ადამ გრანტმა, Wharton-ის პროფესორმა, Wall Street Journal-ის სამიტზე წარმოადგინა ქეისი, თუ რატომ უნდა შეცვალონ კომპანიებმა მიდგომა სამუშაო კვირის დღეების მიმართ და შეცვალონ ის ოთხ დღიანი სამუშაო კვირით. გრანტმა აღნიშნა, რომ „ამერიკაში 6 დღიანი სამუშაო კვირა არსებობდა, სანამ ერთი საუკუნის წინ არ გამოჩნდა ჰენრი ფორდი, რომელმაც შეამცირა კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა. ჰენრი ფორდი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეებით მენეჯმენტის შესახებ და არც განსაკუთრებით ზრუნავდა ადამიანებზე. მან უბრალოდ აღმოაჩინა, რომ ადამიანები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ, როდესაც მცირდება სამუშაო დღეების რაოდენობა. დასაქმებულები უფრო მეტს და უფრო ფოკუსირებულად მუშაობენ, ისინი უფრო მეტად პროდუქტიულები არიან“.
ფორდის მიდგომას ადასტურებს ისეთი დიდი კომპანიების უახლესი გამოცდილებები, როგორიცაა Microsoft Japan, Perpetual Guardian, Shake Shack და სხვა ათეულობით კომპანია დიდი ბრიტანეთში. ეს მიდგომა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და შეიძლება 2023 წელი აღმოჩნდეს ის წელი, როდესაც თქვენი კომპანიაც შეიცვლის სამუშაო კვირის დღეებთან გაბატონებულ დამოკიდებულებას. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ერთი რამ, რაც შეიძლება დასაქმებულებს უფრო მეტად მოეწონოთ, ვიდრე ოთხ დღიანი სამუშაო კვირა.
Qualtrics-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს კვირაში ოთხი სამუშაო დღის არსებობის იდეა. მათ ურჩევნიათ იმუშავონ კვირაში 4 დღე, 10 საათის განმავლობაში, ვიდრე კვირაში 5 დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. გამოკითხულებიდან სამიდან ერთმა (37%) აღნიშნა, რომ ისინი მოკლე სამუშაო კვირას აირჩევდნენ, თუნდაც ეს ხელფასის შემცირებას ნიშნავდეს, 82%-მა კი აღნიშნა, რომ ისინი უფრო პროდუქტიულად იმუშავებდნენ შემცირებულ გრაფიკში.
ამ მონაცემების გათვალისწინებით რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მეტად მისაღები პირობა დასაქმებულებისთვის?
Qualtrics-მა რესპოდენტებს მეორე შეკითხვაც დაუსვა, კერძოდ, რომელ სამუშაო განრიგს ამჯობინებდნენ ორი ალტერნატივიდან. პირველი - 4 დღიანი სამუშაო კვირა, თუ მეორე - შესაძლებლობა თავად განსაზღვროს დასაქმებულმა სამუშაო დრო და განრიგი. გამოკითხულთა 50%-მა თქვა, რომ მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ სამუშაო საათების არჩევის თავისუფლება, 47%-მა კი აღნიშნა, რომ უპირატესობას ანიჭებენ 4 დღიან სამუშაო კვირას.
შედეგები თითქმის იდენტურია, თუმცა, აღნიშნული კვლევის შედეგებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასაქმებულებს სურთ ქონდეთ არა ოფისში ერთით ნაკლები დღის გატარების შესაძლებლობა, არამედ სურვილი, იგრძნონ, რომ თავად აკონტროლებენ საკუთარ განრიგს.
კომპანიებს შეუძლიათ სამუშაო დღეების შემცირების ნაცვლად, დასაქმებულებს და ინდუსტრიის სპეციფიკას მოარგონ სამუშაო დრო. ყველა ბიზნესს არ შეუძლია დახუროს კომპანია პარასკევ დღეს, ზოგიერთისთვის კი მისაღებია დამატებითი დასვენების დღე იყოს ოთხშაბათ დღეს და არა პარასკევს.
ეს განსხვავებული მიდგომები ადასტურებს, რომ დასაქმებულებს მოსწონთ სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირების იდეა, თუმცა კომპანიების მხრიდან არ არსებობს ერთიანი მიდგომა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს იდეა ტექნიკურად. ამის ნაცვლად, კომპანიებს შეუძლიათ დასაქმებულებს შესთავაზონ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ სამუშაო საათები. ერთი კომპანიისთვის და დასაქმებულებისთვის იდეალური განრიგი, განსხვავებული იქნება სხვების გამოცდილებისგან. დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სამსახურს და პირად ცხოვრებას შორის არსებული ბალანსის ნაკლები სტრესითა და შეზღუდვებით შენარჩუნების შესაძლებლობა.
შეგიძლიათ განიხილოთ სამუშაო კვირის შემცირება ან დასაქმებულების საქმეზე მორგებული სამუშაო განრიგის შეთავაზება. მთავარია დასაქმებულმა იგრძნოს, რომ თქვენ პატივს სცემთ მათი პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსს და ენდობით, რომ დაკისრებულ მოვალეობებს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.