„მიხარია, როდესაც ჩემი გუნდი.... საწინააღმდეგოს მიმტკიცებს“ - ასე დაიწყო თავისი უახლესი ტვიტი Spotify-ის CEO-მ და გაიხსენა, რომ თავდაპირველად არ მოეწონა მისი გუნდის წევრების იდეა Spotify-ის მსმენელებისთვის შეეთავაზებინათ 30 სიმღერიანი ფლეილისტი. მიუხედავად მისი უარყოფითი შეფასებისა, გუნდი აგრძელებდა ამ იდეაზე მუშაობას. რის შედეგადაც, დღეს Discover Weekly-ის ფლეილისტი Spotify-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენადი ფუნქციონალია.
- მოსმენის უნარი სუპერძალაა;
Spotify-ის CEO აღნიშნავს, რომ მოსმენის უნარი ნაკლებად დაფასებული უნარია დღეს. ხშირად, მენეჯერები გუნდის წევრებთან შეხვედრისას იყურებიან ტელეფონში, აწყვეტინებენ მათ საუბარს, უარყოფენ თანამშრომლის იდეას, სთავაზობენ იმ პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვას, რომლებიც სრულად არ ესმით.
შედარებისთვის, გუნდის ლიდერი, რომელსაც აქვს მოსმენის უნარი, დიალოგის შეწყვეტის გარეშე უსმენს დასაქმებულს, ინიშნავს მისთვის მნიშვნელოვან ნაწილებს, სვამს კითხვებს და გუნდის სხვა წევრებსაც მოუწოდებს უფრო აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში.
ამგვარ ლიდერებს უკეთ ესმით საკუთარი გუნდის, მათი გამოწვევების, ისინი ახერხებენ გუნდში ნდობის ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა მენეჯერი იზიარებს თუ არა გუნდის პოზიციას, გუნდს მისცეს მათთვის სასურველი იდეის განხორციელების შესაძლებლობა. იმ პროექტზე დათანხმებით, რომელიც გუნდისთვის ემოციურად მნიშვნელოვანია, ლიდერი წაახალისებს კრეატიულობას, ინოვაციურობას, გუნდურ მუშაობას.
გუნდში მოსმენის კულტურის დანერგვისთვის Inc.com გვიზიარებს ორ ოქროს წესს:
1. უხერხული სიჩუმის წესი;
აქტიური მოსმენის კულტურის წასახალისებლად თანამშრომლები კომფორტულად უნდა გრძნობდნენ თავს უხერხული სიჩუმის დროს. ეს ეხება როგორც დიდ შეხვედრებს, ასევე, პირად კომუნიკაციას. ასეთ დროს, თქვენ და თქვენი გუნდის წევრები ერთმანეთს აძლევთ ფიქრის საშუალებას, იმის ნაცვლად, რომ ნებისმიერი იდეა გააჟღეროთ სიჩუმის დასარღვევად.
უხერხული სიჩუმის წესის დასამკვიდრებლად, წაახალისეთ თქვენი გუნდის წევრები, აუხსენით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა კარგად დაფიქრდნენ, სრულად გაიაზრონ საკუთარი ფიქრები პასუხის გასაცემად და თუ ეს დამატებით სიჩუმეს საჭიროებს, ეს სიჩუმე უხერხული არ იქნება. სიჩუმე შეიძლება 10, 20, 30 ან მეტი წამის განმავლობაში გაგრძელდეს და ამაში უცნაური არაფერია.
ამ წესის დამკვიდრებით ხელს შეუწყობთ კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მორცხვი, ინტროვერტი გუნდის წევრებისთვის შექმნით უსაფრთხო გარემოს საკუთარი აზრების გასაზიარებლად.
როდესაც ვინმე საუბარს დაიწყებს, ყურადღებით მოუსმინეთ, დასვით დამაზუსტებელი კითხვები იმისთვის, რომ სრულად და სწორად გაიგოთ მათი სათქმელი. უხერხული სიჩუმის წესის თანახმად, გუნდის მოსმენის და საკითხის განხილვის შემდეგ დგება გადაწყვეტილების მიღების დრო, სადაც მეორე მნიშვნელოვანი წესი აქტიურდება.
2. არ დაეთანხმოთ და მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლომდე უერთგულეთ;
ამ პრინციპის თანახმად, როდესაც გუნდი დისკუსიის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას, მენეჯერი და გუნდი ამ გადაწყვეტილების ერთგული უნდა დარჩნენ, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მას თუ არა.
ეს შეუთანხმებლობა არ ნიშნავს, რომ გუნდი ხდება და მენეჯერია მართალი, ან პირიქით, ეს არის გულწრფელი უთანხმოება, განსხვავებული შეხედულებების განხილვა.
სწორედ ამგვარად მოიცა Spotify-ის CEO-ც. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა რა იქნებოდა Spotify Discover ფუნქციის მნიშვნელობა, მან მიიღო გადაწყვეტილება და ბოლომდე აღასრულა ის, გუნდს მისცა ყველანაირი შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანათ იდეა.
გუნდში ამ წესის დანერგვით ერთმანეთს დაეხმარებით თვითრწმენის გაზრდაში. მიეცით ადამიანებს ექსპერიმენტების და ზრდის საშუალება. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ამ პროცესში მოიპოვებთ - მათი ნდობაა.
ცხადია, მენეჯერს უწევს მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებაც, კონკრეტულ პროდუქტზე ან იდეის განხორციელებაზე გადაჭრით უარის თქმა, თუმცა ასეთ დროს გუნდი უნდა მოიქცეს ამ პრინციპის შესაბამისად და მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ბოლომდე მიიყვანოს მენეჯერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.