ლიდერული უნარების ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე რეალობაში. ეს უნარები სჭირდება ყველას - აღმასრულებელ დირექტორს, მმართველ მენეჯერებს თუ ცალკეულიგუნდის ლიდერებს.
ლიდერული უნარების სწორად გამოყენება გუნდში ზრდის პროდუქტიულობას, ინოვაციურობას, გუნდის წევრები უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რაც საბოლოოდ, ზრდის კომპანიის მიერ მიღწეულ შედეგებს.
Forbes გვიზიარებს 5 მნიშვნელოვან უნარს, რომელიც ყველა ლიდერის რეზიუმეში უნდა იყოს მითითებული:
Forbes-ის მიერ მითითებული კვლევის მონაწილეთა თითქმის ნახევარი - 45.2% თანხმდება, რომ კომუნიკაციის უნარი კარგი ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ის რამდენიმე უნარს მოიცავს - საუბარი, მოსმენა, წერა და ვიზუალური კომუნიკაცია.
კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანია, რამდენადაც დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია მიზნების, პროექტების, შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. ეს უნარი დაგეხმარებათ ჩამოყალიბოთ სწორი ურთიერთობები კოლეგებთან, მომხმარებლებთან, მოუსმინოთ ერთმანეთს და ჩართულები იყოთ გუნდურ მუშაობაში.
ამ უნარის რეზიუმეში მითითებისას, შეგიძლიათ განსაზღვროთ მიღწეული შედეგები. მაგალითად, „გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტების პროექტების მართვა და რეკლამების სტრატეგიის განსაზღვრა, რის შედეგადაც გაყიდვები გაიზარდა 25%-ით პირველი 6 თვის განმავლობაში.“
ინტერპერსონალური უნარების მეშვეობით ადამიანები აყალიბებენ და ინარჩუნებენ სამსახურში ურთიერთობებს. ეს უნარი გულისხმობს გუნდის წევრებთან და კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კლიენტებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობას.
ინტერპერსონალური უნარები მოიცავს აქტიურ მოსმენას, გუნდურ მუშაობას, დარწმუნების და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარებს.
პრობლემების გადაჭრა ყველა პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარია, თუმცა მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო კრიტიკულია ლიდერისთვის. ეფექტური ლიდერობისთვის აუცილებელია დასაქმებულს შეეძლოს სხვადასხვა გარემოებების ანალიზი და მათგან საუკეთესო გზის არჩევა.
გუნდები, რომლების ლიდერებიც თავდაჯერებულად და ხშირად წყვეტენ სხვადასხვა პრობლემას, უფრო მეტად იმსახურებენ გარშემომყოფების ნდობას.
ამ უნარის რეზიუმეში მითითებისას, იყავით კონკრეტული და მიუთიეთ რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ და რა გავლენა ჰქონდა ამას გუნდსა თუ კომპანიაზე.
ლიდერებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ამ დროს მნიშვნელოვანია ლიდერმა შეინარჩუნოს ობიექტურობა და კომპანიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.
ეს უნარი მოიაზრებს თავდაჯერებულობას და პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილების მიღებისას ლიდერს უწევს გააანალიზოს მიწოდებული ინფორმაცია და იმოქმედოს, წავიდეს რისკზე. ლიდერობა არ გულისხმობს გადაწყვეტილების ყოველთვის ერთპიროვნულად მიღებას, პირიქით, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ლიდერმა მოუსმინოს და მხარი დაუჭიროს საკუთარ გუნდს და სხვა დასაქმებულებს, რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში.
რეზიუმეში ამ უნარის მითითება რთულია, კარგი იქნება თუ მიუთითებთ კონკრეტულ მაგალითს თუ რა კრიტიკული გადწყვეტილება მიიღოთ და როგორ აისახა ეს გადაწყვეტილება კომპანიაზე.
მმართველ პოზიციაზე მუშაობისას, შეუძლებელია ყველაფერი ერთმა ადამიანმა გააკეთოს. ეფექტური დელეგირების უნარი გულისხმობს, რომ ლიდერს შეუძლია მისი გუნდის წევრების შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება და საქმეების განაწილება მათი უნარების შესაბამისად. დელეგირება მნიშვნელოვანია დროის სწორად სამართავადაც. დროის მენეჯმენტი კიდევ ერთი უნარია, რომელსაც რეკრუტერები აფასებენ კანდიდატების შერჩევისას.