ტერმინები ლიდერობა და მენეჯმენტი ხშირად ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება, რაც შეცდომაა. იმისთვის რომ სწორად დაგეგმოთ თქვენი კარიერის განვითარება და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა განსხვავებაა ლიდერებსა და მენეჯერებს შორის.
რა არის ლიდერის როლი?
ლიდერები ქმნიან კომპანიის ზოგად ხედვას, სახავენ ხანგრძლივ სტრატეგიებს და მიზნების მისაღწევ გეგმებს. როგორც წესი, ისინი ნაკლებად არიან ჩართულნი ყოველდღიურ საქმეებში, ამის ნაცვლად, თვალს ადევნებენ ტრენდებს, ბაზარს, ინდუსტრიის სიახლეებს.
ლიდერებმა ყოველთვის წინასწარ უნდა დაგეგმონ, განსაზღვრონ რისკები და რაც ყველაზე მთავარია, კომპანიის მისია და ხედვა გაუზიარონ კომპანიის დასაქმებულებს. მათი მისიაა თითოეულ თანამშრომლამდე მიიტანონ კომპანიის მიზნები, მისცენ მათ მოტივაცია, განსაზღვრონ კომპანიის მთავარი ღირებულებები და კულტურა.
რა არის მენეჯერის როლი?
მენეჯერები უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლები არიან ორგანიზაციულ საკითხებზე, გეგმების და პროექტების დროულად შესრულებაზე. მენეჯერები ზრუნავენ კომპანიის მიზნების პრაქტიკაში განხორციელებაზე. ამისთვის ისინი ქირაობენ დასაქმებულებს, უტარებენ ტრენინგებს, ზედამხედველობას უწევენ მათ მიერ შესრულებულ საქმეს, ვადებს, აკონტროლებენ კომპანიის რესურსების, ბიუჯეტის გამოყენებას. მენეჯერები შეიძლება ერთდროულად მართავდნენ დეპარტამენტს.
რა არის საერთო მენეჯერსა და ლიდერს შორის?
პრაქტიკაში შეიძლება მენეჯერის და ლიდერების ვალდებულებები ერთმანეთს დაემსგავსოს. ლიდერებს დაევალოთ მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები და პირიქით, მენეჯერს შეიძლება მოუწიოს ყოველდღიური საქმეების ორგანიზებასთან ერთად სტრატეგიულ ხედვაზე ზრუნვა. ასე ძირითადად პატარა გუნდებში ან სტარტაპ კომპანიებში ხდება.
ორივე პოზიციისთვის საჭირო უნარების ქონა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, თუმცა იდეალურ შემთხვევაში, ეს ორი როლი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.
რა უნარებია საჭირო კარგი ლიდერობისთვის?
თუ თქვენი კარიერული მისწრაფება ლიდერობაა, დაგჭირდებათ შემდეგი უნარები - ძლიერი კომუნიკაციის უნარი, გამჭვირვალობა, სტრატეგიული აზროვნება, კრეატიულობა, სხვა მენეჯერების მართვის უნარი. თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ ქოუჩინგი, სხვა ადამიანებისთვის შთაგონების მიცემა, მათი გაძლიერება, მოლაპარაკების და სხვების დარწმუნების უნარები.
რა უნარებია საჭირო კარგი მენეჯერობისთვის?
მენეჯერობისთვის საჭირო უნარები ლიდერობის უნარების მსგავსია, თუმცა ამ ზოგიერთი საერთო უნარის გამოყენება ნაკლები ინტენსიურობით მოგიწევთ. მაგალითად, გუნდის მართვის უნარი მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენ სხვა გუნდების მართვა არ მოგიწევთ, თქვენ ასევე არ მოგიწევთ იზრუნოთ კომპანიის 3 წლიანი სტრატეგიის დაგეგმვაზე.
თუმცა, მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიის შევსებისას, კარგი იქნება თუ აჩვენებთ, რომ გაქვთ ლიდერებისთვის ჩამოთვლილი უნარებიც. ამით თქვენ მომავალ დამსაქმებელს აჩვენებთ, რომ გსურთ პროფესიული განვითარება. მენეჯერისთვის აუცილებელი უნარებია - პროექტების მართვის და ორგანიზების უნარი, გუნდის მოტივაციის უნარი, გუნდის წევრებს შორის მჭიდრო და მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი, აქტიური მოსმენა, სამუშაო პროცესების შექმნა და დელეგირება.
მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენი კარიერული მიზნები, მენეჯერის და ლიდერობისთვის საჭირო უნარების ქონა დაგეხმარებათ იყოთ გამორჩეული, დაწინაურდეთ კარიერულ კიბეზე, გახდეთ მიმზიდველი კანდიდატი რეკრუტერებისთვის.
წყარო - What’s The Difference Between Leadership And Management? (forbes.com)