ადამიანის რესურსების მენეჯერის როლი კომპანიაში ყოველდღიურად იზრდება თანამედროვე სამყაროში. ამ პოზიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც HR გუნდებს მოუწიათ გაურკვეველ და ყველასთვის რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა. ეს ტენდენცია ჩვეულებრივ გრძელდება, რამდენადაც, კომპანიის მმართველი მენეჯერები იაზრებენ, რომ თუ დასაქმებული აქტიურად არის ჩართული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პირდაპირ პროპორციულად იზრდება მათი პროდუქტიულობა და საბოლოოდ, ბიზნესის შედეგები.
HR გუნდის მთავარი ფუნქციაა გამოცდილებები, უნარები და დასაქმებულების შესახებ თავმოყრილი ცოდნა შეუსაბამოს კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. HR ლიდერებს შეუძლიათ კომპანიას შესთავაზონ თითოეული თანამშრომლის მოლოდინებზე მორგებული პერსპექტივა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლის გამოცდილების გაუმჯობესება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომპანიის სასურველი მიზნების მიღწევა.
Forbes გვიზიარებს ორ მთავარ მიმართულებას, რაც გამოკვეთს HR პროფესიონალების როლს კომპანიაში:
1. დასაქმებულების ინტერესებზე ზრუნვა - ყოველთვის ყველაფერზე უპირატესია;
გასული ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა HR პროფესიონალების როლი კომპანიაში. თავდაპირველად მათ ადმინისტრაციული ფუნქცია ეკისრებოდათ, თუმცა, დღეს ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართულები დასაქმებულების გამოცდილების მართვაში, მათ ტრენინგებში, ლიდერების გაზრდაში და დიდწილად განსაზღვრავენ სამუშაო გარემოში არსებულ კულტურას.
დასაქმებულების კმაყოფილების ფორმულა მარტივია - კომპანიებმა თანამშრომლებს უნდა მისცენ სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობები, ცოდნა, აღიარება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. დასაქმებულების დიდხანს შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა მათთვის განვითარების გზის დასახვა, იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც ყველამ იცის, რომ გამოცდილების მიღებას და ცოდნის გაღრმავებას შედეგად მოჰყვება კარიერული წინსვლა.
კვლევებით დასტურდება, რომ დასაქმებულები, რომლებთაც აქვთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, 3.5-ჯერ მეტად არიან ჩართულები სამუშაოს შესრულების პროცესში და უფრო დიდხანს რჩებიან კომპანიაში.
დასაქმებულების კმაყოფილების განმსაზღვრელი პოლიტიკის შემუშავებაში განსაკუთრებული როლი HR დეპარტამენტს უჭირავს. HR მენეჯერებმა ყველაზე კარგად იციან როგორ შეიმუშავონ დასაქმებულებზე ორიენტირებული კარიერული ზრდის გეგმა, რომელიც ერთის მხრივ შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას, მეორე მხრივ კი დასაქმებულების უნიკალურ კარიერულ მისწრაფებებს.
2. სიახლეების დანერგვა HR ყოველდღიურ საქმიანობაში;
მმართველი მენეჯერები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ DEI (diversity, equity, inclusion) ღირებულებებს, რაც შემდეგ პრინციპებს აერთიანებს - მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა. ამ პროცესების მომავალია, რომ კომპანიის მმართველმა გუნდმა უფრო მეტად ჩართოს HR ლიდერები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში, HR პროფესიონალების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ფეხი აუწყონ ტექნოლოგიურ სიახლეებს. გუნდში უნდა იყოს იმგვარი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება სამუშაო ადგილზე და მათი მორგება დასაქმებულების ყოველდღიურ რუტინასთან. ტექნოლოგიების მეშვეობით შეიძლება შეიქმნას ინდივიდუალიზირებული HR სერვისები, რომლებიც უფრო მეტი სიზუსტით შეისწავლის დასაქმებულების სენტიმენტებს კომპანიის მიმართ და მათ კარიერულ მოლოდინებს.
კომპანიები გამუდმებით უნდა ადევნებდნენ თვალს დასაქმებულების გამოცდილებას და მუდმივად ვითარდებოდნენ, ერგებოდნენ ცვალებად გარემოს. მმართველმა გუნდმა HR გუნდს უნდა მისცეს საკმარისი შესაძლებლობა და სივრცე იმისთვის, რომ მათ მართონ დასაქმებულების გამოცდილება, მიიღონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შექმნან კულტურა, რომელიც მუდმივად მოერგება და ადაპტირდება.
HR ლიდერებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ დასაქმებულების პოზიტიური გამოცდილება. ადამიანები ქმნიან და ანადგურებენ დიდ კომპანიებს და ისინი საუკეთესო სარკეა კომპანიის რეალობის შესაფასებლად. HR ლიდერების მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაში იქნება კომპანიის ინტერესებთან, დასაქმებულების მოლოდინებთან და საბოლოოდ, კომპანიისთვის მოიტანს საუკეთესო შედეგებს.
წყარო - The Evolution And Future Of The HR Leader (forbes.com)