კანდიდატები გასაუბრებისთვის სხვადასხვა საშუალებებით ემზადებიან - აგროვებენ ინფორმაციას დამსაქმებლის შესახებ, იძიებენ ფაქტებს, ამზადებენ პასუხებს სავარაუდო კითხვებზე. ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ უპასუხოთ ყველა მოულონდელ შეკითხვას და გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი, რაც თქვენს გასაუბრებას წარმატებულად აქცევს და ეს არის ემოციური კავშირის დამყარება.
დამსაქმებელები ხშირად აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ლოგიკით ხელმძღვანელობენ, თუმცა ადამიანები გადაწყვეტილებას ემოციებზე დაფუძნებით იღებენ.
გასაუბრებაზე ემოციური კავშირების დამყარება თქვენ გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან, ასეთ დროს მოახერხებთ დატოვოთ ხანგრძლივი შთაბეჭდილება და გამოავლინოთ თქვენი სოციალური უნარები. Forbes გვიზიარებს 13 გზას, თუ როგორ შეგიძლიათ გასაუბრებზე ემოციური კავშირის დამყარება:
1. კვლევა - მოიძიეთ ინფორმაცია ინტერვიუერების შესახებ, გადახედეთ მათ LinkedIn და სხვა სოციალურ პლატფორმებს;
2. საერთოს პოვნა - კვლევის შედეგად გამოარჩიეთ საერთო მახასიათებლები, შეიძლება ორივენი საერთო სკოლაში დადიოდით ან ბევრი საერთო მეგობარი გყავთ;
3. მოსმენა - გასაუბრების განმავლობაში აქტიურად მოუსმინეთ ინტერვიუერს. აჩვენეთ, რომ სრულად ჩართული ხართ პროცესში, დაამყარეთ კონტაქტი თვალებით და ინტერვიუერის სიტყვებზე გამოხატეთ შესაბამისი რეაქცია. ყურადღების გამოხატვა პატივისცემას ნიშნავს.
4. ამბების გაზიარება - ფაქტებით ადამიანები იგებენ ახალ ინფორმაციას, თუმცა ამბების გაზიარებით ამყარებენ მჭიდრო ურთიერთობებს. გაუზიარეთ ინტერვიუერს სხვადასხვა ისტორია, რომლის დროსაც მოყვებით თქვენი გამოცდილების და სხვადასხვა უნარების შესახებ. ფაქტები შეუსაბამეთ ემოციებს;
5. ენთუზიაზმის გამოხატვა - გამოხატეთ თქვენი გულწრფელი დაინტერესება კომპანიის მიმართ;
6. სახელით მიმართვა - უშუალო განწყობის შესაქმნელად, მიმართეთ გამსაუბრებელს სახელით;
7. სხეულის ენა - კომუნიკაციის მხოლოდ 7% ხორციელდება სიტყვებით, დანარჩენი ნაწილდება სხეულის ენაზე, საუბრის ტონზე და ინტონაციაზე. კეთილგანწყობა გამოხატეთ სხეულის ენით;
8. ბუნებრივობა - ბუნებრივობა სხვა ადამიანებში ნდობას და კეთილგანწყობას იწვევს. საკუთარ გამოცდილებაზე და გრძნობებზე საუბრისას იყავით გულწრფელი და ბუნებრივი;
9. ემპათიის გამოვლენა - თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, აჩვენეთ გამსაუბრებელს, რომ შეგიძლიათ გაიზიაროთ და გაიგოთ სხვა ადამიანების გრძნობები. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ ინტერვიუერს თქვენი რეზიუმეს ასლი, თუ თავად ვერ იპოვა;
10. ემოციების გამოხატვა - სცადეთ კომპანიის მიზნებთან ემოციური კავშირის დამყარება და გასაუბრებაზე გაუზიარეთ პირადი ისტორია, რომელიც ამ მიზანთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად, თუ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხართ გასაუბრებაზე, შეიძლება გამსაუბრებელს გაუზიაროთ პირადი ისტორია, რატომ არის თქვენთვის ამ სფეროში მუშაობა განსაკუთრებით ღირებული;
11. პოზიტიურობა და მადლიერება - გასაუბრების მანძილზე შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, გამოხატეთ მადლიერება დროის და შესაძლებლობის გამონახვისთვის;
12. კითხვების დასმა - დასვით კითხვები, რომლებიც შეესაბამება კომპანიას, ვაკანტურ პოზიციას, ინდუსტრიას. ამით გამოხატავთ გულწრფელ დაინტერესებას;
13. ემოციური კავშირის გაძლიერება - ინტერვიუს დასრულების შემდეგ გაიხსენეთ მისი მიმდინარეობის პროცესი, როდის იყავით ყველაზე აქტიურად ემოციურად ჩართული? გამოიყენეთ ეს მომენტი და მადლობის მეილის მიწერისას კიდევ ერთხელ გაამახვილეთ მასზე ყურადღება.
წყარო - https://www.forbes.com/sites/williamarruda/2024/01/07/do-this-one-thing-to-ace-job-interviews-and-get-hired/?sh=4c3ddbf9444a