მარტივია ადამიანი გაებას მუდმივი დაკავებულობის მახეში. როდესაც ყველაფერი სასწრაფოა, დროის სწორად განაწილების ნაცვლად, გონება ავტოპილოტზე მუშაობს და დაუბალანსებლად ხარჯავს დროს, ყურადღებას და ენერგიას. ცხოვრების ამგვარ სტილს საბოლოოდ გადაღლამდე და გადაწვამდე მივყავართ.
15%-ის წესი
მუდმივად 100%-ით დატვირთულობის ნაცვლად, იმოქმედეთ 15%-ის წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ სასურველია დაიტვირთოთ მხოლოდ 85%-ით, 15% კი დაუთმოთ დასვენებას.
ცხრა გზის ოლიმპიური ჩემპიონის, კარლ ლუისის მაგალითით კარგად ჩანს 15%-იანი დასვენების მნიშვნელობა. 100 მეტრიან სპრინტის დროს, დაწყებისას ის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, რომელიც 40 მეტრიან ნიშნულს გაირბენდა, თუმცა მის კონკურენტებს ყოველთვის უსწრებდა ფინიშის ხაზზე. ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, მისი სუნთქვა და ფორმა უცვლელი რჩებოდა მთელი სპრინტის განმავლობაში. მაშინ როდესაც, სხვა მონაწილეებს ფინიშის მოახლოებასთან ერთად უწევდათ უფრო მეტი ძალისხმევის გაღება. კარლი ყოველთვის ერთნაირად გამოიყურებოდა - სპრინტის დასაწყისში და მის ბოლოში.
15%-იანი დასვენების კონცეფცია თანაბრად მიემართება ნებისმიერ სიტუაციას, სპორტს, პირად ცხოვრებას, სამსახურს. ამ კონცეფციის ყოველდღიურ რუტინაში გადმოტანა დაგეხმარებათ უფრო მეტი დრო დაიტოვოთ კრეატიულობისთვის, დასვენებისთვის, გახდეთ უფრო მეტად ადაპტური და პროდუქტიული.
ყურადღება მიაქციეთ სხეულს და არა დროს
ადამიანის სხეული საკუთარი რიტმით ფუნქციონირებს და თავად განიშნებთ დღის რომელ მონაკვეთშიაყველაზე აქტიური და პროდუქტიული. ამ რიტმის შესაბამისად დაგეგმეთ თქვენი დღე. დღის ყველაზე აქტიური მონაკვეთი დილაა, რომლის დროსაც ყველაზე მარტივია იმგვარი დავალებების შესრულება, რისთვისაც საჭიროა გონების დაძაბვა და ყურადღება. საღამოს მოახლოვებასთან ერთად ადამიანის სხეული უფრო მეტად არის მზად შეასრულოს რუტინული საქმეები.
გათავისუფლდით ავტოპილოტისგან
დღე დაგეგმეთ საკუთარი სხეულის პროდუქტიულობის რიტმის და არა დაგროვებული მეილების შესაბამისად. ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებები შეასრულეთ დღის ყველაზე ნაყოფიერ მონაკვეთში.
ავტომატურად შესრულებული საქმეების რეპროგრამირება დაგეხმარებათ აღიდგინოთ პროდუქტიულობა, ენერგია და დაკარგული შესაძლებლობები. გაუაზრებლად ფუნქციონირების ნაცვლად, წინასწარ დაგეგმეთ დღე.
შეუსაბამეთ დრო სასურველ შედეგებს
პროდუქტიულობის გასაღები არის არა დღის განმავლობაში ნამუშევარი საათების რაოდენობა, არამედ შესრულებული საქმე. სტრატეგიულად შეარჩიეთ კონკრეტული დავალებების შესასრულებელი დღის მონაკვეთი.
მართეთ გადაწყვეტილების მიღების გადაღლა
მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარები, დისკუსიები ჩაატარეთ დილას, იქამდე სანამ გადაწყვეტილებების მიღებისგან გადაიღლებით.
ნებისმიერი ადამიანის სამუშაო მოითხოვს გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მენეჯერის პოზიცია გიჭირავთ. სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სრული ცოდნის, გამოცდილების და უნარების მობილიზება.
შეწყვიტეთ გადაღლის, გადაწვის დაუსრულებელი რუტინა და დაიწყეთ მუშაობა ენერგიის ბუნებრივი რიტმის გათვალისწინებით. ამ მარტივი პრინციპების ყოველდღიურ რუტინაში გადმოტანა დაგეხმარებათ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ დროზე.
წყარო - How to use the 15% rule to maximize productivity (fastcompany.com)