შვებულების დროს სამსახურისგან დისტანცირება უფრო მარტივად ჟღერს ვიდრე შესაძლებელია. ზოგიერთი კომპანია და მენეჯერი, შვებულებაში მყოფი თანამშრომლისგან ელოდება, რომ ისინი აუცილებლად უპასუხებენ მეილებს, დისტანციურად დაესწრებიან შეხვედრებს და არ შეწყვეტენ მუშაობას.
ბევრი სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ სამსახურის საქმეებისგან სრულად დისტანცირებული შვებულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასვენებისთვის. მხოლოდ ამგვარი დასვენების დროს მცირდება გადაწვა, იზრდება ენერგია, დასვენება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, რაც საბოლოოდ სამსახურში დაბრუნების შემდეგ უფრო პროდუქტიულად მუშაობას განაპირობებს.
Harvard Business Review გვიზიარებს 5 რჩევას, რაც შვებულებაში გასვლამდე უნდა გააკეთოთ მშვიდი დასვენებისთვის:
1. დაგეგმილი დასვენება;
შვებულების დადასტურების შემდეგ, მენეჯერს შეატყობინეთ პერიოდი, როდესაც ხელმისაწვდომი არ იქნებით შვებულებაში. არ არის აუცილებელი გაუზიაროთ სად მიდიხართ ან რის გაკეთებას გეგმავთ, თუმცა მიუთითეთ, რომ არ გექნებათ მუშაობის შესაძლებლობა.
სამსახურში არყოფნის პერიოდისთვის შეიმუშავეთ თქვენი შესასრულებელი საქმეების გეგმა და გაუზიარეთ ის მენეჯერს და გუნდის წევრებს. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ხანგრძლივ შვებულებას აპირებთ. განსაზღვრეთ ვინ იქნება საკონტაქტო პირი თქვენს ნაცვლად. ჰკითხეთ მენეჯერს რაიმე დამატებით ხომ არ სჭირდებათ შვებულებაში გასვლამდე. რაც უფრო მეტად მოწესრიგებულად შეხვდებით შვებულებას, უფრო მეტია ალბათობა, რომ შვებულების დროს არ შეგაწუხებენ დამაზუსტებელი კითხვებით.
2. შვებულების პერიოდი მიუთითეთ სამუშაო პროგრამის კალენდარში;
შვებულების დადასტურების მიუხედავად, დიდი ალბათობით, მენეჯერს არ ემახსოვრება თქვენი დასვენების კონკრეტული დრო და პერიოდი, თანამშრომლებს კი მაშინ გაახსენდებათ თქვენი შვებულება, როდესაც ავტომოპასუხისგან წერილს მიიღებენ.
როგორც კი თქვენი შვებულება დადასტურდება, ინფორმაცია დასვენების პერიოდის შესახებ გადაიტანეთ კალენდარში, იმისთვის, რომ ყველამ მარტივად ნახოს რომელ პერიოდში არ იქნებით ხელმისაწვდომი.
3. წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების შემთხვევაში, გააფრთხილეთ შეხვედრის ინიციატორი;
იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა დანიშნულია თქვენი შვებულების კვირაში, შეხვედრის მოწვევაზე უარის ავტომატური შეტყობინებით გაგზავნასთან ერთად, შეხვედრის ინიციატორს პირადად შეატყობინეთ თქვენი არყოფნის შესახებ. ჰკითხეთ ხომ არ სჭირდება დახმარება ან თქვენი ჩართულობა შვებულებაში გასვლამდე. ეს აჩვენებს, რომ თქვენ პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებით საქმეს და დამატებით გაძლევთ თანამშრომლების ინფორმირების შესაძლებლობას თქვენი არყოფნის შესახებ.
თუ შეხვედრა დანიშნულია ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ZOOM, Microsoft Teams, თხოვეთ მენეჯერს შეხვედრის ჩანაწერი გამოგიგზავნოთ, ან პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში, გაგიზიაროთ შეხვედრაზე განხილული საკითხების მოკლე მიმოხილვა.
4. შვებულების ავტომატურ შეტყობინებაში დეტალურად მიუთითეთ ყველა აუცილებელი ინფორმაცია;
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შვებულების შესახებ ავტომატურ შეტყობინებაში მითითებული იყოს, ვის უნდა დაუკავშირდნენ თქვენს არყოფნაში. ცხადად და ნათლად მიუთითეთ, რომ არ იქნებით ხელმისაწვდომი და არ გექნებათ მეილების ნახვის და მათზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მიუთითეთ კონკრეტული თარიღები, რომელ პერიოდში ხართ შვებულებაში.
მენეჯერთან ერთად განსაზღვრეთ ვინ იქნება საკონტაქტო პირი თქვენი არყოფნისას და მიუთითეთ ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია შეტყობინებაში. თუ სამსახურში მეილების გარდა სხვა პლატფორმებსაც იყენებთ, მაგალითად Slack, Zoom chat, Microsoft Teams და ა.შ. იგივე ინფორმაცია მიუთითეთ ამ პლატფორმებზეც.
5. შვებულებამდე გაგზავნეთ საბოლოო შეხსენება;
შვებულებამდე ერთი კვირით ადრე თქვენი გუნდის მენეჯერს, გუნდის წევრებს გაუგზავნეთ მეილი და შეახსენეთ, რომ არ იქნებით ხელმისაწვდომი, მიუთითეთ კონკრეტული თარიღები. შეახსენეთ, რომ არ გექნებათ მეილებზე და ტელეფონის ზარებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
ამგვარი შეტყობინება აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და ზრუნავთ, რომ გუნდმა ჩვეულებრივ განაგრძოს მუშაობა თქვენი არყოფნის პერიოდშიც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენ მიერ შემუშავებული საზღვრები თავადვე დაიცვათ! არ წაიკითხოთ მეილები და შეტყობინებები შვებულებაში და მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმეთ დასვენებას.
წყარო - Set These 5 Boundaries Before You Go on Vacation (hbr.org)