პანდემიის დაწყებამდე, დისტანიურად მუშაობის შესაძლებლობა და სამუშაო გრაფიკის მოქნილობა თანამშორმლებისა და პოტენციური დასაქმებულებისთვის ერთგვარ „ბენეფიტს“ წარმოადგენდა. კომპანიის HR მენეჯერები, ამ მიდგომას თანამშრომელთა მოტივაციის გასაზრდელად, ტალანტების მოსაზიდად და მათ შესანარჩუნებლად იყენებდნენ.
დღეს, პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე, დისტანციურად მუშაობა თითქმის ყველა დასაქმებულმა გამოსცადა. Mercer-ის უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, Covid-19-ის შემდეგ, დისტანციურად მუშაობა და სამუშაო გრაფიკის მოქნილობა კომპანიების უმრავლესობის სამუშაო კულტურის ნაწილად იქცევა.
Mercer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლორენ მენსონის თქმით, პანდემიის პერიოდში დისტანცურად მუშაობასთან დაკავშირებული მიდგომები სრულიად შეიცვალა. აქამდე, თითქმის ყველა ორგანიზაციაში დისტანცურად მუშაობა მხოლოდ ავადმყოფობის ან გადაუდებელი სიტუაციების არსებობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. თუმცა, მას შემდეგ რაც სკოლები და ოფისები დაიკეტა, დისტანციურმა მუშაობამ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა.
Mercer-ის კვლევის მიხედვით, თანამშრომელთა 90% ამბობს, რომ მათი პროდუქტიულობა დისტანციურად მუშაობის პირობებში არ შეცვლილა და შესაძლოა გაიზარდა კიდეც. ამას ადასტურებს კომპანიების მიდგომაც, რომელთა 83% პოსტ პანდემიურ პერიოდშიც დისტანციურად მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა სამუშაო დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას არ იძლევა. ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მოქნილობის შესაძლებლობა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გავრცელდეს.
მენსონი სამუშაოს მოქნილობის კულტურის დანერგვისათვის კომპანიებს რამდენიმე რჩევას აძლევს:
1) პანდემიის დროს თითქმის ყველა კომპანიამ კარგად დაინახა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვთ ბიზნესისთვის Frontline-ის თანამშრომლებს. თუმცა ცალსახაა ისიც, რომ ეს ადამიანები სამუშაოს დისტანციურად ვერ შეასრულებენ. ამიტომ, მოქნილი სამუშაოს შესაძლებლობის დანერგვისას, კომპანიებმა ამ თანამშრომლებს სამუშაო დროის გადანაწილებისა და მუშაობის სტილის თავად შერჩევის შესაძლებლობა უნდა მისცენ.
2) ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, ამერიკის ოჯახების 60%-ში ორივე მშობელი დასაქმებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ დისტანციურად მუშაობისას, მათ პარალელურად შვილების მოვლაც უწევთ - მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც სკოლები დახურულია. მენსონის თქმით, ასეთ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ, როდის და როგორ შეასრულონ სამუშაო.
Covid 19-ის სამყაროში სამუშაოს მოქნილობა თანამშრომლობის სტილს ცვლის. დღეს სამიდან ერთი კომპანია ამბობს, რომ მომავალში მათი სამუშაო ძალის ნახევარი დისტანციურად იქნება დასაქმებული, ხოლო სამი მეოთხედი კი - თავისი თანამშრომლების 25%-ს დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს.
მენსონის აზრით, სამუშაოს მოქნილობის დღევანდელი დონის შენარჩუნება მენეჯერული მიდგომების, ბიზნეს პროცესებისა და კომპანიის აღჭურვილობის ცვლილებას მოითხოვს. მხოლოდ ასე შეძლებენ ორგანიზაციები მოქნილ სამუშაო გარემოშიც შეინარჩუნონ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და შედეგები.