ოდესმე გქონიათ ვინმესთან მძიმე საუბარი, რომლის დასრულების შემდეგაც ისეთი შეგრძნება დაგრჩათ, თითქოს სხვადასხვა პლანეტაზე იყავით? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. Forbes-ის მიერ მითითებული კვლევის თანახმად, დასაქმებულების 70% ცდილობს თავიდან აირიდოს მძიმე დიალოგი. თუმცა, კონფლიქტური სიტუაციებისთვის თავის არიდება ცუდად შეიძლება აისახოს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ასევე, სამსახურში არსებულ კულტურაზე.
კარგი კომუნიკაციის პირველი წესი კავშირის გამყარებაა. მეცნიერულად დადასტურებულია ადამიანური ურთიერთობების განსაკუთრებული მნიშვნელობა - მასზეა დამოკიდებული ჯანმრთელობა და ბედნიერება, ეს წარმოადგენს ხანგრძლივი თანამშრომლობის საფუძველს, აძლევს ადამიანს ინოვაციურობის შესაძლებლობას. დაყოფილ და პოლარიზებულ სამყაროში სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების, საპირისპირო პოზიციის მქონე ადამიანებთან საუბრის უნარი კაცობრიობის ბოლო იმედია სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებისთვის.
1. მიზნების გაზიარება;
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი სკოლიდან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ბრუნდება - სათამაშო მოედანზე მეგობარს ეჩხუბა. მას ძალიან უნდა იწუწუნოს, თუმცა თქვენ საპასუხოდ რჩევას ახვედრებთ. გავიწყდებათ ჰკითხოთ რა ურჩევნია - მოსმენა, დახმარება თუ უბრალოდ ჩახუტება. შვილთან ეს დიალოგი აუცილებლად მისი გაბრაზებით და მოჯახუნებული კარით დასრულდება.
არსებობს კომუნიკაციის სამი ტიპი. პირველი მათგანი არის პრაქტიკული დიალოგი, რომლის დროსაც მიიღება გადაწყვეტილებები. ტაქტიკური, საინფორმაციო ან სტრატეგიული შეხვედრა, რომლის მიზანიც რაღაც საჭიროების მოგვარებაა.
მეორე ტიპის დიალოგი, არის ემოციური და შეიძლება ყველაზე რთულიც. ასეთ დროს მონაწილეებს ცივი გონებით უნდა შეეძლოთ რთული საკითხების განხილვა. ემოციური დიალოგი შეიძლება იყოს ოჯახის წევრებს შორის, პოლარიზებულ პოლიტიკურ საკითხების შესახებ ან დასაქმებულთან, რომელიც ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
კომუნიკაციის მესამე ტიპი დაფუძნებულია მისი მონაწილეების სოციალურ იდენტობაზე, ასეთ დროს ადამიანები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, განათლებას, კულტურას.
ხშირად ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობა ჩამოთვლილ სამივე კატეგორიას აერთიანებს და რთულია მათი გამიჯვნა. თუმცა ამ კატეგორიების ცოდნა დაგეხმარებათ სწორი მიზნებით ჩაერთოთ დიალოგში.
2. წინასწარ მომზადება;
არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ შეხვედრა, მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ხშირად, ადამიანები ამ ეტაპს ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ეს ეტაპი დაგეხმარებათ განსაზღვროთ შეხვედრის სხვა მონაწილეების განზრახვა. შეგიძლიათ მათვე ჰკითხოთ რა არის მათი მიზანი, როგორი გადაწყვეტილების მიღება სურთ, ჩაატაროთ ბრეინშტორმინგის სესია, მიეცით ადამიანებს საშუალება გააჟღერონ საკუთარი შეხედულებები.
ემოციური და სოციალური კონტექსტების გათვალისწინებით, შეხვედრისთვის მომზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. იმის ცოდნა, თუ რა სურთ თქვენგან ადამიანებს დაგეხმარებათ სწორად მართოთ მათი მოლოდინები და განწყობა. ასეთ დროს მომზადება შეიძლება გულისხმობდეს წინასწარ განსაზღვროთ რა კითხვები შეიძლება დაგისვათ მეორე მხარემ, რატომ განიხილავთ ამ საკითხს ახლა, რა სარგებელს მოიტანს, რა შეიძლება შეგეშალოთ.
3. კითხვების დასმა და აქტიური მოსმენა;
ემოციების გაზიარებას გადამდები ეფექტი აქვს, კვლევებით დასტურდება, რომ ემოციების გაზიარებით უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობები ყალიბდება.
ემოციების გაზიარება შეგიძლიათ კარგი კითხვების დასმით, კითხვა უნდა იყოს ღია, გახსნილი და გულწრფელი. გულწრფელობა ჯანსაღი და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებელი ინგრედიენტია.
კითხვების დასმასთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია აქტიური მოსმენა. შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტექნიკა, დასვით კითხვა, ყურადღებით მოისმინეთ მისი პასუხი, გაიმეორეთ პასუხი თქვენი სიტყვებით და ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, სწორად გაიგეთ მისი პოზიცია თუ არა. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ მაქსიმალური ცოდნა მიიღოთ საუბრისგან, ასევე ხაზს უსვამს თქვენს ცნობისმოყვარეობას და ინტერესს.
4. არავერბალური ნიშნების ამოცნობა;
ტერენს მაქგუაიერი, ნასას ფსიქიატრი, ასტრონავტების გასაუბრების ეტაპზე გადააწყდა პრობლემას - მას უჭირდა გამოეცნო მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე კანდიდატები, რომლებიც მოახერხებდნენ ჩაკეტილ სივრცეში წარმატებულად თანამშრომლობას. მან შემდეგ ხერხს მიმართა - გასაუბრებაზე კანდიდატებს უყვებოდა სასაცილო და სევდიან, პროფესიულ და პირად ისტორიებს. ამ ისტორიების მოყოლისას ყურადღებით აკვირდებოდა კანდიდატის საპასუხო რეაქციებს, იცინოდნენ თუ არა ისინი, გამოხატავდნენ ემოციას, რა პასუხი ჰქონდათ მის კომენტარებზე და ა.შ. კანდიდატების უნარი გამოეხატათ შესაბამისი ემოციური რეაქციები დაეხმარა ფსიქიატრს შერჩევაში.
კარგი საუბარი ცეკვას ჰგავს, ტანგოს უბადლოდ შესასრულებლად საჭიროა ორი კარგი მოცეკვავე. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ბიზნეს შეხვედრა თუ პირადი დიალოგი, შესაბამისი განწყობის დაჭერა და ემოციების მართვა ყველა შემთხვევაში თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაეთანხმოთ მეორე ადამიანის მოსაზრებებს, არამედ სარკისებურად აირეკლოთ მათი ემოციები, განწყობა და ენერგია. საუბრისას უნდა დააკვირდეთ არა მარტო იმას, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ თუ როგორ ამბობს ამას. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, გამოხატეთ თანაგრძნობა და მიეცით საუბრის ყველა მონაწილეს საკუთარი ემოციების გამოხატვის სივრცე.
წყარო - https://www.forbes.com/sites/annkowalsmith/2024/03/15/4-techniques-to-help-you-be-a-better-communicator/?sh=2beca6ef72ce