International Journal of Environmental Research and Public Health -ში 2022 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც „თავმდაბლობისა და კომპეტენციის მოდელის“ თანახმად დასაქმებულებს 4 ძირითად არქეტიპად ყოფდა.
განსხვავებული კატეგორიები დაჯგუფდა მათ მიერ თავმდაბლობის და კომპეტენციის განსხვავებული დონეების მიხედვით. კვლევის თანახმად, ეს 4 ტიპი ახდენს გავლენას სამუშაო გარემოზე, სამსახურში არსებულ ურთიერთობებზე და პროდუქტიულობაზე.
Forbes გვიზიარებს დასაქმებულების 4 ტიპს, როგორ შეიძლება მათი ამოცნობა სამუშაო გარემოში, როგორ აფასებენ მათ სხვა დასაქმებულები.
1. „თავმდაბალი ვარსკვლავი“;
„თავმდაბალი ვარსკვლავები“ კომპეტენტურები და თავმდაბლები არიან. როგორც წესი, ისინი კარგი პროფესიონალები არიან და ამავდროულად მოკრძალებულები საკუთარი უნარების მიმართ. ისინი წარმატებებს აზიარებენ გუნდთან ერთად, ღია არიან უკუკავშირისთვის, სურთ ახალი ცოდნის შეძენა, უნდათ პროფესიულად და პიროვნულად გაზრდა.
ისინი ხელმისაწვდომები არიან და მხარდაჭერას გამოხატავენ სხვების მიმართ, რაც გუნდის შეუცვლელ წევრებად და ლიდერებად ქმნის მათ. ამ ტიპის თანამშრომლებს ყველაზე მეტად ენდობიან და პატივს სცემენ სხვები.
2. „თავმდაბალი სულელი“;
„თავმდაბალი სულელი“ თანამშრომელი თავმდაბალია, თუმცა არ აქვს საკმარისი უნარი ან ცოდნა მასზე დაკისრებული პროფესიული ვალდებულებების შესასრულებლად. მათ სურთ სწავლა და მზად არიან მიიღონ უკუკავშირი სხვებისგან, გაიუმჯობესონ უნარები.
კვლევის თანახმად, დასაქმებულების ეს ტიპი მეორე ადგილზეა სამსახურში პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების მხრივ. თუმცა, პროფესიულ კონტექსტში წამყვან პოზიციას ვერ იკავებენ, რადგან მათზე წინ არიან უფრო კომპეტენტური კოლეგები.
თუმცა, კვლევის თანახმად, ადამიანებს ურჩევნიათ იმუშავონ თანამშრომლებთან რომლებიც სასიამოვნო ადამიანები არიან, მიუხედავად მათი პროფესიული კომპეტენციისა. შეიძლება მათ საქმის შესრულებაში დიდი წვლილი ვერ შეაქვთ, თუმცა ისინი აზიარებენ პოზიტიურ განწყობას, ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. ეს უნიკალური თვისებები ეხმარებათ გააერთიანონ ადამიანები და იყვნენ გუნდისთვის ღირებული დასაქმებული.
თავმდაბლობა აკომპენსირებს კომპეტენციის ნაკლებობას. თავმდაბალი ლიდერი განაპირობებს ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გუნდის შექმნას.
3. „კომპეტენტური თავხედი“;
„კომპეტენტური თავხედები“ პროფესიონალები არიან, თუმცა თავმდაბლობა აკლიათ. როგორც წესი, ისინი ეგოისტები არიან, მათთან მუშაობა რთულია, ხშირად უარყოფენ სხვა ადამიანების იდეებს და წვლილს. მათი პროფესიონალიზმი დასაფასებელია, თუმცა მათმა საქციელმა შეიძლება გუნდის შიგნით და გარეთ კონფლიქტები გამოიწვიოს.
კვლევამ დაადგინა, რომ „კომპეტენტური თავხედები“ „თავმდაბალ ვარსკვლავებზე“ და „თავმდაბალ სულელებზე“ ნაკლებად პოპულარულები არიან პირად ურთიერთობებში, თუმცა პროფესიული თვალთახედვით „თავმდაბალ სულელებზე“ მეტად სასურველი თანამშრომლები არიან. სამუშაოს შესრულების ნაწილში ისინი არ ჩამოუვარდებიან „თავმდაბალ ვარსკვლავებს“.
მათთან მუშაობა შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო იყოს, თუმცა მათი კომპეტენცია აუმჯობესებს გუნდის შედეგებს. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ თანამშრომლები კონტექსტის მიხედვით ანიჭებდნენ უპირატესობას კონკრეტული ტიპის თანამშრომელს, მაგალითად, ლანჩისთვის და პირადი ურთიერთობებისთვის შეიძლება თავმდაბალი კოლეგა აირჩიონ, თუმცა საქმისთვის, უპირატესობას მიანიჭებენ კომპეტენტურ თანამშრომელს, თუნდაც მათთან მუშაობა სასიამოვნო არ იყოს.
4. „არაკომპეტენტური თავხედი“;
გასაკვირი არ არის, რომ „არაკომპეტენტური თავხედი“ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ტიპია. ისინი არაეფექტურები არიან სამსახურში და ამას არ აღიარებენ, არ იღებენ კრიტიკას და ცუდად ექცვიან დასაქმებულებს.
მათი ეგოისტობა და სამუშაოს შესრულების უუნარობა სამსახურში მნიშვნელოვან გამოწვევებს ბადებს, უარყოფითად აისახება გუნდზე და სხვა დასაქმებულებზე.
კვლევის თანახმად, უფროსი კოლეგები უფრო ტოლერანტულები არიან არაკომპეტენტური თავხედების მიმართ, ვიდრე კომპეტენტური თავხედების მიმართ. ეს თანამშრომლები ყველაზე ნაკლებად მიიღებენ დახმარებას სხვებისგან.
„თავმდაბალი ვარსკვლავები“ შეიძლება ყველასთვის სასურველი დასაქმებულები იყვნენ მათი უნარების და თავმდაბლობის გამო, თუმცა „კომპეტენტურ თავხედებსაც“ შეუძლიათ გუნდისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. კომპანიამ თავად უნდა განსაზღვროს მისთვის მნიშვნელოვანი ტიპები და პრიორიტეტი მიანიჭოს მათ შერჩევის პროცესში. ადამიანების ამ კატეგორიებად დაყოფა, ცხადია პირობითია, განსხვავებული ინტერების და ხასიათის ადამიანების ერთად მუშაობა უნიკალური ძალაა, რაც განაპირობებს გუნდურ მუშაობას. შერეული მიდგომით შეიძლება უფრო პროდუქტიული და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნა.
წყარო - https://www.forbes.com/sites/traversmark/2024/06/07/4-workplace-characters-and-who-people-prefer-most-from-a-psychologist/