ინოვაციური გამოგონებებით და ტექნოლოგიებით ახალ სამყაროს ვაშენებთ, თუმცა რა მოხდება მაშინ, თუ ეს გამოგონებები გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილებზე? ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი, ზოგიერთ სამუშაო პოზიციას ფუნქციას დაუკარგავს. გარდა ამისა, ეკონომიკური კრიზისის ან ცუდი მენეჯმენტის გამო ყველაზე სტაბილურ ინდუსტრიებსაც კი შეიძლება შეეხოს შემცირებების დიდი ტალღა. ამ რეალობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათადარიგო გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ მოულოდნელ ცვლილებებთან გამკლავებაში:
1. ნაცნობების დიდი წრე;
ახალი სამსახურის შემოთავაზების მიღება გაცილებით მარტივია, როდესაც კანდიდატს დიდი სანაცნობო წრე ჰყავს. ახალი ნაცნობების შესაძენად არსებულ ნაცნობებს უნდა თხოვოთ დაგაკავშიროთ მათ ნაცნობებთან. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ბუნებრივი საქციელია, ზოგიერთისთვის კი დამღლელი დავალება.
ახალი ნაცნობების შესაძენად საუკეთესო დროა, როდესაც მათი დახმარება არ გჭირდებათ. ნაცნობების წრის გაფართოება ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი უნდა გახდეს. თუ დადგება მათი დახმარების გამოყენების დრო, რეზიუმეების უცნობ ადამიანებთან გაგზავნის ნაცვლად, გამოიყენებთ თქვენს სანაცნობო წრეს.
2. გაარკვიეთ საკუთარი მოტივაციები;
სათადარიგო გეგმის შესადგენად მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის თქვენი მოტივაცია. მაგალითად, გიყვართ თუ არა კომპანია, სადაც მუშაობთ და გინდათ მის წარმატებაში შეიტანოთ წვლილი, შეიძლება კონკრეტული სფერო ან პროფესია გიზიდავთ და გინდათ საუკეთესო გახდეთ ამ სფეროში ან თქვენთვის მთავარი მოტივაციაა დიდი მიზნის მიღწევა - უსამართლობასთან ბრძოლა და მსოფლიოს უკეთეს ადგილად გახდომის სურვილი.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, შეძლებთ განსაზღვროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი სფერო და კარიერული განვითარების სამომავლო შესაძლებლობები.
3. განაახლეთ რეზიუმე;
TopResume-ს უახლესი კვლევის თანახმად, პროფესიონალების უმრალესობა არ აახლებს რეზიუმეს, იქამდე, სანამ მისი გამოყენება არ დასჭირდებათ. ამავე კომპანიის კარიერის ექსპერტთა მოსაზრებით, სასურველია რეზიუმეს პერიოდულად გადახედოთ და მიუთითოთ განახლებული ინფორმაცია. ამგვარად, დაზოგავთ დროს და საჭიროების შემთხვევაში სტრესულ პირობებში არ მოგიწევთ რეზიუმეზე ფიქრი.
რეზიუმეში მუდმივად არის მისათითებელი ახალი ინფორმაცია - პოზიციური ცვლილებები, ახალი გამოცდილებები, ცოდნა და სერტიფიკატები.
4. განსაზღვეთ უნარები, რომელთა გამოყენება შეიძლება სხვადასხვა პოზიციაზე;
კარიერული კიბე დღეს განსხვავებულად გამოიყურება. ტრადიციული გზის და ინდუსტრიის მოთხოვნების ერთხაზოვნად მიყოლის ნაცვლად, დასაქმებულები მეტად არიან დაინტერესებულები საკუთარი უნარების მუდმივი განვითარებით, მეტად ენდობიან პროცესს.
მაგალითად, კანდიდატს, რომელიც მუშაობს მომხმარებლების მომსახურების სფეროში კარგად განვითარებული ექნება მომსახურების და ბევრი სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარები. ეს უნარები, პროფესიული ტრენინგების დახმარებით, შეიძლება ტრანსფორმირდეს ნებისმიერ სხვა პოზიციისთვის საჭირო უნარებში.
საკუთარი უნარების გადააზრება დაგეხმარებათ გამოყოთ განსავითარებელი უნარები. ეს პროცესი აღმოგაჩენინებთ რომელი უნარების გაძლიერება გჭირდებათ იმისთვის, რომ რლევანტური და აქტუალური დარჩეთ შრომით ბაზრზე და დამსაქმებლებისთვის სასურველი კანდიდატი იყოთ.
5. საკუთარი თავი წარმოიდგინეთ მომავალში;
როგორი ტიპის სათადარიგო გეგმასაც არ უნდა სახავდეთ, სცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი 5 ან 10 წლის შემდეგ.
თქვენი მომავლის რამდენიმე ალტერნატივის ერთდროულად წარმოდგენით, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი მათგანი შეგეფერებათ ყველაზე მეტად. წარმოიდგინეთ როგორი გინდათ იყოს თქვენი კარიერა და შემდეგ დაგეგმეთ ნაბიჯები მის მისაღწევად.
წყარო - https://www.fastcompany.com/90901945/how-why-create-backup-plan-career?partner=rss&utm_source=rss&utm_medium=feed&utm_campaign=rss+fastcompany&utm_content=rss