2008-2010 წლებში ამერიკულმა კომპანიებმა 8 მილიონზე მეტი დასაქმებული შეამცირეს. დღეს, შემდეგი დიდი შემცირებების მოლოდინში, კომპანიებმა შეცვალეს სტრატეგია და დასაქმებულების პირდაპირ გათავისუფლების ან შემცირების ნაცვლად, მიმართავენ უფრო რბილ მეთოდს, ე.წ. „ჩუმ გათავისუფლებას“.
ფინანსური, ფსიქოლოგიური და იურიდიული ხარჯების თავიდან ასარიდებლად კომპანიები განზრახ ქმნიან მტრულ გარემოს და აიძულებენ დასაქმებულებს საკუთარი სურვილით წავიდნენ სამსახურიდან. ინდივიდუალურ დონეზე ეს სიახლე არ არის. მენეჯერები დიდი ხანია ამგვარ ტაქტიკას იყენებენ. თუმცა, დღეს, ამ სტრატეგიას მიმართეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა მეტა და ტესლა.
Harvard Business Review გვიზიარებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2021 წელს სამსახურიდან წამოსული 1’000 დასაქმებული. რესპოდენტებმა Harvard Business Reviews-ს გაუზიარეს მათი გამოცდილება ჩუმ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათი პასუხების ანალიზით შეგვიძლია გამოვყოთ ჩუმი გათავისუფლებისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები:
1. სამსახურებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებული ცვლილებები:
- მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ვალდებულებების გადაკისრება სხვა დასაქმებულებისთვის;
- სამუშაოს შემცირება ან სამუშო აღწერილობის შეცვლა;
- ახალი ვალდებულებების სხვისთვის გადაცემა;
- არაგონივრული მიზნების განსაზღვრა;
- არასასურველი ან დასაქმებულის პოზიციისთვის შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება;
- დამსახურებულ დაწინაურებაზე უარის თქმა;
2. ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილებები:
- ხელფასის შემცირება;
- დამატებითი სამუშაოს ან ზეგანაკვეთური მუშაობით მეტი ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობისთვის ხელის შეშლა;
- დაპირებული წლიური ბონუსის ან ხელფასის ზრდაზე უარი;
3. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ცვლილებები:
- სამუშაო საათების ან რეგულარული ცვლების შეცვლა;
- შესასრულებელი სამუშაოს არაგონივრული ზრდა;
- დასაქმებულის იძულებითი რელოკაცია;
- წამახალისებელი პირობების გაუქმება, მაგალითაც როგორიც არის ოფისში ან პარკინგის ადგილი;
4. უფროსთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული ცვლილებები:
- კარიერული განვითარების განხილვაზე ან უკუკავშირის მოცემაზე უარი;
- დასაქმებულის არასამართლიანი შეფასება, განსაკუთრებულად უხეში უკუკავშირი ან შესრულებული სამუშაოს გამუდმებული კრიტიკა;
- შეხვედრების გამუდმებით გაუქმება;
- დასაქმებულის ვალდებულებებთან და სამუშაოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიუწოდებლობა;
- შესრულებულ სამუშოში დასაქმებულის შეტანილი წვლილის არ აღიარება, ან მეტიც, სამუშაოს შესრულების სხვისთვის მიწერა;
ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების გადატანა ძალიან რთულია. თუ თქვენი სამსახური ან უფროსი გამუდმებით გაგრძნობინებთ თავს არაკომპეტენტურად, დაუფასებლად, იზოლირებულად, ბუნებრივია სამსახურიდან წასვლის სურვილი გაგიჩნდეთ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა მეოთხედზე მეტმა აღნიშნა, რომ ამ სიმპტომების საპასუხოდ მათ ახალი სამსახურის ძებნა დაიწყეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩუმი გათავისუფლება დასაქმებულების შემცირების ეფექტური, თუმცა ამორალური სტრატეგიაა.
გამოკითხული დასაქმებულების გამოცდილების ანალიზით Harvard Business Review გვიზიარებს 10 ტაქტიკურ ნაბიჯს, რომელიც შეგიძლიათ დამსაქმებლის წინააღმდეგ გამოიყენოთ, თუ თვლით რომ ჩუმი გათავისუფლების რისკის წინაშე დგახართ:
1. რაციონალურად განსაზღვრეთ არსებული მდგომარეობა;
ნამდვილად ჩუმი გათავისუფლების საფრთხის წინაშე ხართ? მენეჯერის ქცევის ასახსნელად ხომ არ არსებობს რაციონალური მიზეზები? ცვლილებები მხოლოდ თქვენ გეხებათ თუ თანაბრად ყველა სხვა დასაქმებულსაც?
შესაძლოა, არაკომფორტულ სიტუაციაში სხვების ქმედებები არასწორად აღიქვათ. თუ სამსახური აუტანელი ადგილი გახდა და ეს უკვე საფრთხეს უქმნის თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, შეიძლება წასვლის დროა, თუმცა, რაიმე ქმედების განხორციელებამდე დარწმუნდით, რომ ადეკვატურად და რაციონალურად აფასებთ არსებულ მდგომარეობას.
