დასავლური მედიაში ხშირად წერენ იმაზე, რომ ინტერნეტის ერაში ე.წ ციფრული კვალის (digital footprint) დატოვება ხდება. რას ნიშნავს ციფრული კვალი? ეს არის ჩვენ შესახებ ჩვენს მიერ გააზრებულად ან გაუაზრებულად გაზიარებული ინფორმაცია ინტერნეტის საძიებო სისტემებში, აპლიკაციებში, პროფესიულ თუ სოციალურ ქსელში. სოციალურ თუ პროფესიულ ქსელში ჩვენი აქტივობაც ჩვენი კვალია, შესაძლებელია ეს იყოს კომენტარი, ე.წ “სტატუსი” თუ “ლაიქი”
დასავლური მედიის გარდა, ბევრმა ავტორმა წიგნიც კი მიუძღვნა იმას, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა არამარტო კომუნიკაცია, არამედ ადამიანების ქცევა, ფიქრის სტილი, მართვის სტილი, კომერცია, ანგარიშსწორება და სხვ.
ტექნოლოგიებმა და დიჯიტალ მედიამ ადამიანების მართვაშიც საინტერესო ცვილებები გამოიწვია. გაჩნდა და განვითარდა სოციალური ქსელით რეკრუტინგი; კომპანიის გუნდის წევრები ქმნიან ფეისბუქ ჯგუფებს ინფორმაციის სწარაფად გასაცვლელად, ხდება კომპანიის სამუშაო გარემოსა თუ პირობების რეკლამა სოციალურ ქსელში, ხდება კომპანიის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდინგი და სხვ.
სოციალურ ქსელებში კომპანიებზე კრიტიკული ინფორმაციებიც გამოჩნდა, თუმცა დასავლურ მედიაში კომპანიების კრიტიკა ანონიმურად და “მესამე მხარის” საშუალებით ხდება. მაგალითისთვის, არსებობს კომპანია “გლასდორი”, რომლის საიტზეც ყველასათვის ცნობილი კომპანიის თანამშრომლები (ან ყოფილი თანმაშრომლები) აზიარებენ ინფორმაციას თუ რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ კომპანიის წევრებს ლიდერებისაგან. გლასდორი საინტერესო ინფორმაციებს ქმნის ანონიმური კომენტარებისგან და ასე ჩნდება “საუკეთესო კომპანების” ათეული; ვიგებთ ინფორმაციებს თუ რა კითხვებს უსვამს გასაუბრებაზე ილონ მასკი, ტიმ კუკი და სხვ. მოკლედ, კრიტიკაც და ქებაც მესამე მხარეზეა გადაცემული.
ანონიმური მოსაზრების გარდა, დასავლურ კულტურაში ასევე ხშირია ტვიტერზე მოსაზრების გაზიარება ნებისმიერ თემაზე. ხშირად ტვიტერის ტვიტი მსოფლიოს მოიცავს ხოლმე და ვიგებთ, რომ ამაზონში მძიმე სამუშაო პირობებია და ბეზოსი ძალიან მკაცრი მენეჯერია. თუმცა, ტვიტერსა თუ ფეისბუქზე ასეთი კრიტიკა საკმაოდ საინტერესოდ და ეთიკის ნორმების დაცვით ხდება, რადგან ნებისმიერი გადამეტებული ან გადაჭარბებული ან თუნდაც არასწორი ინფორმაციის გაზიარების გამო, კომპანიას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და უჩივლოს ინდივიდს, ანუ კომპანიასაც კანონი იცავს.
ვინაიდან სოციალურ მედიაში გავრცელებული ქცევაც გადადამდებია, ჩვენთანაც ხშირია მოსაზრებების გაზიარება სოციალურ და პროფესიულ ქსელში “ლინქდინი”. ძალიან კარგია, როდესაც სამუშაოს მაძიებლები კრიტიკულად აფასებენ, თუ როგორ დახვდა კომპანიის წარმომადგენელი, რა კითხვები დაუსვეს, რას დაპირდნენ, როგორი იყო გარემო და სხვ. ეს ნამდვილად კარგია, რადგან ადასტურებს, რომ სამუშაოს მაძიებლების ცოდნა გაიზარდა ისეთ თემაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის მიწვევა თუ გასაუბრების წარმართვა და რეკრუტერების შეცდომებსაც მარტივად აფიქსირებენ. თუმცა, არსებობს ამ საინტერესო მესიჯების ნეგატიური მხარეც - ვინაიდან სოციალურ და პროფესიულ ქსელებში წარვმართავთ კომუნიკაციას, ჩვენს კომენტარს თუ პოსტს უამრავი ადამიანი ნახულობს და შესაძლებელია, თანაგრძნობის თუ მხარდაჭერის ნაცვლად, ნეგატიური ემოცია ან პროტესტის გრძნობა გამოვიწვიოთ და ყველაზე უარესი კი არასწორი კლიშეს მიღებაა. ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი კრიტიკურლი პოსტების გამო, შესაძლებელია ბევრმა კომპანიამ თავი აარიდოს ჩვენთან შეხვედრასა თუ საუბარს.
რა უნდა გავაკეთოთ, შევწყვიტოთ იმაზე საუბარი, რაც არ მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ გამოსასწორებელია? ცხადია, არა! მაგრამ, არსებობს კრიტიკის ე.წ “ეთიკური” ფორმა, რომელიც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, სამუშაოს მაძიებლის ბრენდინგზეც კი იმუშავებს. მაშ, როგორ ვწერთ კრიტიკულ მოსაზრებას და ასე:
1. პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვა - კრიტიკა აუცილებლად უნდა დავიწყოთ პოზიტიური მესიჯით, რომ მოგვეწონა კომპანიის ოფისი, რეკრუტერები დაგხვდნენ ღიმილით, მოგვესალმნენ და სხვ. მთავარია პირველი მესიჯი იყოს პოზიტიური
2. რა არ მოგვეწონა - მხოლოდ ფაქტი და არავითარი ცინიზმი ან პიროვნების კრიტიკა! მაგ: კითხვები არ იყო ვაკანსიასთან შესაბამისი; რეკრუტერის ინტერვიუს მომზადება აკლდა (და არა, “ეიჩარი აზრზე არ იყო რას მეკითხებოდა”)
3. რეკომენდაცია - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონალური ბრენიდნგისა და სხვა კომპანიებისგან კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც კი. რეკომენდაცია კვლავ უნდა იყოს კონკრეტულ შეცდომასა თუ დარღვევაზე მიმართული და არა ზოგადი და აგრესიული, მაგ: ჩემი რჩევაა, კომპანიამ მოიკვლიოს თუ რა არის ანაზღაურება ამ სფეროში (და არა “კაპიკებს იხდიან”)
როგორც აღმოჩნდა, კრიტიკასაც ცოდნა უნდა და ყველა ადამიანს, ვინც აქტიურია სოციალურ თუ პროფესიულ ქსელში, გულწრფელად ვურჩევ გამოიყენოს კრიტიკის ეს წესები. თუკი ჩვენი განწყობა ძალიან ნეგატიურია, გაგვაბრაზეს და ვღელავთ, მაშინ გირჩევდით, კომპანიაზე კრიტიკული მოსაზრება დატოვოთ საიტზე jobrate.ge, რომელიც გლასდორის ანალოგია და ციფრულ კვალს ვერ დატოვებთ. პერსონალური ბრენდინგი 21 სკ.-ში კარგი სამსახურის მოძიების ერთერთი აუცილებელი პირობაა კარგ CV თან ერთად.
ავტორი: მედეა ტაბატაძე