ეს სცენარი შეიძლება ყველასთვის კარგად ნაცნობი იყოს - პროდუქტების განვითარების გუნდმა მოიფიქრა ახალი აპლიკაციის იდეა, კლიენტმა პოზიტიურად შეაფასა მათ მიერ შეთავაზებული იდეა, პიარ გუნდი კი აქტიურად იწყებს ფიქრს აპლიკაციის გასაშვებად საჭირო სარეკლამო კამპანიაზე. ამ დროს, პროექტის მენეჯერი გადაწყვეტს, რომ სხვების მიერ შესრულებული სამუშაო და წარმატებული შედეგები მიისაკუთროს. ის არ აქებს გუნდს, არავინ აღნიშნავს საერთო წარმატებას, გუნდის წევრების ინდივიდუალურ კონტრიბუციებს. ამგვარი სცენარის განვითარებას შედეგად აუცილებლად მოჰყვება დასაქმებულების დემოტივაცია.
სხვისი წარმატების მისაკუთრება ცუდი მენეჯერებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. ამგვარი დამოკიდებულების საპასუხოდ, დასაქმებულები ნაკლებად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში და პირველივე შემთხვევის შემდეგ ეძებენ კომპანიიდან წასვლის გზებს. 2019 წლის BambooHR-ის კვლევის თანახმად, სხვის მიერ შესრულებული სამუშაოს მისაკუთრება გამოკითხულთა 63%-მა შეაფასა, როგორც მენეჯერის ყველაზე ცუდი საქციელი. კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამგვარი შემთხვევისას ისინი აუცილებლად განიხილავდნენ სამსახურიდან წასვლას.
მენეჯერების ეფექტურობის კვლევის ფარგლებში Forbes-მა გამოკითხა 3800 ლიდერი. კვლევამ დაადგინა, რომ ლიდერები, რომლებიც გუნდის შედეგებს ისაკუთრებენ არაეფექტური ლიდერები არიან, ხოლო მაღალი ეფექტურობა დამახასიათებელია ლიდერებისთვის, რომლებიც აღიარებენ სხვების მიღწევებს.
მენეჯერები, რომლებიც გუნდის წევრების მიერ მიღწეული შედეგების მისაკუთრებას ცდილობენ, მხოლოდ საკუთარი პირადი მიღწევებით არიან დაინტერესებულები და ნაკლებად აღელვებთ გუნდის ან კომპანიის წარმატება.
მილიარდელმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა, ფლორიდას უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრისას, მათ თხოვა აერჩიათ ერთი კურსელი, რომლის შემოსავლებიდან მიიღებდნენ 10%-ს მთელი ცხოვრების მანძილზე. ბაფეტის მოსაზრებით ყველა აირჩევს ადამიანს, რომელსაც ყველაზე კარგად წყობა, ვინს გამოირჩევა ლიდერული უნარებით, ვისაც შეუძლია სხვა ადამიანებს დაეხმაროს მათი ინტერესის გამოვლენაში. ამგვარი ადამიანი აუცილებლად იქნება გულწრფელი, გულუხვი, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანების იდეების აღიარება, დანახვა და შექება.
უორენ ბაფეტი ახასიათებს ე.წ. „მსახურ ლიდერს“ - ადამიანს, რომლისთვისაც ბუნებრივია სხვა ადამიანების, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება, სხვების კონტრიბუციების წარმოჩენა და დაფასება. Gallup-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულები, რომლებიც მუდმივად იღებენ დაფასებას და აღიარებას, უკეთესად მუშაობენ, კერძოდ, იზრდება მათი პროდუქტიულობა, მომხმარებლებისგან იღებენ უფრო მეტ პოზიტიურ უკუკავშირს, იზრდება მათი მომხმარებლების კმაყოფილება და ერთგულება კომპანიის მიმართ.
კარგ ლიდერს, რომელსაც ერთგული მიმდევრები ჰყავს, არ სჭირდება დიდების და აღიარების ძიება. ისინი კარგად იაზრებენ ერთად მიღწეული წარმატებების ძალასა და მნიშვნელობას. კარგი ლიდერები სხვა ადამიანებს აძლევენ თავის წარმოჩენის საშუალებას, თავად იხევენ უკანა რიგებში და ერთად აღნიშნავენ გუნდის და ინდივიდუალური წევრების გამარჯვებებს და მიღწევებს. ამგვარი მიდგომები საბოლოოდ დასაქმებულებს ეხმარებათ თვითშეფასების, თვითრწმენის ამაღლებაში და გუნდის წევრების, კომპანიის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში.