მილიონობით ადამიანს სურს ტესლაში მუშაობის დაწყება. 2022 წელს 3.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაგზავნა ტესლაში აპლიკაცია დასაქმების მიზნით.
ტესლაში დასაქმების პროცესი 9 ინტერვიუს, ტესტების სერიას და ზოგ შემთხვევაში მასკისთვის წერილის დაწერასაც კი შეიძლება მოიცავდეს.
Business Insider ესაუბრა ტესლას 10-მდე ინჟინერს და გამოკითხა როგორია დასაქმების ეტაპები, რას ნიშნავს ტესლაში მუშაობა და ა.შ. მათი მითითებით, რამდენიმე მცდელობა დასჭირდათ კომპანიაში საბოლოოდ შეთავაზების მისაღებად. მთელი პროცესი საკმაოდ დამღლელია და შეიძლება დაახლოებით 6 თვე გაგრძელდეს.
შერჩევის პროცესის პირველი ნაწილი საკმაოდ სტანდარტულია. ტესლას რეკრუტერები გასაუბრებას ნიშნავენ, თუ კანდიდატის რეზიუმემ პირველადი გადარჩევის ეტაპი გაიარა. ტესლაში დასაქმებული ინჟინრების მითითებით, მათი ინტერვიუ ჩაინიშნა სხვადასხვა წყაროებით რეზიუმეს მიწოდების შემდეგ, მაგალითად, აპლიკაციის გაგზავნის, ტესლას წარმომადგენელთან ნეთვორქინგის ღონისძიებაზე გაცნობის შემდეგ ან ტესლას დასაქმებულის შიდა რეკომენდაციის საფუძველზე.
ხანდახან, ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, თუ ვის იცნობ ტესლაში, შეუძლიათ თუ არა მათ რეკომენდაციის გაწევა. ტესლას რეკრუტერები ათასობით რეზიუმეს განიხილავენ და გასაუბრებას დაახლოვებით 20 აპლიკანტთან ნიშნავენ, მათგან მხოლოდ ნახევარი გადადის შემდეგ ეტაპზე.
პირველ ინტერვიუზე დგინდება კანდიდატის კულტურული შესაბამისობა კომპანიასთან. გამსაუბრებელი ამ მიზნით ტრადიციულ კითხვებს სვამს - რატომ გსურთ ტესლაში მუშაობა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ადგილი კომპანიაში. შემდეგ ეტაპზე გადასული დასაქმებულები ტექნიკურ ინტერვიუს გადიან მენეჯერთან, რაც შეიძლება მოიცავდეს დავალებას ან ტესტს.
შერჩევის შემდეგი ეტაპი პრეზენტაციების წარდგენაა. აპლიკანტი არჩევს მისთვის სასურველ თემას, რომლის წარსადგენადაც 15-30 წუთი აქვთ. პრეზენტაციის შემდეგ იწყება კითხვა-პასუხის ეტაპი. პანელში როგორც წესი 4-6 ინჟინერი მონაწილეობს და თითოეული მათგან საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში ესაუბრება კანდიდატს. სრული პროცესი შეიძლება 6 საათამდე გაგრძელდეს.
ტესლას დასაქმებულის რჩევით, მნიშვნელოვანია კანდიდატები თემის შერჩევას ყურადღების მიუდგნენ, მნიშვნელოვანია, რომ არ წარადგინონ კონფიდენციალური თემები. ეს შეიძლება პირველი მანიშნებელი იყოს, რომ კანდიდატი შეიძლება სანდო დასაქმებული არ იყოს. პანელური დისკუსია შეიძლება გაიმართოს ზუმის საშუალებით ან პირადად.
პრეზენტაციის მომზადებისას უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პროექტის ყველა ტექნიკური დეტალი სრულად და ამომწურავად იცით. პრეზენტაციისას არ არის აუცილებელი რთული ტექნოლოგიური გადაწყვეტების დეტალურად ახსნა, საჭიროა ახსნათ რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტული მიმართულებით წასვლა.
პანელური დისკუსიის ბოლოს, პანელის წევრები ანონიმურად აძლევენ ხმას კანდიდატს და 1-დან 4 ქულამდე შეფასებას უწერენ. თუ რომელიმე წევრი კანდიდატს დაუწერს 1 ქულას და შემდეგ სხვებთან დაასაბუთებს ამ ქულას - კანდიდატი ავტომატურად დაიბლოკება. პანელის სესიიდან კანდიდატების ნახევარი გადადის შემდეგ ეტაპზე.
ზოგიერთი აპლიკანტი, მისი პოზიციის გათვალისწინებით პანელის შემდეგ იღებს სამუშაო შეთავაზებას. მენეჯმენტის პოზიციისთვის, კანდიდატები გადიან კიდევ ერთ გასაუბრებას დირექტორთან ან მაღალი რგოლის მენეჯმენტთან.
რამდენიმე დასაქმებულმა აღნიშნა, რომ მათ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის სთხოვეს დაეწერათ სამი მიზეზი, რატომ იყვნენ საუკეთესო კანდიდატები ტესლაში მუშობისთვის. ეს წერილები აღმასრულებელ დირექტორთან იგზავნება და შეიძლება მასკმაც კი წაიკითხოს. გასულ წელს, ტესლას აღმასრულებელმა მენეჯერმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მეილში მიუთითა, რომ მან უნდა დაადასტუროს ყველა ახალი კანდიდატის აყვანის გადაწყვეტილება.
დასაწყისიდან დასასრულამდე მთელი პროცესი შეიძლება 6 თვე გაგრძელდეს. შვიდმა ინჟინერმა აღნიშნა, რომ ტესლაში შერჩევის პროცესი ყველაზე ინტენსიური პროცესი იყო რაც უნახავთ ინდუსტრიაში.