2. ცოდნა ძალაა;
იმისთვის, რომ სწორად შეაფასოთ სამუშაო პირობების ცვლილება და მათი გონივრულობა, აუცილებელია კარგად გაეცნოთ კომპანიის წესებს და შინაგანაწესს. მიიღეთ ინფორმაცია დაწინაურების და ხელფასის ზრდის კრიტერიუმების შესახებ. ეს ცოდნა დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი გამოცდილება დამახასიათებელია კომპანიისთვის, თუ მართლაც ჩუმი გათავისუფლების საფრთხის წინაშე ხართ.
3. შექმენით პოზიტიური მტკიცებულებები;
შექმენით თქვენი მიღწევების წერილობითი მტკიდებულებები. თქვენი მიღწევები, შესრულებული სამუშაო, კომპანიისთვის თქვენი ღირებულება უნდა იყოს მარტივად ხელშესახები და დათვლადი.
4. შექმენით უარყოფითი მტკიცებულებები;
თანაბრად მნიშვნელოვანია ჩამოწეროთ თქვენ მიმართ უსამართლო ქცევის ნებისმიერი გამოვლინება. ეს შეიძლება იყოს მეილები, შეფასების ანგარიშები, წერილობითი უკუკავშირი. შექმენით მტკიცებულება სხვადასხვა შემთხვევებზე, როდესაც თავი დაუფასებლად და გარიყულად იგრძენით.
5. დაამყარეთ ღია და გახსნილი კომუნიკაცია;
მიმართეთ თქვენს უფროსს და თქვენი შეგრძნებების შესახებ ესაუბრეთ გულახდილად. იყავით იმდენად კონკრეტული, რამდენადაც თქვენთვის კომფორტულია. მხოლოდ პრეტენზიების გამოთქმის ნაცვლად, შესთავაზეთ მენეჯერს ტაქტიკური გზები თქვენი მდგომარეობის და სიტუაციის გამოსასწორებლად.
6. მოიძიეთ იურიდიული დახმარება;
იურიდიული კონსულტაციის მიღება ადვოკატისგან ან პროფესიული გაერთიანებებისგან დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ სიტუაციის სიმძაფრე და მასთან გამკლავების საუკეთესო გზები. თავად ფაქტი, რომ თქვენ კონსულტაცია გაიარეთ ადვოკატთან, ხშირად საკმარია ჩუმი გათავისუფლების ხელის შეშლისთვის.
7. გაუფრთხილდით მენტალურ ჯანმრთელობას;
ჩუმად გათავისუფლებასთან დაკავშირებულმა სტრესმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ გამოწვევებთან ბრძოლისთვის მიმართეთ თერაპევტს ან სხვა პროფესიონალს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან კოლეგებს, რომლებთაც შეუძლიათ მხარი დაგიჭირონ და შემოგთავაზონ ტაქტიკური რჩევები.
8. საკუთარი ინიციატივით ჩუმი წასვლა;
ამ მიდგომას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს თქვენთვის საუკეთესო გზაა, მან შეიძლება შეამციროს გათავისუფლებასთან დაკავშირებული სტრესი. ე.წ. ჩუმი წასვლა გულისხმობს საკუთარი ინიციატივით ნელ-ნელა სამსახურიდან ჩამოშორებას, მხოლოდ მინიმალური სამუშაოს შესრულებას.
9. მიმართეთ უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს;
ჩუმი გათავისუფლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, დასაქმებულისთვის გართულდეს სასამართლოსთვის მიმართვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი უფლებების დაცვა. სასამართლო დავაში წარმატებისთვის მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ კომპანიამ არსებითად და უსამართლოდ შეცვალა თქვენი სამუშაო პირობები. ამ ცვლილებების შედეგად თქვენს შემოსავალს და კეთილდღეობას მიადგა რეალური და აშკარა ზიანი.
10. აწარმოეთ მოლაპარაკებები დამსაქმებელთან;
თუ დარწმუნებული ხართ, რომ კომპანიას თქვენი გათავისუფლება სურს, ნუ გაამარტივებთ ამ პროცესს წასვლის შესახებ წერილის დაწერით. დაიწყეთ მოლაპარაკების პროცესი უფროსთან. აუხსენით, რომ თქვენთვის ცნობილია სამუშაო ძალის შემცირების შესახებ და გაუზიარეთ თქვენთვის სასურველი პირობები. მაგალითად, შესთავაზეთ წასვლა 6 თვის ანაზღაურების, პოზიტიური რეკომენდაციის, ახალი სამსახურის პოვნაში დახმარების ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის სასურველი ბენეფიტის სანაცვლოდ. მოლაპარაკების პროცესში ყველაფერს ვერ მიიღებთ, რასაც მოითხოვთ, თუმცა თუ კომპანიას სურს თქვენი ჩუმი გათავისუფლება, თქვენ გაქვთ მოლაპარაკების შესაძლებლობა.
ზემოთ მოცემული რეკომენდაციები შეიძლება პრაქტიკულად რთული იყოს შესასრულებლად. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40%-მა ამჯობინა ჩუმი გათავისუფლების ნიშნების დაიგნორება, რადგან არ სურდათ დამატებითი პრობლემების და კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ ჩუმი გათავისუფლების საწინააღმდეგო სტრატეგიები და შესაბამის სიტუაციაში აღმოჩენისას გექნებათ ყველა საშუალება პრობლემის მოსაგვარებლად.