საჩუქრები ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით პოპულარულია თამაში - საიდუმლო სანტა. ამ თამაშს ხშირად თამაშობენ სამსახურში ან ოჯახურ შეკრებებზე, როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანი იკრიბება. მიუხედავად თამაშის მსოფლიო პოპულარობისა, ცოტამ იცის მისი წარმოშობის ისტორია.
თუ ერთხელ მაინც გითამაშიათ საიდუმლო სანტა, გეცოდინებათ მისი მექანიკა - ჯგუფში ნაწილდება თამაშის მონაწილეთა სახელები და საჩუქარი ანონიმურად უნდა აჩუქოთ იმ ადამიანს, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეგხვდებათ. თამაშის სახელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, რადგან საჩუქრის მიმღებმა არ იცის ვინ არის მისი საიდუმლო სანტა. ხშირად, მონაწილეები ცდილობენ, გამოიცნონ ვინ არის მათი სანტა საჩუქრის გახსნის შემდეგ.
საიდუმლო სანტა დასავლური ტრადიციაა. თამაშის სულისჩამდგმელად მიიჩნევა ფილანტროპი ლარი დინ სტიუარტი. USA TODAY-ის თანახმად, 25 წლის განმავლობაში სტიუარტი ანონიმურად ჩუქნიდა 100 დოლარიან კუპიურებს კანზასის მოსახლეობას. 9/11-ის ტრაგედიის შემდეგ მან 25000 დოლარი აჩუქა ნიუ იორკის მოსახლეობას 100 დოლარიანი კუპიურების სახით. მისი ვინაობა საბოლოოდ 2006 წელს გამჟღავნდა.
საიდუმლო სანტას სხვადასხვა სახელით იცნობენ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მსგავსი პრინციპის თამაში „Kris Kringle“-ის სახელით არის ცნობილი, ირლანდიაში კი “Kris Kindle” ქვია (სახელი სიტყვების თამაშია და მომდინარეობს Christ Child-დან). თამაშის ეს სახელი გავრცელებულია კანადაში, ავსტრალიასა და ავსტრიაში. გერმანიაში, საიდუმლო სანტას Wichteln ქვია (რაც გობლინს ან ელფს ნიშნავს).
ზოგი წყაროს თანახმად, საიდუმლო სანტას ტრადიცია სკანდინავიიდან მოდის, სადაც მას Julklapp ქვია. სკანდინავიური ტრადიციის თანახმად, საჩუქარი სახლის კართან უნდა დატოვო, დააკაკუნო კარზე და გაიქცე.
ზემოთ ნახსენებ ყველა თამაშს და მათ სახელს აერთიანებს ერთი რამ - სახელში მითითებულია ადამიანი ან არსება, ვისაც ადამიანებისთვის საჩუქარი მოაქვს. ამერიკელებისთვის ეს სანტა კლაუსია, ირლანდიაში - ქრისტე.
საიდუმლო სანტასთან ერთად პოპულარული საშობაო თამაშია თეთრი სპილო. ამ თამაშში, მონაწილეები შეფუთულ საჩუქრებს აწყობენ ნაძვის ხის ქვეშ, მონაწილე ირჩევს შემთხვევითობის პრინციპით რომელიმე საჩუქარს და ხსნის მას. მონაწილეებს შეუძლიათ გახსნილი საჩუქრები ერთმანეთს გაუცვალონ.
მთავარი წესი, რაც საიდუმლო სანტას გამორჩეულ თამაშად აქცევს, მისი საიდუმლობაა. არავინ უნდა იცოდეს ვინ არის მისი სანტა. ხშირად, გაოცების შეგრძნებას თავად საჩუქარზე დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია.