კარიერული განვითარების გეგმები, როგორც წესი მორგებულია კონკრეტულ როლზე, უნარებზე და გამოცდილებაზე, რაც დასაქმებულს სჭირდება ერთ კომპანიაში განვითარებისთვის. ამ ტიპის გეგმები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შეადგინოთ პერსონალური კარიერული განვითარების გეგმა. ამისთვის უნდა უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს - რა გსურთ სამსახურისგან? რომელი განსხვავებული გამოცდილებების მიღება გინდათ? როგორ გამოიყურება თქვენთვის წარმატებული მომავალი? სად წარმოგიდგენიათ თავი კარიერის მწვერვალში?
კარიერული გეგმის შესადგენად ბევრი განსხვავებული გზის გამოყენება შეგიძლიათ. Forbes გვიზიარებს სამ რჩევას კარიერული გეგმის განსაზღვრისას:
1. დაფიქრდით რისი გაკეთება გსიამოვნებთ. გეგმის შედგენისას გაითვალისწინეთ თქვენი ინტერესები და დარწმუნდით, რომ გეგმა ასახავს მათ. მაგალითად, თუ გსიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა, თქვენი კარიერული მომავალი დაუკავშირეთ იმგვარ პროფესიებს, რომლებიც მოგცემენ სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას;
2. განსაზღვრეთ რისი სწავლა გსურთ და შეადგინეთ ამ ახალი ცოდნის ან უნარების მიღების სწორი მიმდევრობა. დაისახეთ მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. მნიშნელოვანია, რომ მოკლევადიანი გეგმები მოიცავდნენ იმ კონკრეტული უნარების და გამოცდილებების შეძენას, რომლებიც გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მაგალითად, თუ თქვენი გრძელვადიანი მიზანია იმუშავოთ კომპანიებში მათი კულტურის და კორპორაციული მართვის გაუმჯობესების საკითხებზე, შეგიძლიათ, თქვენს არსებულ კომპანიაში შეასრულოთ რამდენიმე მოკლევადიანი გეგმა. პოზიციების ცვლილების წყალობით, გაიგოთ როგორ განსხვავდება მენეჯმენტი, დაგეგმვა, თანამშრომლებთან ურთიერთობა სხვადასხვა გუნდში, გამოსცადეთ ახალი უნარები და მიიღეთ მაქსიმალური გამოცდილება არსებული კომპანიის მმართველი გუნდისგან. ეს გამოცდილება კი შემდეგ გამოიყენეთ გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად.
3. განსაზღვრეთ როგორ გსურთ შეძენილი ცოდნის და გამოცდილების გამოყენება. გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს - შეგიძლიათ თუ არა სამსახურში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოთ და დანერგოთ სხვა კომპანიებში? შეგიძლიათ თუ არა ერთი კომპანიის მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკები შეცვალოთ და მოარგოთ სხვა კომპანიას? შეგიძლიათ ისწავლოთ სხვებისგან, სწრაფად ადაპტირდეთ ცვლილებების დროს, შეცდომის შემთხვევაში დროულად გამოასწოროთ ის?
პერსონალური კარიერული გეგმის შედგენაში საკუთარი გამოცდილებების და უნარების ანალიზის გარდა დაგეხმარებათ სხვებთან საუბარიც. განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს უკუკავშირის მიღება რეკრუტერებისგან და კანდიდატების შერჩევის მენეჯერებისგან. მათ შეუძლიათ აგიხსნან რომელი კონკრეტული უნარის ან გამოცდილების ნაკლებობას ხედავენ თქვენს რეზიუმეში. არის თუ არა რაიმე ეტაპი თქვენს კარიერაში, რაც განსაკუთრებით გამოკვეთავდა თქვენს გამოცდილებებს? რისი გაკეთება შეგიძლიათ რეზიუმეს გასამრავალფეროვნებლად? გაესაუბრეთ თქვენს მენტორებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს სხვადასხვა იდეების მისაღებად. თუმცა, გახსოვდეთ რომ ეს თქვენი ცხოვრება და თქვენი კარიერული განვითარების გეგმაა. შესაბამისად, აირჩიეთ ის ნაბიჯები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შეეფერება თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ინტერესებს.
წყარო - The Importance Of Creating Your Lifetime Career Development Plan (forbes.com)