ადამიანები სოციალური არსებები არიან და სრულფასოვნად ცხოვრებისთვის სჭირდებათ სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ერთიანობის შეგრძნება. ხანგრძლივ კეთილდღეობას და ბედნიერებას დიდწილად განაპირობებს სხვა ადამიანებთან ერთიანობის შეგრძნება და საერთო მიზნისკენ სწრაფვა.
სამსახურში დასაქმებულების გაერთიანება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების საპოვნელად, არამედ ჯანსაღი და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.
FastCompany-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ დასაქმებულთა ნახევარზე მეტი, 55%, თავს სამსახურში მარტო გრძნობს. გამოკითხულთა 79% კი თვლის, რომ მათი თანამშრომელი გრძნობს თავს მარტოსულად. ამ ორ მაჩვენებელს შორის არსებული განსხვავება ცხადყოფს, რომ მარტოობასთან დაკავშირებით სამსახურში სტიგმა არსებობს. ეს სტიგმა ადამიანებს არ აძლევს საშუალებას გულწრფელად გამოხატონ საკუთარი გრძნობები ურთიერთობების, სოციალიზაციის და მარტოობის შესახებ.
კვლევების თანახმად, სამსახურში მარტოობის წინააღმდეგ ერთიანობის შეგრძნების ჩამოყალიბება უპირველესი იარაღია. ერთიანობის შეგრძნება დასაქმებულებს ეხმარებათ წარმატების მიღწევაში სამსახურსა და სამსახურს გარეთ. დასაქმებულები, რომლებთაც თავი გუნდის წევრად მიაჩნიათ უფრო ეფექტურები არიან, კარგად გრძნობენ თავს და არ განიხილავენ ახალი სამსახურის მოძებნას.
FastCompany გვიზიარებს სამ გზას, სამსახურში დასაქმებულებს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მათი ერთ გუნდად შეკვრისთვის:
1. პრობლემების გუნდურად გადაჭრა;
დასაქმებულებს შორის მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია საპასუხისმგებლო, კრიზისულ სიტუაციებში ერთად მუშაობა. პრობლემების გადაჭრას გუნდი ერთად უნდა ცდილობდეს. ასეთ დროს, ორი განსაკუთრებული რამ ხდება - პირველი, დასაქმებულები იაზრებენ, რომ შეცდომების დაშვება გარდაუვალია და სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია და მეორე, დასაქმებულებს ეძლევათ ერთმანეთის უკეთ გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა. კრიზისულ სიტუაციაში ერთ გუნდად მუშაობისას, თანამშრომლები ერთად იზრდებიან და მყარდება მათი პროფესიული ურთიერთობები.
2. ერთად გართობა;
სამსახურში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა საქმეა, თუმცა გუნდის წევრებს შორის ერთიანობის შეგრძნების შესაქმნელად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთად გართობა. ამისთვის მრავალფეროვანი გზები და საშუალებები არსებობს, მაგალითად გამარჯვებების და წარმატებების ერთად აღნიშვნა, თვის თანამშრომლის ნომინაცია და სხვა. გასართობი აქტივობები შეიძლება იყოს როგორც სამსახურში, ასევე, სამსახურს გარეთ, პირადად და ვირტუალურად.
3. მარტივი საუბრები ე.წ. small talk;
მარტივი, ყოველდღიური საუბრები ცუდ ტონად ითვლება ხოლმე. ადამიანები შეცდომით მიიჩნევენ, რომ ამგვარი საუბრები დროის კარგვაა და არაფრის მომცემია და უარს ამბობენ მათზე რადგან ძალიან დაკავებულები არიან ან არაფერი აქვთ სხვებისთვის გასაზიარებლად „საკმარისად საინტერესო“. Small Talk აუმჯობესებს დასაქმებულების ჩართულობას სამუშაო პროცესში.
სამსახურში მყარი ურთიერთობები და ერთიანობის შეგრძნება წარმატებული ბიზნესის მთავარი საფუძველია. დასაქმებულები, რომლებიც თავს ერთიანი გუნდის ნაწილად გრძნობენ, უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად მუშაობენ.
წყარო - 3 ways to foster a sense of community at work (fastcompany.com)