დღეს, ახალი ამბებში ხშირად მოისმენთ ინფორმაციას მასობრივი შემცირებების შესახებ. ცოტა ხნის წინ, Morgan Stanley-მ გამოაცხადა, რომ სამუშაო ძალას შეამცირებს 2%-ით, Buzzfeed – 12%-ით, PepsiCo გეგმავს შეამციროს „ასეულობით“ სამუშო ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას Redfin-ზე (13%), Lyft (13%), Stripe (14%), Snap (20%), Opendoor (18%), Meta (13%) და Twitter (50%). იმდენად ბევრმა კომპანიამ დაიწყო შემცირებების პროცესი, რომ ტექ და HR ენტერპრენერებმა, შემცირებებისთვის თვალის სადევნებლად შექმნეს პროგრამები TrueUp Tech და Layoffs.fyi.
ტრადიციულად, დამსაქმებლები შემცირებებს მიმართავენ ფულის დაზოგვის მიზნით. კომპანიები ებღაუჭებიან იმ შეხედულებას, რომ სამუშაო ძალის შემცირება წარმოადგენს ფინანსური პრობლემების ყველაზე სწრაფ და მარტივ გადაწყვეტის გზას.
იმისთვის, რომ ლიდერებმა მიიღონ ჭკვიანური და ჰუმანური გადაწყვეტილებები დასაქმებულებთან დაკავშირებით, აუცილებელია, მათ გაიაზრონ სამი უახლესი ტრენდი.
1. ამბები სწრაფად ვრცელდება
პანდემიამდელ პერიოდში, ტრადიციულ საოფისე გარემოში, შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იგებდნენ მათი თანამშრომლის იმედგაცრუებული სახის დანახვისთანავე, როგორც კი თანამშრომელი უფროსთან შეხვედრის შემდეგ ოთახიდან გადიოდა.
დღეს, მართალია, დასაქმებულები ცალ-ცალკე დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ახალი ამბები გაცილებით უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება მესიჯის საშუალებით. ერთი ამგვარი შეტყობინებით, მსოფლიოს მასშტაბით ათი ათასობით დასაქმებულმა იცის შემცირების შესახებ. მიუხედავად იმისა, ეს სურთ კომპანიებს, თუ არა, კომუნიკაცია დაუყოვნებლივ ვრცელდება კომპანიის შიგნით და გარეთ, დასაქმებულებისგან ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ მედიაში, პრესაში და ინდუსტრიის წარმომადგენლებში.
2. კორპორატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის
ბიზნესს ყოველთვის უწევდა მისი ქმედებების გამართლება, თუმცა დღეს, ნებისმიერ ბიზნეს გადაწყვეტილების დასაბუთებას მნიშვნელოვანი კრიტიკა ხვდება ტრადიციული და სოციალური მედია საშუალებებისგან. ეს ფაქტი, განსაკუთრებით შეესაბამება ტექნოლოგიების სფეროს, იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქტებს და სერვისებს აქტიურად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომელთა ლიდერებსაც აქვთ ცნობილი ადამიანების სტატუსი. სოციალური მედიისთვის თვალის გადავლებით, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ კომპანიების მიერ მიღებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ყველა ადამიანს თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.
წარსულში, კომპანიის გადაწყვეტილებას შემცირების შესახებ, შეიძლებოდა მოჰყოლოდა შრომითი უფლებების დამცველთა მცირე ნაწილის უკმაყოფილება. დღეს, სოციალური მედიის დამსახურებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას მოსაზრება სამუშაო ძალის შემცირების თაობაზე.
3. პანდემიამ გვაჩვენა, რომ კომპანიებს აქვთ სხვა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც
პანდემიის ადრეულ თვეებში, ზოგიერთმა კომპანიამ გამოაცხადა მასობრივი შემცირება. თუმცა, იყვნენ კომპანიებიც, რომლებიც ამგვარად არ მოიქცნენ. მაგალითად, Salesforce-მა გამოაცხადა, რომ არ განახორციელებდნენ „მნიშვნელოვან“ შემცირებებს 90 დღის განმავლობაში და სხვა კომპანიებსაც მოუწოდა ანალოგიურად მოქცეულიყვნენ. ბევრმა კომპანიამ, მათ შორის, Starbucks-მა, Bank of America-მ და Morgan Stanley-მ თანამშრომლები დაამშვიდა, რომ 2020 წლის განმავლობაში მათ სამუშაო ადგილებს არაფერი ემუქრებოდა.
