წარმატება არ არის წარუმატებლობის ანტონიმი, ხშირად წარმატება სწორად წარუმატებლობას ნიშნავს.
უდავოა, რომ Apple კომპანიების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია. მისი შემოსავლის მთავარი გარანტორია დედამიწაზე ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი - iPhone. თუმცა, Apple-ის წარმატებას დიდწილად განაპირობებს მისი CEO - ტიმ ქუქი. ტიმ ქუქის მართვის ქვეშ კომპანიამ შთამბეჭდავი ზრდა განიცადა უკანასკნელ ათწლეულში.
Apple-ზე საუბრისას, მარტივია შეცდომაში შევიდეთ და დავასკვნათ, რომ Apple-ის მსგავსი კომპანია ავტომატურად წარმატებული იქნება. გარედან ეს მართლაც ასე ჩანს. Apple-ის ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი პროდუქციაც კი წარმატებულია და რთულია გაიხსენოთ ამ კომპანიის წარუმატებლობა. ქუქი ამბობს, რომ ეს გამიზნულად ხდება ასე. Apple არ იტყუება წარმატების შესახებ ან არ ცდილობს თავისი მომხმარებლებისგან წარუმატებლობების დამალვას, თუმცა განზრახ გეგმავს თავის სტრატეგიას იმგვარად, რომ „მომხმარებლებს არ რთავს წარუმატებლობის პროცესში.“
Apple ყოველთვის წარმატებული არ არის, უბრალოდ კომპანია ცდილობს ბევრი შეცდომა დაუშვას იქამდე, სანამ საბოლოო პროდუქტს წარუდგენს მომხმარებლებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წარუმატებლობის შიში, მეწარმეების ყველაზე გავრცელებული და დიდი შიშია. ტიმ ქუქი თვლის, რომ წარუმატებლობა, მარცხი, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არ აქვს მნიშვნელობა დამწყებ სტარტაპში ხარ თუ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაში.
ტიმ ქუქი Apple-ის დამოკიდებულებას მარცხის მიმართ ამგვარად ხსნის - „ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს წარუმატებლობის შესაძლებლობას. ჩვენ ვცდილობთ ბევრჯერ დავმარცხდეთ შიგნით, რადგან არ გვინდა მომხმარებლები მარცხის ნაწილად ვაქციოთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პროდუქტების გაუმჯობესებაზე და განვითარებაზე. ხშირად შეიძლება საერთოდ განსხვავებული და დაუგეგმავი მიმართულებით მოგვიწიოს წასვლა, გზადაგზა აღმოჩენილი სიახლეების გამო.“
ქუქის პოზიციაში ერთი მწარე სიმართლე გაჟღერდა - ადრე თუ გვიან ყველა შეიძლება დამარცხდეს და იყოს წარუმატებელი. ადამიანთა უმრავლესობას რატომღაც სჯერა, რომ წარმატების მიღწევისთვის ყველაფრის ფასად უნდა აირიდონ მარცხი. ქუქის მითითებით, თუ არ მარცხდები, ესე იგი საკმარისად ბევრ ახალ გზას არ ტესტავ. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია პროცესები იმგვარად ააწყოთ, რომ წარუმატებლობა და მარცხი მოხდეს კომპანიის შიგნით და არა - გარეთ. თუ წარუმატებლობას ამ გადმოსახედიდან შეხედავთ, შეიცვლება თქვენი შეხედულებები წარმატებასთან მიმართებითაც. წარუმატებლობა არის რაღაცის წარმატებით კეთების პროცესი.
შეიძლება თვლიდეთ, რომ თქვენ მარცხის მიმართ იმუნიტეტი გაქვთ და არასდროს იქნებით წარუმატებლები, თუმცა ამ შეხედულებით ადრე თუ გვიან თქვენს მომხმარებლებს ცუდ შედეგებამდე მიიყვანთ და ეს გარდაუვალია. გამოსავალი არის არა ის, რომ უფრო მეტი სცადოთ და თავი აარიდოთ წარუმატებლობას, არამედ სცადოთ იმგვარად, რომ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოთ თქვენს პროდუქციას და მომხმარებლებს.