ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს. დღის განმავლობაში ყველანი ვებრძვით ინტერნეტის ბრაუზერში ერთდროულად გახსნილ 57 გვერდს, პარალელურად ვპასუხობთ შეტყობინებებს, ვწერთ მეილებს და ვცდილობთ დავასრულოთ სხვადასხვა დავალებები.
ონლაინ მუშაობისას განსაკუთრებით რთულია ყურადღების მოკრება. თუ თვლით, რომ თქვენი ყურადღების დიაპაზონი წლების განმავლობაში შემცირდა, სავარაუდოდ, ეს ასეც არის.
კვლევების თანახმად, 2003 წელს, ადამიანების ყურადღების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოვებით 2.5 წუთი იყო, რაც შეიძლება ახლა საუკუნედ გეჩვენებოდეთ, რადგან 2016 წლიდან 2019 წლის შუალედში ეს მაჩვენებელი 47 წამამდე შემცირდა.
FastCompany გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ ყურადღების კონცენტრირების უნარის გაუმჯობესებაში:
1. მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას - დადასტურებულია, რომ მუსიკა ეხმარება ადამიანებს ყურადღების კონცენტრირებაში. მუსიკა აბათილებს ფონურ ხმაურს და ავსებს სიცარიელეს, რაც შეიძლება დაგეხმაროთ ეფექტურად მუშაობაში.
სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, კლასიკური მუსიკის მოსმენისას აქტიურდება ტვინის ის მონაკვეთები, რომლებიც ჩართულია ყურადღების გამახვილების, მოსალოდნელი ფაქტების განსაზღვრის და მოგონებების შექმნაში.
2. მოინიშნეთ დრო - შეიძლება გსმენიათ პომოდოროს ტექნიკის შესახებ. პომოდოროს ტექნიკის თანახმად ინიშნავთ გარკვეული მოცულობის დროს, მაგალითად 25 წუთს და ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობთ შეფერხებების გარეშე. როდესაც ტაიმერი დარეკავს და გამცნობთ 25 წუთის გასვლის შესახებ, შეგიძლიათ დაისვენოთ. რეკომენდირებულია ყოველი 25 წუთიანი მუშობის შემდეგ 5 წუთი შეისვენოთ. ადექით ფეხზე, გაიარეთ ფეხით და სხვა.
3. გამოიყენეთ რვეული და კალამი - მეხსიერების გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი გზაა მნიშნელოვანი ფაქტების, აზრების ხელით დაწერა. პრინსტონის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სტუდენტები, რომლებიც ხელით იწერდნენ ლექციის დროს შენიშვნებს, უფრო აქტიურად უსმენდნენ და უფრო მარტივად აცალკევებდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. ხელით წერის დროს ადამიანი უფრო მეტად არის ჩართული გონებრივად ნაწერის გააზრებაში და ირჩევს რომელია ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ჩაიწეროს.
წყარო - https://www.fastcompany.com/91132290/how-to-improve-your-attention-spa