ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ გამუდმებული წნეხი, „რკინის მუშტის“ ლიდერობა და დასაქმებულების კრიტიკა, კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია. მათ მიაჩნიათ, რომ ბიზნესი უკეთეს შედეგებს მიაღწევს, თუ თანამშრომლები უფრო მეტს და უფრო დიდხანს იმუშავებენ. ისინი თვლიან, რომ კომპანია ზოგავს ფულს, როდესაც დასაქმებულები სრულად არ იყენებენ შვებულების დღეებს.
გავრცელებული შეხედულების თანახმად, რბილი უნარები, როგორიცაა თანაგრძნობა, ნდობა, ემპათია და სიკეთე, დაკავშირებულია სისუსტესთან. ეს უნარები არარელევანტურად და ტექნიკურ უნარებთან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რაც არასწორია. ექსპერტების აზრით, ლიდერები, რომლებიც უპირატესობას ძლიერ უნარებს ანიჭებენ, შეცდომით თვლიან, რომ დასაქმებულებზე სტრესის და ზეწოლის გაზრდა გაზრდის მათ შრომისუნარიანობას და კომპანიას მოგებას მოუტანს.
LinkedIn’s Global Talent Trends Report-ის კვლევაში გამოიკითხა 5’164 პროფესიონალი და მენეჯერი. გამოკითხულთა 80%-მა აღნიშნა, რომ რბილი უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. მათი 92% აღნიშნავს, რომ ადამიანური შესაძლებლობები და რბილი უნარები ტექნიკურ უნარებზე მნიშვნელოვანია, ხოლო, 89%-მა აღნიშნა, რომ როდესაც იდენტური ცოდნის კანდიდატებს შორის არის გასაკეთებელი არჩევანი, უპირატესობა ენიჭება ერბილი უნარების მქონე კანდიდატს.
Forbes გვიზიარებს 5 მნიშვნელოვან ე.წ. რბილ უნარს, რომელიც განსაკუთრებით დაგეხმარებათ თანამედროვე შრომით ბაზარზე წარმატების მიღწევაში როგორც დასაქმებულებს, ასევე დამსაქმებლებს:
1. საკუთარი თავის თანაგრძნობა;
კვლევები ადასტურებენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა და თანაგრძნობა ამცირებს სამსახურისგან გამოწვეულ სტრესს და განაპირობებს გაზრდილ შრომისუნარიანობას და უკეთეს მიღწევებს. საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობის უნარი არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულს. ეს არის კარიერულ წარმატებებთან და მარცხებთან გამკლავების უნარი. საკუთარი თავის მიმართ სიკეთით და ცნობისმოყვარეობით განწყობა ხელს უშლის სტრესის ჰორმონების წარმოშობას.
თანაგრძნობის უნარი გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას და გავუმკლავდეთ მარცხს, რაც კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია.
2. ნდობა კომპანიის მიმართ;
დასაქმებულების ნდობა კომპანიის მიმართ ზრდის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ურთიერთობებს დასაქმებულებს შორის, აყალიბებს ინფორმაციის გაზიარებისთვის უსაფრთხო გარემოს.
Deloitte-ის მიერ გაზიარებული მონაცემების თანახმად, კომპანიები, რომელთა მიმართაც დასაქმებულები ნდობას გამოხატავენ, 400%-ით უკეთ ასრულებენ გეგმებს იდენტურ კომპანიებთან შედარებით. მომხმარებლები, რომლებიც ენდობიან კომპანიას, 88%-ით კვლავ მათგან შეიძენენ პროდუქტს. დასაქმებულთა 79%, რომლებიც ენდობიან დამსაქმებელს, არიან უფრო მოტივირებულები სამუშაოდ და ნაკლებია მათი სამსახურიდან წასვლის ალბათობა.
Deloitte გვიზიარებს ფორმულას ნდობის შესაქმნელად ნდობა= გულწრფელობა + გამჭვირვალობა. Deloitte-ის თანახმად, დასაქმებულები 1.5-ჯერ მეტად დაიცავენ დასაქმებულს მესამე პირების კრიტიკისგან და 1.5-ჯერ მეტად პოზიტიურად შეაფასებენ საკუთარ დამსაქმებლებს საჯარო ვებ გვერდებზე, როდესაც ისინი ენდობიან კომპანიას და მის კორპორატიულ ღირებულებებს.
3. ემპათია;
კვლევებით დასტურდება, რომ ემპათიას დროში ხანგრძლივად მოქმედი ეფექტი აქვს. როდესაც კომპანიის დირექტორი და მმართველი მენეჯმენტი ითვალისწინებს დასაქმებულის პოზიციას, გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავს აყენებენ თანამშრომლების ადგილას, ეს ქმნის საუკეთესო განწყობას კომპანიაში, აუმჯობესებს გუნდის შედეგებს და პროდუქტიულობას.
Catalyst-მა გამოკითხა 889 დასაქმებული, რომელთა გამოკითხვის შედეგებითაც დაადგინა, რომ ემპათიური ლიდერები, ნაკლებად ემპათიურ ლიდერებთან შედარებით, არიან მეტად ინოვაციურები (61%), ჩართულები სამუშაო პროცესში (76%), ინკლუზიურები (50%), ხელს უწყობენ დასაქმებულთა სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსს (86%).
4. კავშირები სამსახურში;
Gallup-ის თანახმად, დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანობის შეგრძნება. როდესაც დასაქმებული გრძნობს, რომ მისი ადგილი არ არის კომპანიაში ან დამსაქმებელი უსამართლოდ ექცევა, ისინი ცუდად მუშაობენ და იკლებს თანამშრომელთა ჩართულობა სამუშაო პროცესებში. დასაქმებულები, რომლებიც საკუთარ თავს თვლიან კომპანიის ნაწილად, არიან უფრო მეტად მოტივირებულები.
სამსახურში ძლიერი და მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას პოზიტიური გავლენა აქვს როგორც დასაქმებულებზე, ასევე დამსაქმებლებზე. კომპანიისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს თანამშრომლებს შორის ხანგრძლივი, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამგვარ გარემოში, დასაქმებულები 2.3-ჯერ მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესებში, არიან უფრო მოქნილები და ჰყავთ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.
5. სიკეთე;
სიკეთე მნიშვნელოვანი უნარია ტალანტების შერჩევის და მათი შენარჩუნებისთვის. კვლევებით დასტურდება, რომ დასაქმებულები უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, თუ ისინი მუშაობენ კეთილ გარემოში, სადაც დამსაქმებელი პრიორიტეტს ანიჭებს მენტალურ ჯანმრთელობას. სამსახურის მაძიებელთა 77%-მა მიუთითა, რომ ისინი უფრო მეტი ალბათობით გაგზავნიან რეზიუმეს იმ კომპანიაში სამუშაოდ, რომელსაც სიკეთე მნიშვნელოვან ღირებულებად აქვს განსაზღვრული.
სამუშაო ადგილზე გამოვლენილი დამსაქმებლის სიკეთე ახალისებს დასაქმებულთა კეთილდღეობას, შედეგად ისინი უფრო მეტად იქნებიან ჩართულები სამუშაო პროცესებში და მეტი შედეგები მოაქვთ კომპანიისთვის. კეთილ ლიდერებს ჰყავთ კეთილი დასაქმებულები და იკრებენ ირგვლივ გამორჩეულ კანდიდატებს.
წყარო - 5 Pivotal Soft Skills Essential For Success In Today’s Global Market (forbes.com)