მარტივი და ზუსტი მითითებები, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს წარმატებით აპოვნინებს სამსახურს, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუმცა, წარუმატებელი ძიების შემდეგ, ადამიანს ყოველთვის უჩნდება კითხვა, რატომ არ დაინტერესდა პოტენციური დამსაქმებელი მისი კანდიდატურით? Fastcompany-მ გადაწყვიტა გასაუბრებოდა ტეჯალ ვაგადიას, კარიერის ექსპერტს, რომელმაც ბოლო 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 10000 ადამიანს ჩაუტარა გასაუბრება. ვაგადიამ სამუშაოს მაძიებლებს მისცა რამდენიმე რჩევა, რომელიც მათ სამსახურის ძიებას გაუმარტივებს.
1) აპლიკაციის შევსება
სამუშაოს მაძიებლების პირველი და ხშირად დაშვებული შეცდომა განაცხადის იმ ვაკანსიაზე შეტანაა, რომლისთვისაც კვალიფიციურები არ არიან. მსგავსი შეცდომები დღევანდელმა ციფრულმა სამყარომ კიდევ უფრო გაახშირა. დასპონსორებული ვაკანსიები ხშირად შეიძლება სამუშაოს მაძიებლის Facebook ან Linkedin “ფიდზე” აღმოჩნდეს, რამაც აფიქრებინოს, რომ შესაფერისია ამ კონკრეტული პოზიციისთვის, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ეს ასე არ არის.
ვაგადია სამუშაოს მაძიებლებს ურჩევს, რომ მხოლოდ ისეთი ვაკანსიის აპლიკაცია შეავსონ, რომლის მოთხოვნების 70-80%-ს აკმაყოფილებენ. მოთხოვნების დაკმაყოფილება პოზიციისთვის შესასრულებელი სამუშაოების წარსულ გამოცდილებას ნიშნავს. ანუ სამუშაოს მაძიებელმა აპლიკაციები ისეთ პოზიციებზე უნდა შეავსოს, რომლის მოთხოვნების 80% წარსულში უკვე შეუსრულებია. საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციებზე კომპანიები ძირითადად 3-5 წლიან გამოცდილებას ითხოვენ. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც Account Manager -ად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება აქვს, შეუძლია შეავსოს გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე აპლიკაცია. მაგრამ ნაკლები გამოცდილების გამო, ის ამ პოზიციაზე დიდი ალბათობით ვერ დასაქმდება.
2) რეზიუმე
ვაგადია მეორე შეცდომად ყველა ვაკანსიაზე ერთი და იგივე რეზიუმეს გაგზავნას მიიჩნევს. რეკრუტერები რეზიუმეს გაცნობისას „აბსოლუტური სიზუსტით“ ვერ შეაფასებენ კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებს, ამიტომაც სამუშაოს მაძიებლებმა კარგად უნდა გადახედონ სამუშაო აღწერას და დარწმუნდნენ, რომ საკუთარ რეზიუმეში ცხადად აქვთ გამოკვეთილი ის უნარები, რომელსაც ვაკანტური პოზიცია მოითხოვს.
3) შედეგები
ვაგადისას თქმით, მნიშვნელოვანია კანდიდატმა რეზიუმეში აღწეროს ის შედეგები, რომელსაც წარსულ პოზიციებზე მუშაობისას მიაღწია. დამსაქმებელს არ აინტერესებს კანდიდატის პოზიციის სამუშაო აღწერა, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია თუ რა მოუტანა კანდიდატმა კომპანიას კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობისას. შედეგები შეიძლება რაოდენობრივადაც კი გამოისახოს: მაგალითად, რეკრუტერს შეუძლია რეზიუმეში წარმატებით დახურული ვაკანსიების რაოდენობა მიუთითოს, ხოლო დეველოპერს იმ აპლიკაციებისა თუ შიდა სისტემების რაოდენობა, რომელზეც იმუშავა.
4) კითხვების დასმა
გასაუბრებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის მხრიდან კითხვების დასმაა. თუ კანდიდატი გასაუბრებაზე კითხვებს არ სვამს, დამსაქმებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მას პოზიცია არ აინტერესებს.
ვაგადია სამუშაოს მაძიებლებს გასაუბრებაზე დასასმელ 6 კითხვას სთავაზობს:
1) როგორი უნდა იყოს წარმატებული თანამშრომელი დასაქმებიდან პირველი 90 დღის განმავლობაში?
2) რა პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს გუნდი ამ ეტაპზე?
3) ძირითადად რა არის არსებული გუნდის ყველაზე დიდი სისუსტე?
4) როგორ ფიქრობთ, ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, რას შევმატებ არსებულ გუნდს?
5) როგორია თქვენი ორგანიზაციული კულტურა?
6) რა ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე თანამშრომელი თავის თვიურ გეგმას ვერ ასრულებს?
5) ინტერესი
აპლიკანტის შერჩევის საბოლოო შედეგებზე უარყოფითად მოქმედებს გასაუბრებაზე პოზიციის მიმართ ნაკლები ინტერესის გამოხატვა. ნაკლები ინტერესის ინდიკატორი, ძირითადად, კანდიდატის მიერ შეკითხვებზე ერთ სიტყვიანი ან ერთ წინადადებიანი პასუხების გაცემაა. როგორც ვაგადია ამბობს, ასეთ კანდიდატებთან ხშირად გასაუბრებაც კი შეუწვიტავს.
სწორად შერჩეული ვაკანსია, სწორად შედგენილი რეზიუმე და გასაუბრებაზე პოზიციის მიმართ გამოხატული ინტერესი არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს ძიებას გაუმარტივებს. ვფიქრობთ, ვაგადიას რჩევები საინტერესოა და მათი გათვალისწინება კი სულაც არ არის რთული.
ჩვენს მკითხველს კი წარმატებებს ვუსრვებთ მისი საოცნებო სამსახურის მოძიებაში.
წყარო: Fastcompany