უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, კომპანიები სხვადასხვა მიდგომების შემუშავებაზე ფიქრობენ გადაწვის დროულად ამოსაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კვლევა ტარდება, გადაწვის მაჩვენებლები არ იკლებს. დასაქმებულების 57% საუბრობდა გადაწვაზე 2023 წელს APA Work-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კომპანიებმა უნდა გააგრძელონ ამ პრობლემის მოგვარების ორგანიზაციულ საშუალებებზე ფიქრი და ზრუნვა, თუმცა პარალელურად, მნიშვნელოვანია ლიდერები აღიჭურვონ საჭირო ემოციური უნარებით იმისთვის, რომ მოახერხონ გადაწვის პრობლემის მართვა.
გადაწვის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოზიციებში, ამ პოზიციებზე დასაქმებულებს უწევთ ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოკლე დროში, მათ მიმართ მუდმივად საუკეთესო შედეგების მიღების მოლოდინია. თუ ასეთ ლიდერებს არ აქვთ სტრესთან გამკლავების რესურსები, გამუდმებული მუშაობა გამოიწვევს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და გადაწყვეტილებების მიღების უნარის შემცირებას.
Lyra Health-ის მიერ ჩატარებული კვლევით მენეჯერების 27%-მა მიუთითა, რომ სამსახური უარყოფითად აისახებოდა მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია ასეთ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს ჰქონდეთ მათი მმართველი მენეჯერების მხარდაჭერა, რადგან კვლევის მონაწილეთა 40%-მა აღნიშნა ამგვარი დახმარების არარსებობის შესახებ.
გადაწვის პრობლემასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ შემდეგი სტრატეგიები:
1. სხვების სურვილების შესრულება;
სხვა ადამიანებისთვის კმაყოფილების მინიჭების სურვილი გულისხმობს პირველ ინსტინქტს მათ ნებისმიერ კითხვაზე ან დავალებაზე უპასუხოთ „კი“. სხვების მოლოდინების გამართლების ან მათი დახმარების სურვილი ხშირად აჭარბებს დავალების ლოგიკურად გააზრებას, რამდენად შეგიძლიათ ამ დამატებითი დავალების შესრულება, გაქვთ თუ არა საკმარისი რესურსი ან ცოდნა. ამ ინსტინქტის ამოცნობა დაგეხმარებათ პასუხის გაცემამდე შეამოწმოთ თქვენი რესურსი და დრო, გააკონტროლოთ იმპულსები.
2. საფასურის გაანალიზება;
დავალების შესრულებაზე დათანხმების ან უარის საფასურის გაანალიზება დაგეხმარებათ პრიორიტეტი მიანიჭოთ თქვენს კეთილდღეობას და სიმშვიდეს.
დათანხმებამდე დაფიქრდით, განსაზღვრეთ რამდენი დრო, ენერგია და ძალისხმევა იქნება საჭირო დავალების შესასრულებლად. თქვენი დრო და ენერგია მნიშვნელოვანია, შესაბამისად მოეპყარით მათ.
3. უარის თქმის დაგეგმვა;
წინასწარ მოამზადეთ შაბლონური პასუხები, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე მეტად გავრცელებულ კითხვებზე, რომლებსაც თანხმდებით ხოლმე. ეს მზა პასუხები დაგეხმარებათ გამოიმუშავოთ უარის თქმის უნარი.
მაგალითად „ახლა არ შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ შეგეხმიანები რამე თუ შეიცვლება“ ან „გადავამოწმებ კალენდარში და გეტყვი მცალია თუ არა.
4. ყველაფერი ან არაფერი;
„ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომა ხისტი და მოუქნელია. სამყარო არ იყოფა მხოლოდ შავ ან თეთრ ფერებად. ხანდახან ლიდერებს, რომლებიც მაღალ საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობენ ავიწყდებათ, რომ მათაც აქვთ შეცდომების დაშვების უფლება. არ მოექცეთ „ყველაფერი ან არაფერი“ ფიქრის ხაფანგში. აწონ-დაწონეთ თქვენი ყველა ვარიანტი და მიიღეთ თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები.
წყარო - https://www.forbes.com/sites/topsievandenbosch/2024/06/13/4-emotional-skills-needed-to-prevent-burnout-in-high-pressure-roles/