კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ნაბიჯები ცვალებადია. აპლიკაციების გადარჩევის პროცესში რეკრუტერებს უწევთ გაითვალისწინონ, რომ დღეს აპლიკანტების დიდი რაოდენობა რეზიუმეს შედგენისთვის შეიძლება იყენებდეს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა საშუალებას, მაგალითად ChatGPT-ს.
კომპანია Computerworld-მა უახლესი კვლევის ფარგლებში გამოკითხა 2’153 კანდიდატი, რომლებთაც უნდა გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება რამდენად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებას სამსახურის ძიების პროცესში. კვლევის მონაწილეთა 88%-მა მიუთითა, რომ ისინი იყენებენ ან მომავალში გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. დასაქმების სტატისტიკა ადასტურებს ამ მეთოდის გამოყენების წარმატებას - გამოკითხულთა 78% უთითებს, რომ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, ხოლო 59% უთითებს და საბოლოოდ მიიღო სასურველი შემოთავაზება დამსაქმებლისგან. კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა, რომ 10-დან 4-მა ინტერვიუერმა ვერ შეძლო გაერჩია თუ რომელმა კანდიდატებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის დახმარება. ასევე, 35%-მა აღნიშნა, რომ ვერ მიიღეს შემოთავაზება დამსაქმებლისგან, რადგან ინტერვიუერი მიხვდა, რომ მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
კვლევის შედეგები შეიძლება დაბნეულობას იწვევდეს. ChatGPT-ის გამოყენება აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი არაკვალიფიციურია? იქნებ ზოგიერთი კანდიდატი უბრალოდ არასწორად იყენებს მას?
ChatGPT-ის გამოყენებით შეიძლება კარგი რეზიუმეს შექმნა იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი მას სწორ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასურველი პოზიციის, მისი გამოცდილების და მიზნების შესახებ. ხელოვნური ინტელექტი კარგი საშუალებაა მათთვის, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა. ენის საკმარის დონეზე არცოდნა არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები არიან. ChatGPT-ის შეუძლია კანდიდატის მიერ მითითებული უნარები შეუსაბამოს ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას და შექმნას პერსონალიზირებული რეზიუმე, რომელიც კორექტირების შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს.
მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის ამ დადებითი მხარეებისა, მისი გამოყენება უარყოფით კონტექსტში, დამსაქმებლის შეცდომაში შესაყვანადაც შეიძლება. FastCompany გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება რეკრუტერმა აღმოაჩინოს რეზიუმეს შემოწმებისას მასში ხელოვნური ინტელექტის კვალი:
1. რეზიუმე პირდაპირ იმეორებს სამუშაო აღწერილობას ცვლილებების გარეშე, დიდი ალბათობით ის ცუდად არის ავტომატურად გენერირებული ხელოვნური ინტელექტის მიერ;
2. რეზიუმეს წერის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება კანდიდატის წარმოდგენილი სხვა დოკუმენტების სტილისგან;
3. რეზიუმეები ერთმანეთს შაბლონურად ჰგავს - ისინი შედგენილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და დიდი ალბათობით მათში მითითებული ინფორმაცია არ არის სწორი;
4. ChatGPT-ს ინფორმაცია 2021 წლამდე აქვს, შესაბამისად, თუ ეძებთ კანდიდატებს ახალი პოზიციისთვის, შეიძლება ChatGPT-ს კარგად არ ესმოდეს ა, პოზიციის კონტექსტი და სხვა ნიუანსები - სამუშაო გამოცდილება, მიღწევები და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა პერსონალიზირებული რეზიუმე, მისი გარჩევა საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, რეკრუტერებს შეუძლიათ შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:
1. შერჩევის პროცესში გამოცდილებაზე დაფუძნებული კითხვების დასმა - გაარკვიეთ აქვს თუ არა კანდიდატს თქვენთვის სასურველი გამოცდილება პერსონალიზირებული კითხვების დასმით;
2. რეკომენდაციების გადამოწმება - არასდროს დატოვოთ უყურადღებოთ რეკომენდაციები, დაეკონტაქტეთ მითითებულ რეკომენდატორებს და შეამოწმეთ მათი კომპეტენცია;
3. რეზიუმეში მითითებული უნარების გადამოწმება - ყურადღება მიაქციეთ რეზიუმეში მითითებულ უნარებს. ჩამოთვლილი უნარები ზუსტად შეესაბამება სამუშაო აღწერილობას? ეს შეიძლება მთავარი მანიშნებელი იყოს, რომ რეზიუმე ხელოვნური ინტელექტის შექმნილია;
4. ტელეფონით გასაუბრება - გაესაუბრეთ კანდიდატს ტელეფონზე, დაუსვით გაცნობითი შეკითხვები და დააკვირდით მათ პასუხებს;
5. პრეზენტაციის უნარი - მიუხედავად იმისა კანდიდატს გასაუბრებაზე დაიბარებთ პირადად თუ მეილით გაქვთ მიმოწერა, დააკვირდით განსხვავდება თუ არა მათი რეზიუმეს წერის სტილი და პრეზენტაციის სტილი;
6. ინფორმაციის სისწორის გადამოწმება LinkedIn-ზე - განსხვავებული წერის სტილი და რეზიუმეში მითითებული არასწორი ინფორმაციის გადამოწმება მარტივად შეიძლება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში;
7. კომპანიისთვის შესაბამისი შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება - რეზიუმეების და სამოტივაციო წერილების მიღმა, შეიძლება მოიფიქროთ შერჩევის დამატებითი კრიტერიუმი, რომელიც მორგებული იქნება კომპანიის ინტერესებზე, მაგალითად, დამატებითი დავალებები;
წყარო - Red flags that show someone used generative AI on their resume (fastcompany.com)