არ აქვს მნიშვნელობა როგორი დამოკიდებულება გაქვთ უკუკავშირის მიმართ, მისი არსებობის გარეშე რთულია წინსვლა და განვითარება. ეს განსაკუთრებით სამსახურს ეხება. ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ როგორ ვმუშაობთ, აქვს თუ არა ჩვენს შრომას შედეგი, შეგვიძლია თუ არა რამის გაუმჯობესება.
FastCompany-ის მიერ გაზიარებული კვლევის თანახმად, მენეჯერები ნაკლებად აძლევენ დასაქმებულებს ღირებულ უკუკავშირს, მათი შეფასებები ხშირად ბუნდოვანია.
FastCompany გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მენეჯერის მიერ გაზიარებული უკუკავშირი არ არის საკმარისი:
- კომპანიის ბიზნესის სტრატეგიის გაანალიზება;
კომპანიის ბიზნესის სტრატეგიის აღქმა დაგეხმარებათ განსაზღვროთ შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ გაწეული სამუშაო კომპანიის მიზნებს. თქვენი ღირებულების გააზრება დაგეხმარებათ მოტივაციის გაზრდაშიც. მნიშნელოვანია კარგად აღიქვათ რა პირდაპირი ეფექტი აქვს თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოს კომპანიის მიზნებზე, მომხმარებლებზე და ა.შ.
ეს ცოდნა დაგეხმარებათ გესმოდეთ და უფრო მარტივად ადაპტირდეთ ბაზრის ცვლილებებთან და მოთხოვნებთან, იქნება ეს კომპანიის შიდა ცვლილებები თუ სხვა სიახლეები ინდუსტრიაში. კომპანიის მიზნების ცოდნით შეგეძლებათ მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და თქვენი ლიდერული უნარ-ჩვევები პრაქტიკაშიც გამოიყენოთ.
იმისთვის, რომ გაიგოთ კომპანიის სტრატეგია, გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა და გაიზარდოთ კარიერულად, უნდა იყოთ პროაქტიური, იპოვეთ შესაძლებლობები კომპანიის შიგნით, რომ მონაწილეობა მიიღოთ სტრატეგიულ შეხვედრებში, მიიღოთ რეგულარული სიახლეები მენეჯმენტისგან, ჩაერთეთ დავალებებში, რომელთა შესრულებაშიც ჩართულია სხვადასხვა გუნდები.
თვალყური ადევნეთ ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ტრენდებს, კონკურენტების ქმედებებს. ეს დაგეხმარებათ უფრო სრულყოფილი ცოდნა დააგროვოთ. დამატებით, შეგიძლიათ კომპანიაში იპოვოთ მენტორი, რომელსაც შეეძლება გაგიზიაროთ საკუთარი განსაკუთრებული გამოცდილება.
- მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი პოზიცია და პასუხისმგებლობები;
იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ მენეჯერის ჩართულობის გარეშე, კარგად უნდა გესმოდეთ თქვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. განსაზღვრეთ რა უნარები, ცოდნა და საქციელია საჭირო თქვენი პოზიციისთვის და როლისთვის წარმატების მისაღწევად. ხომ არ არის საჭირო რომელიმე მახასიათებლის დაზუსტება? შეხვდით ეიჩარს და მასთან ერთად ჩამოაყალიბეთ თქვენი სამუშაო აღწერილობა, სადაც ზუსტად იქნება მითითებული რა უნარები და ცოდნაა საჭირო თქვენი პოზიციისთვის.
მოლოდინების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებიან თქვენი გუნდის წევრები ან არაპირდაპირი მენეჯერებიც. შეაფასეთ თქვენი კომპეტენციები, განსაზღვრეთ რა უნარები გაკლიათ, რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ და შესაბამისად დაგეგმეთ თქვენი კარიერული წინსვლა.
მენეჯერისთვის სწორი კითხვების დასმით მოახერხებთ მათი მოლოდინების გარკვევასაც. რთულია შეასრულოთ დავალება მაშინ, როდესაც არ იცით ზუსტად რა სურთ თქვენგან. არასაკმარისი უკუკავშირის პირობებში, სწორი კითხვების დასმა საუკეთესო სტრატეგიაა. წამოიწყეთ მენეჯერთან საუბარი და დაუსვით კონკრეტული, სტრატეგიული კითხვები. მაგალითად, შეგიძლიათ ესაუბროთ ბოლო პროექტზე და კითხოთ რჩევები:
- რისი მიღწევა გინდოდა ამ პროექტით?
- როგორ შემიძლია გუნდს დავეხმარო მიზნების მიღწევაში?
ამგვარი კითხვები გამოხატავს თქვენს ინიციატივას და ჩართულობას და ამავდროულად, აჩვენებს რომ მზად ხართ გახსნილი დიალოგისთვის.
- სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება;
თქვენი სანაცნობო წრე კომპანიის შიგნით და გარეთ უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასოს თქვენ მიერ შესრულებული საქმე და გაგიზიარონ საკუთარი აზრი.
დაუკავშირდით კოლეგებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი შეხედულებები გითხრან კომპანიის მიზნების და სტრატეგიების შესახებ, მოგცენ რჩევა რა უნდა გააკეთოთ ამ მიზნებთან დასაახლოვებლად. ჩაერთეთ პროექტებში, რომლებშიც ბევრი სხვადასხვა გუნდი ან ინდუსტრია მონაწილეობს, ეს შეიძლება საუკეთესო პლატფორმა იყოს არაპირდაპირი უკუკავშირის მოსასმენად, რაც დაგეხმარებათ დანაკლისის შევსებაში.
წყარო - https://www.fastcompany.com/91138529/how-to-succeed-at-work-when-you-dont-get-enough-feedback-from-your-boss