უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, TikTok ცეკვის ვიდეოების პლატფორმიდან მნიშვნელოვან სოციალურ მედია პლატფორმად გარდაიქმნა. TikTok-ზე ადამიანები განიხილავენ და აზიარებენ მათი ცხოვრების მნიშვნელოვან პირადულ და პროფესიულ ისტორიებს.
TikTok-ის გავლენამ შრომით ურთიერთობებზეც დატოვა თავისი აშკარა თუ ნაკლებად შესამჩნევი კვალი. მილენიალი და განსაკუთრებით, Gen Z თაობა, წინა თაობის წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო თავისუფლად გამოხატავს სამსახურში საკუთარ დამოკიდებულებებს.
ე.წ. ზარმაცი გოგოს სამსახური (Lazy Girl Job), ჩუმი წასვლა (Quiet Quitting) და ხმამაღალი მუშაობა (Loud Laboring) ახალი ვირუსული ტრენდებია, რომელიც შრომით ბაზარზე რევოლუციურ გავლენას ახდენს.
ზარმაცი გოგოს სამსახური - პირადი და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება
სახელის მიუხედავად, ეს ტრენდი არ ნიშნავს სამსახურში საქმის ნაკლებად კეთებას. ეს მოძრაობა აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის სწორი ბალანსის პოვნას და უარს ამბობენ ტრადიციულ სამსახურზე, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
TikTok-ზე ადამიანები აზიარებენ საკუთარ ისტორიებს, თუ როგორ მოახერხეს მოქნილი, დისტანციური და ნახევარი განაკვეთის მქონე სამსახურის პოვნა, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას სამსახურს გარეთ მეტი დრო დარჩეთ ინტერესების და სურვილებისთვის.
ამ ტრენდის გავლენით კიდევ უფრო ცხადი ხდება მოქნილობის და დასაქმებულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის აუცილებლობა. კომპანიებმა უნდა გადააფასონ საკუთარი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ, შესთავაზონ დასაქმებულებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა და მეტი ყურადღება დაუთმონ შესრულებულ სამუშაოს და შედეგებს.
ზარმაცი გოგოს ტრენდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბედნიერი დასაქმებული უფრო მეტად პროდუქტიულია, ჩართულია სამუშაო პროცესებში და უფრო მეტი სარგებელი მოაქვს კომპანიისთვის და დამსაქმებლისთვის. ამ ტრენდის გავლენით დამსაქმებელმა უნდა დაინახოს თუ როგორი უნდა იყოს სამუშაო ადგილი და რას უნდა სთავაზობდეს ის დასაქმებულებს.
ჩუმი წასვლა - სამსახურიდან შეუმჩნევლად წასვლის ხელოვნება
TikTok-ის ეს ტრენდი გამოხატავს მინიმუმის კეთების ფენომენს, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან მიდის ფაქტობრივად წასვლის გარეშე. ჩუმი წასვლა გულისხმობს, როდესაც დასაქმებული მუდმივად მინიმალურად მუშაობს, მაგალითად, არ საუბრობს შეხვედრებზე, არ იჩენს ახალი დავალებების მისაღებად ინიციატივას, უარს ამბობს ზეგანაკვეთურად მუშაობაზე, და ამ ყველაფრის მიუხედევად, უცვლელად იღებს ანაზღაურებას.
დასაქმებული არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაწინაურდეს, თუმცა არც იმდენად ცუდად არ მუშაობს, რომ დამსაქმებელს მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი ქონდეს. ასეთი დასაქმებულები ყველა კომპანიაში არიან.
მას შემდეგ, რაც ამ მოვლენას სახელი დაერქვა, კომპანიებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა დამატებითი რესურსი ჩადონ დასაქმებულების დაინტერესებაში და მათთვის მოტივაციის მიცემაში. მაგალითად, ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ნერგავს კომუნიკაციის კულტურას.
ჩუმი წასვლის საპასუხოდ დამსაქმებლებმა ახალი ტრენდი წამოიწყეს, ე.წ. ჩუმი შემცირება. ჩუმი შემცირების დროს დასაქმებული გადაყავთ ახალ პოზიციაზე, არგუმენტად კი უთითებენ, რომ მათი არსებული პოზიცია შემცირების გამო გაუქმდა. ამგვარი გზით კომპანიები ამცირებენ სამუშაო ძალას დასაქმებულების ფაქტობრივად სამსახურიდან გაშვების ნაცვლად.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ უმკლავდება კომპანია დასაქმებულების ჩუმი წასვლის ტრენდს, ამ ტრენდის ონლაინ სივრცეში განხილვამ ადამიანებს უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნა კორპორაციების სამუშაო დინამიკაზე.
ხმამაღალი მუშაობა - ტოქსიკური სამუშაო კულტურა
ხმამაღალი მუშაობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა აქამდე არ ჰქონდა სახელი.
ჩუმი წასვლისგან განსხვავებით ხმამაღალი მუშაობისას, დასაქმებულები უფრო აქტიურად საუბრობენ საკუთარ შესრულებულ საქმეზე, ვიდრე ეს რეალობაშია. ამგვარმა თვითრეკლამამ შეიძლება დამსაქმებელი შეცდომაში შეიყვანოს.
თუ მენეჯერული პოზიცია გიჭირავთ, ყურადღება მიაქციეთ დასაქმებულს, რომელიც ბევრს არ მუშაობს, თუმცა ყოველთვის იმაზე საუბრობს თუ როგორი დაკავებულია და რამდენი საქმის გაკეთება მოახერხა ერთ დღეში. თუ კომპანიის მენეჯმენტი აღიარებს, ან უარესი, ჯილდოსაც კი აძლევს ასეთ დასაქმებულებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს სხვა დასაქმებულების დემოტივაციას.
TikTok-ის მომხმარებლებმა ამოიცნეს ეს ტრენდი და ახალი სახელი დაარქვეს. მილენიალები და Gen Z ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ სამსახური არ არის თვითრეკლამირების ადგილი. საკუთარ თავზე და მიღწევებზე საუბარი შეგიძლიათ ხელფასზე მოლაპარაკებისას ან მენეჯერებთან პირისპირ შეხვედრისას.
TikTok ტრენდები მხოლოდ ახალი თაობებისთვის არ არის, მათთვის ყურადღების მიქცევით და შესაბამისი კულტურის სამუშაო ადგილზე დანერგვით კომპანიას შეუძლია შეამციროს თაობათა შორის არსებული დისტანცია და კარი გაუღოს ადრე ტაბუდადებული თემების საჯარო განხილვებს.