გადაწვა სამსახურთან დაკავშირებულ გამუდმებულ სტრესზე საპასუხო რეაქციაა. სტრესის ფაქტორები დროთა განმავლობაში გროვდება და იწვევს დასაქმებულის, მისი ენერგიის, ჩართულობის, თვითრწმენის გამოფიტვას. ასეთ დროს ადამიანი გრძნობს დაღლას, ხდება ცინიკური და არაეფექტური. გადაწვის სინდრომთან ბრძოლის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა ხშირად, ისინი მიზნად ისახავენ არა სტრესის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას, არამედ, გადაწვის შედეგების შემცირებას. გადაწვა სამსახურში მენეჯერული და ორგანიზაციული საკითხია და არა დასაქმებულის ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა.
გადაწვის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია შეიცვალოს მასთან დაკავშირებული მიდგომები. ყველაზე ეფექტური გზაა, გაუმჯობესდეს დასაქმებულსა და სამსახურს შორის არსებული კავშირი. ამისთვის, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს იმგვარი პოზიციის, სამუშაოს, დავალების შექმნა, რომელიც შეესაბამება დასაქმებულის პიროვნებას და გამოცდილებას.
გადაწვის გამომწვევი სტრესის ფაქტორები, შეიძლება წარმოიშვას დასაქმებულსა და სამსახურს შორის არსებული შეუთავსებლობების გამო. შეუთავსებლობა გამოიხატება სამსახურის და პიროვნების ძირითადი საჭიროებების შეუთავსებლობაში, როგორიც შეიძლება იყოს კომპეტენცია, მიკუთვნებულობის შეგრძნება და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. შეუთავსებლობა შეიძლება დაიყოს 6 ძირითად მიმართულებად, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისთვის, მათი სამუშაო ადგილის მიუხედავად:
1. სამუშაოს მოცულობის გამო - სამსახურში გადატვირთული სამუშაო განრიგი და სამუშაოს წარმატებით შესასრულებლად არასაკმარისი რესურსები;
2. კონტროლის შესაძლებლობის არარსებობის გამო;
3. ჯილდოს, კარგად შესრულებული სამუშაოს აღიარების არარსებობის გამო;
4. გარემოს და ადამიანების გამო - ტოქსიკური გარემო სამსახურში, დასაქმებულები არ ენდობიან ერთმანეთს;
5. სამართლიანობის გამო - სამსახურში ხშირია დისკრიმინაციული და არათანაბარი მიდგომები დასაქმებულების მიმართ;
6. ღირებულებების გამო - სამსახურთან ეთიკური, მორალური და სამართლებრივი ღირებულებების შეუთავსებლობა.
აღნიშნული ფაქტორების შესაბამისად შეგიძლიათ გამოყოთ სამსახურში თანამშრომლისთვის შესაძლო სტრესის მიზეზები. ამ ფაქტორების საწინააღმდეგოდ მოქმედებით და შეუთავსებლობის მიზეზების აღმოხვრით, დასაქმებულებს დაეხმარებით უკეთ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შეიძლება შეიცვალოს მათი მიდგომა გადაწვის მიმართაც, გახდნენ უფრო მეტად ჩართულები მუშაობის პროცესში.
Harvard Business Review გვიზიარებს რჩევებს თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ლიდერებს და მენეჯერებს, იმისთვის, რომ შექმნან დასაქმებულებზე მორგებული, მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემო და საქმე:
1. შეუთავსებლობის ფაქტორების შესახებ გამოკითხეთ დასაქმებულები;
ჩაატარეთ ანონიმური კვლევა დასაქმებულებს შორის, წამოიწყეთ დიალოგი შეუთავსებლობის ფაქტორებთან დაკავშირებით, მოისმინეთ თქვენი დასაქმებულების გამოცდილებები და მიიღეთ მათგან შემოთავაზებები, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს კონკრეტული პრობლემა.
კვლევის ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების გაანალიზება და მათი ყველა დასაქმებულისთვის საჯაროდ გაცნობა. ამ გზით თქვენ დასაქმებულებს დაანახებთ, რომ მოუსმინეთ მათ საჭიროებებს, გაიაზრეთ ისინი და აპირებთ რეკომენდაციების გათვალისწინებას.
