გუნდის ლიდერებს მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ - მათ უნდა განსაზღვრონ გუნდის მიმართულება და წარმატება, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატებად უნდა გარდაიქმნას.
Forbes გვიზიარებს 5 სტრატეგიას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ გახდეთ უკეთესი გუნდური ლიდერი:
1. უკუკავშირის წახალისება;
მუდმივი გაუმჯობესების კულტურა იწყება უკუკავშირის გაცემით და მიღებით. ის ლიდერები, რომლებიც გუნდის წევრებს მოუწოდებენ გააზიარონ უკუკავშირი, გუნდში ამკვიდრებენ ერთიანობის და საერთო პასუხისმგებლობის შეგრძნებას. გუნდის წევრების მოსმენით შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება, მათი დაკვირვებები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
უკუკავშირის მიღების მზაობით თქვენ გუნდის წევრებს აჩვენებთ, რომ მზად ხართ გულწრფელობისთვის და განვითარებისთვის. დანერგეთ რეგულარული პირისპირ შეხვედრები გუნდის წევრებთან და მოინიშნეთ განსავითარებელი მიმართულებები.
2. პირადი მაგალითის მიცემა;
ყველაზე გავლენიანი ლიდერები ისინი არიან, რომლებიც საქმით ამტკიცებენ სიტყვიერად გაჟღერებულ გეგმებს.
პირადი მაგალითის მიცემით გუნდში უნდა დაამკვიდროთ ქცევის და პასუხისმგებლობის სტანდარტი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრები გაიზიარებენ.
როდესაც დასაქმებულები ხედავენ, რომ მათი ლიდერი თავდადებულად მუშაობს, კომპანიის ერთგულია, ეთიკურია დასაქმებულების მიმართ, ისინი უფრო დიდი ალბათობით სარკისებურად აირეკლავენ იმავე ქცევებს.
3. საერთო მიზნების დასახვა;
მიზნების დასახვა არ უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩართეთ გუნდის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიზნების დასახვისას მათი მონაწილეობა გაზრდის პასუხისმგებლობას და მოტივაციას.
საერთო მიზნების დასახვით გუნდში იქმნება ერთად მუშაობის კულტურა, იზრდება პროდუქტიულობა. მიეცით გუნდის წევრებს შესაძლებლობა გაგიზიარონ საკუთარი დაკვირვებები და ხედვა.
4. ღია და გულწრფელი კომუნიკაცია;
გამჭვირვალე კომუნიკაცია ეფექტური ლიდერობის საფუძველია. გულწრფელობა განაპირობებს ნდობას და უზრუნველყოფს, რომ გუნდის ყველა წევრმა იცის რა რა არის საერთო მიზანი, რა გამოწვევები აქვს გუნდს და ა.შ.
ლიდერის მისიაა შექმნას იმგვარი გარემო, სადაც ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია იქნება ნორმა და არა გამონაკლისი. პირველ რიგში ლიდერმა უნდა განსაზღვროს ნათელი და აშკარა მიზნები, მოლოდინები, გასცეს კონსტრუქციული უკუკავშირი, გაუზიაროს გუნდს ინფორმაცია კომპანიის გამოწვევების და წარმატებებების შესახებ. ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ გუნდთან ხშირად შეხვედრით შეიძლება.
5. წარმატების აღნიშვნა;
აღიარება ძლიერი მოტივატორია. ლიდერებმა უნდა აღიარონ მათი გუნდის წევრების წარმატებები და აღნიშნონ ისინი სხვა წევრებთან ერთად. აღნიშვნა შეიძლება იყოს საჯარო მადლობის გადახდა ან შეიძლება გამოიხატოს მატერიალური ფორმით, მცირე საჩუქრით, ფულადი ბონუსით და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ აღიარება იყოს გულწრფელი და დროული, მორგებული უნდა იყოს გუნდზე.
წყარო - https://www.forbes.com/sites/andrewfennell/2024/06/25/5-ways-to-be-a-better-team-leader/