დაწინაურება კარიერულ საფეხურზე მაღლა ასვლას გულისხმობს. ასეთ დროს ადამიანები აღნიშნავენ, პოზიციის ცვლილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ სოციალური მედია პლატფორმებზე, იღებენ მილოცვებს და ა.შ. თუმცა, რეალობაში დაწინაურების ეფექტი განსხვავებულია.
Forbes გვიზიარებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 1.2 მილიონი ადამიანი, ახლად დაწინაურებული მენეჯერები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა თითქმის მესამედი წამოვიდა სამსახურიდან დაწინაურებიდან ერთი თვის განმავლობაში. Forbes გვიზიარებს რამდენიმე მიზეზს, რაც შეიძლება იწვევდეს დასაქმებულის სამსახურიდან წასვლას მისი დაწინაურების შემდეგ.
1. შეუსაბამო ანაზღაურება;
ზოგჯერ დამსაქმებლები აწინაურებენ დასაქმებულს, ცვლიან მის სამუშაო პოზიციას და პასუხისმგებლობებს ხელფასის გადახედვის გარეშე. ისინი არ უფიქრდებიან რამდენად შეესაბამება შეთავაზებული ანაზღაურება ახალ პოზიციას. ხშირად, დამსაქმებელი დაწინაურებით ცდილობს ამოავსოს პოზიციის ნაკლებობა, მაგალითად, სასწრაფოა მენეჯერის პოვნა, ასეთ დროს, დამსაქმებელი ვაკანსიის გამოცხადების და კანდიდატების მოძიების ნაცვლად, აწინაურებს გუნდში გამორჩეულ დასაქმებულს მენეჯერის პოზიციაზე. თუმცა, არ ითვალისწინებს მის სურვილებს, შესაბამისობას და ანაზღაურებას.
კომპანიები დასაქმებულებს ხშირად აწინაურებენ ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე, რაც დასაქმებულის დემოტივაციას და იმედგაცრუებას იწვევს. დაწინაურებასთან ერთად, როგორც წესი იზრდება შესასრულებელი სამუშაო და პასუხისმგებლობა, ხოლო ხელფასი არ შეესაბამება ამ ახალ როლს.
2. მხარდაჭერის ნაკლებობა;
ახალ პოზიციაზე მუშაობის პირველი 90 დღე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. Harvard Business School-ის კვლევის თანახმად, ეს კრიტიკული პერიოდი განსაზღვრავს რამდენად წარმატებული იქნება კონკრეტული ადამიანი ახალ პოზიციაზე, რაც მეტწილად დამოკიდებულია კომპანიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერაზე.
მაგალითად, მხარდაჭერის გამოსახატავად, დამსაქმებელს შეუძლია დანიშნოს პერიოდული შეხვედრები დაწინაურებულ მენეჯერთან, განსაზღვროს 30 და 90 დღიანი გეგმა. შეცვედრაზე განიხილონ შესრულებული სამუშაო, არსებული პრობლემები, მათი მოგვარების გზები და სამომავლო გეგმები.
3. ტრენინგის ნაკლებობა;
კომპანიებმა უნდა დანერგონ მენეჯმენტის ტრენინგის პროგრამები. ტრენინგი შეიძლება ჩაატაროს როგორც კომპანიის გამოცდილმა თანამშრომლებმა, ასევე გარე დაქირავებულმა ექსპერტებმა. ახალი მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია შეიძინონ ახალი ცოდნა გუნდის მართვის და ახალ პოზიციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების სწორად სამართავად.
4. იმპოსტერის სინდრომი;
Forbes-ის კვლევის თანახმად, მენეჯერების და დასაქმებულების 70% სამსახურში იმპოსტერის სინდრომს განიცდიან. ამ სინდრომის თანახმად, ადამიანი თავს გრძნობს არასაკმარისად, თითქოს ის არ იმსახურებს მიღწეულ წარმატებას. იმპოსტერის სინდრომი განსაკუთრებით იჩენს თავს დასაქმებულების დაწინაურებისას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია აღიარება მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრების მხრიდან. დამსაქმებელმა სხვადასხვა კომუნიკაციით უნდა დაუჭიროს მხარი ახალ თანამშრომელს, აღიაროს მისი მიღწევები და კომპანიის ზრდაში შეტანილი წვლილი.
5. გადაწვა;
ბევრი ახალი მენეჯერისთვის იმპოსტერის სინდრომი, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილი და არასაკმარისობის შიში საბოლოოდ გადაწვას იწვევს.
ახალ პოზიციაზე გადასვლისას ბუნებრივია, რომ დასაწყისში უფრო მეტი ყურადღება სამსახურს უნდა დაუთმოთ, იმისთვის, რომ მოერგოთ ახალ როლს, გაერკვიოთ ვალდებულებებსა და პასუხიმგებლობებში. დროის სწორად მართვა, საქმის გონივრულად განაწილება და რეალისტური გეგმების დასახვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გადაწვა.
წყარო - Why Are Newly Promoted Employees Quitting Their Jobs? (forbes.com)