2. მზად იყავით ცვლილებებისთვის;
კვლევის ჩატარების და შეუთავსებლობის ფაქტორების გამოვლენის შემდეგი ნაბიჯია, სამუშაოს შესრულებისთვის ახალი გზების პოვნა. კვლევის შემდეგ თანამშრომლებისთვის შედეგების შესახებ პრეზენტაციის ჩატარება, მათთან დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა. მიიღეთ მათგან უკუკავშირი თუ შეიძლება მუშაობის პროცესის გამოსწორება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშნელოვანია, დასაქმებულებთან ერთად იპოვოთ პრობლემების გადაჭრის გზები და დაგეგმოთ შეუთავსებლობის აღმოსაფხვრელი სტრატეგიები.
3. დასახეთ მარტივი და დროში სწრაფად მიღწევადი პატარა მიზნები;
დიდი ცვლილებების განხორციელების დროს, მნიშნელოვანია პატარა, ხელშესახები მიზნების დასახვა. პატარა წარმატებები დაგეხმარებათ უფრო დიდხანს დარჩეთ თქვენს არჩეულ გზაზე და ხანგრძლივი მოგზაურობა დიდი მიზნის მისაღწევად წარმატებულად დასრულდეს.
4. გაამარტივეთ შესასრულებელი საქმე და პროცესები;
სამუშაოს ან დავალებების მოდიფიცირების პროცესში შეეცადეთ მაქსიმალურად გაამარტივოთ ის. თუ პოზიციას ემატება ახალი დავალებები, მოაკელით ძველი. იმგვარად განსაზღვრეთ პროცესები, რომ დააბალანსოთ გადატვირთული და დასვენების პერიოდები, თანაბრად გაანაწილეთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს გუნდთან ერთად მუშაობას და სამუშაო, რომელიც მარტო უნდა შესრულდეს.
შეუთავსებლობა შეიძლება გამოიწვიოს სამუშაომ, რომელიც შეიძლება დისტანციურად შესრულდეს, თუმცა კომპანია ითხოვს ოფისში გამოცხადებას, ან კომპანიაში მიღებულია ჰიბრიდულად მუშაობის მოდელი. ბუნებრივია, დასაქმებულებს არ მოეწონებათ მოუქნელი პოლიტიკა, რომელიც მათ აიძულებს სამსახურში ფიზიკურად გამოცხადებას იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც შეიძლება დისტანციურადაც შესრულდეს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ დაგეგმოთ და წინასწარ განსაზღვროთ „ერთად ყოფნის“ და დისტანციურად მუშაობის პერიოდები.
5. პერიოდულად შეამოწმეთ პროცესები;
ნებისმიერი სიახლის დანერგვისას აუცილებელია პროცესების მუდმივი გადახედვა, ცვლილება და დახვეწა. ნამდვილი პროგრესი ყოველთვის გულისხმობს პრაქტიკაში დატესტვას და გზადაგზა ცვლილებების შეტანას. შეიმუშავეთ პროცედურა, რომელიც სამუშაოს შესრულების ეტაპზე შეაფასებს რამდენად შეესაბამება დაკავებული პოზიცია და დავალებები დასაქმებულს.
დასაქმებულის და სამსახურის შეუთავსებლობის გამოვლენაში განსაკუთრებული როლი უჭირავთ პირველი ხაზის მენეჯერებს. ისინი მუშაოვბენ გუნდებთან და ინდივიდუალურად თანამშრომლებთან, შესაბამისად, მათ უფრო მარტივად შეუძლიათ აღმოაჩინონ პრობლემური საკითხები და მოიფიქრონ მათი მოგვარების საუკეთესო გზები.
გადაწვის პრობლემის მოგვარების ერთი ჯადოსნური ღილაკის პოვნის ნაცვლად, მენეჯერებმა უნდა მოიფიქრონ ლიდერობის ახალი სტილი. დღევანდელ შრომით ბაზარზე კომპანიებს უფრო მეტად მოეთხოვებათ დააკვირდნენ და აღმოაჩინონ შეუთავსებლობის და სტრესის ნიშნები, უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ დასაქმებულთა ფსიქოლოგიურ მოტივატორებს, შესთავაზონ მათ მეტი მოქნილობა შესასრულებელ დავალებებსა და სამსახურში.
წყარო - To Curb Burnout, Design Jobs to Better Match Employees’ Needs (hbr.org)