გუნდური მუშაობა თანამედროვე კორპორატიული გარემოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ყოველთვის უნდა ელოდოთ, რომ გასაუბრებაზე აუცილებლად დაგისვამენ მასთან დაკავშირებულ კითხვებს. Forbes გვიზიარებს 3 გზას, თუ როგორ შეიძლება წარმოაჩინოთ გუნდური მუშაობის განსაკუთრებული უნარები გასაუბრებაზე და თავიდან აირიდოთ ხელოვნური და შაბლონური პასუხების გაცემა:
1. იყავით კონკრეტული და გაიხსენეთ რეალური მაგალითები;
გუნდური მუშაობის შესახებ ზოგადი ფრაზების თქმა საკმარისი არ არის. ინტერვიუერები კონკრეტულ მაგალითებს ეძებენ, რომლებიც წარმოაჩენენ თქვენს უნარს. გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილებაზე საუბრისას არ გამოიყენოთ აბსტრაქტული წინადადებები, ისაუბრეთ იმაზე რაც კონკრეტულად თქვენ გააკეთეთ, გაიხსენეთ პროექტი, რომლის შესრულებაშიც გუნდთან ერთად თქვენ ითამაშეთ დიდი როლი, სიტუაცია, როდესაც მოაგვარეთ გუნდში არსებული კონფლიქტი და დაეხმარეთ სხვებს წარმატების მიღწევაში. ამგვარი მიდგომით გასაუბრებაზე წარმოაჩენთ როგორც გუნდური მუშაობის უნარს, ასევე პრობლემების გადაჭრის უნარებს.
2. ყურადღება გაამახვილეთ პოზიტიურ ურთიერთობებზე;
გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე პასუხისას ყურადღება გაამახვილეთ პოზიტიურ დამოკიდებულებებზე, როგორ დაეხმარეთ თქვენს კოლეგებს, მოაგვარეთ კონფლიქტური სიტუაცია და ა.შ. თავი აარიდეთ ნეგატიურ კომენტარებს, ცუდად არ ისაუბროთ გუნდის ძველი წევრების შესახებ. ხაზი გაუსვით თქვენს პროფესიონალიზმს, პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნარებს.
3. პრობლემების გადაჭრის და პასუხისმგებლობის აღების უნარები;
დამსაქმებლები ეძებენ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდში პრობლემური საკითხების აღმოჩენა და მათი მოგვარება. გასაუბრებაზე განიხილეთ პრაქტიკული მაგალითები, როგორ დაეხმარეთ გუნდის წევრებს სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში. ხაზი გაუსვით თქვენს პასუხისმგებლობას. მაგალითად, თქვენ შესთავაზეთ გუნდის წევრებს პროცესების ახლებურად მართვა, იყავით გუნდის წევრებს შორის კონფლიქტის მედიატორი და სხვა.
ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით, Forbes გვთავაზობს პასუხის ერთ-ერთ ნიმუშს:
კითხვა - მოგვიყევით იმ პერიოდის შესახებ როდესაც გუნდში მუშაობდით.
პასუხი - ვიყავი საკმაოდ არაორგანიზებული გუნდის ლიდერი. გუნდის წინა ლიდერი პირადად ესაუბრებოდა მომხმარებლებს და შემდეგ უზიარებდა შეხვედრის დეტალებს დეველოპერებს. ზოგიერთი კლიენტი, პირდაპირ დეველოპერებს უყვებოდა მათი სურვილების შესახებ, რაც მუდმივად იწვევდა დაბნეულობას და პროექტების დაგვიანებას. როდესაც მე გავხდი გუნდის ლიდერი, გადავწყვიტე, რომ დეველოპერები და გუნდის სხვა წევრები არ შეასრულებდნენ პირდაპირ კლიენტისგან მიღებულ დავალებას. ჩვენ განვსაზღვრეთ ერთი ადამიანი გუნდში, რომელიც იქნებოდა საკონტაქტო პირი ყველა შემდეგი კომუნიკაციისთვის. ეს საკმაოდ რთული ცვლილება იყო დეველოპერებისთვის და კლიენტებისთვის, რადგან უკვე შეჩვეულები იყვნენ პირდაპირ კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ კმაყოფილები შედეგებით, მაინც უნდოდათ ძველი სტილით მუშაობის გაგრძელება. მომიწია მათთვის ამეხსნა, რომ ახალი სისტემა პირველ რიგში კლიენტებისთვის უნდა ყოფილიყო მისაღები, მათთვის მარტივდებოდა და სწრაფდებოდა სამუშაო პროცესი. მე თავად ვიყავი ჩართული აქტიურად ამ ახალი პროცესის დანერგვაში. ცვლილებების სრულად დასანერგად ერთი თვე და ყოველდღიური შეხვედრები დაგვჭირდა, შედეგად კი მივიღეთ ორგანიზებული სისტემა, რომელიც სწორად და ზუსტად აღრიცხავს კლიენტების საჭიროებებს და თხოვნებს. პროექტები უფრო სწორად და მალე სრულდება, ვიდრე აქამდე. დეველოპერებისთვის შევიმუშავეთ შიდა მონაცემთა ბაზა, სადაც ყოველთვის შეუძლიათ გადააამოწმონ რა გაკეთდა. პროცესები გახდა უფრო მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე.
პასუხის შეჯამება - ზემოთ მოცემულ პასუხში ჩამოთვლილი დეტალები, დამსაქმებლისთვის ნათელს ხდის, რომ კანდიდატმა უშუალოდ გამოიარა ეს გამოცდილება. ტყუილი ან გაზვიადებული პასუხების დროს, რთულია დეტალების წარმოჩენა. პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას ხშირად წარსულ დროში და პირველ პირში საუბრობენ, იღებენ პასუხისმგებლობას და არ ეშინიათ გამოწვევების, არ ცდილობენ სხვას გადააბრალონ რაიმე. ზემოთ მოყვანილ პასუხში, კანდიდატი საუბრობს საკუთრ გამოცდილებაზე იმგვარად, რომ წარმოაჩენს ფაქტებს, საუბრობს პრობლემის მოგვარების გზაზე იმგვარად, რომ არ აბრალებს მათ არსებობას გუნდის რომელიმე წევრს.