ამ კომპანიებმა აირჩიეს განსხვავებული გზა, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის ანაზღაურების შემცირება, თანამშრომლების გათავისუფლების ნაცვლად, მათი შვებულებაში გაშვება და ზოგ შემთხვევაში, აღმასრულებელი პოზიციების მქონე პირებისთვის საბაზისო ხელფასზე უარი. ზოგი კომპანია დასაქმებულებს ფინანსურ სირთულეებთან გასამკლავებლად სთავაზობდა გრანტებს ან დამატებით დასვენების დღეებზე.
ამ ქმედებების განხორციელებით, კომპანია აგრძნობინებდა დასაქმებულებს მათ მნიშვნელობას. თუმცა, ბევრმა ადამიანმა დაადანაშაულა იგივე ლიდერები თვალთმაქცობაში, როდესაც 2020 წლის ბოლოს, მიუხედავად რეკორდული მოგების მაჩვენებლებისა, საბოლოოდ მაინც მიმართეს დასაქმებულების შემცირებას.
შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია კომპანიამ გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებებიც:
- შემცირებები ანადგურებს ნდობას
გამოკითხულთა 85%-მა სამსახურის დაკარგვა შეაფასა მათ ყველაზე მნიშვნელოვან სადარდებლად. შემცირებები ანადგურებს ნდობას დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. შემცირების ქვეტექსტი ამგვარია, კომპანიას რომ უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდეს, დასაქმებულებს შეეძლებოდათ სამსახურის შენარჩუნება, თუ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს კარგად შეასრულებდნენ.
- შემცირებებს აქვთ ხანგრძლივად მოქმედების ეფექტი ადამიანების ჯანმრთელობასა და ფინანსებზე
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შემცირებაში მოხვედრა არის ყველაზე სტრესულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს შორის მეშვიდე ადგილზე და უსწრებს განქორწინებას, მხედველობის ან სმენის უცაბედად გაუარესებას ან ახლო მეგობრის სიკვდილს. ექსპერტთა მოსაზრებით, ადამიანს საშუალოდ 2 წელი სჭირდება სამსახურიდან შემცირების ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გასამკლავებლად.
იმ დასაქმებულებისთვის, რომლებთაც არ ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, შემცირებიდან პირველ 15-18 თვეში 83%-იანი ალბათობით განუვითარდებათ ჯანმრთელობის პრობლემა. შემცირებასთან დაკავშირებულმა ფსიქოლოგიურმა და ფინანსურმა სტრესმა სუიციდის რისკი შეიძლება გაზარდოს 1.3-დან 3 ჯერ. შემცირებულ დასაქმებულში ორჯერ მაღალია დეპრესიის განვითარების და ექვსჯერ მაღალია ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ალბათობა. შემცირებით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ნაყოფიერებაზეც კი.
- შემცირებები ნეგატიურად მოქმედებს კომპანიებზე, თუმცა რთულია მისი გაზომვა
1990 წლიდან მკვლევარები ცდილობენ გამოიკვლიონ თუ რა გავლენას ახდენს შემცირებები თავად კომპანიაზე და გაიაზრონ რისი გაუმჯობესება შეიძლება.
ორი ათწლეულის კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების უმრავლესობაში, რომლებმაც მიმართეს შემცირებებს, არ გაუმჯობესებულა მოგების მაჩვენებლები. ბაზრის პასუხი შემცირებაზე მოსალოდნელზე ნაკლებად პოზიტიური იყო. შემცირებები, რომელთა მიზანი მხოლოდ ხარჯების შემცირება იყო, საბოლოოდ იწვევდა წილების ღირებულების შემცირებას.
წყარო: What Companies Still Get Wrong About Layoffs (hbr.org)