანდიდატები. დაგეგმილ სიახლეზე წინასწარ მოძიებული ინფორმაცია დაგეხმარებათ უკეთ წარმართოთ გასაუბრება.
6. ვინ არიან კომპანიის მთავარი კონკურენტები?
კარგი იქნება თუ გასაუბრებამდე შეარჩევთ კომპანიის მთავარ კონკურენტებს და დაათვალიერებთ მათ ვებ გვერდებს.
გასაუბრებისას შეიძლება დაგისვან შეკითხვა, თუ რატომ გსურთ სწორედ ამ კომპანიაში და არა რომელიმე მის კონკურენტში მუშაობა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოიყენეთ კონკურენტების შესახებ წინასწარ მოძიებული ინფორმაცია. კონკრეტული მაგალითების მოყვანით კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ ინტერვიუერზე.
7. ვინ მართავს კომპანიას?
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გაეცანით ინფორმაციას კომპანიის მმართველი გუნდის შესახებ. მოიძიეთ მათი სტატიები, პრაქტიკული მაგალითები და ინტერვიუები. ამგვარ მასალებში კომპანიის მენეჯმენტის წევრები თავად აღწერენ რა არის კომპანიის მთავარი ღირებულებები და მიზნები.
გასაუბრებისთვის მომზადება განსაკუთრებული უნარია. თქვენ მარტივად მოახერხებთ იპოვოთ პასუხები ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კითხვაზე თუ ყურადღებით გაეცნობით ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას, კომპანიის ვებ გვერდს, სოციალურ მედიას, სხვადასხვა სტატიებს კომპანიის და ინდუსტრიის შესახებ.
გამოიყენეთ სოციალური მედიის და ინტერნეტის ძალა! მოიძიეთ, იპოვეთ და დაუკავშირეთ თქვენი პროფესიული კარიერა საუკეთესო კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ თქვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს.
წყარო: 7 things you need to research about a company before an interview (fastcompany.com)