უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე შრომით ბაზარზე ბევრი ცვლილება მოხდა - პანდემია, დისტანციურად მუშაობა, ახალი ტექნოლოგიური მიღწევები, ხელოვნური ინტელექტი.
ცვლილებები თანამედროვე სამყაროს განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი გახდა. კომპანიებს მუდმივად უწევთ ახალი პროდუქტების მოფიქრება, პროცესების ცვლილება, რისთვისაც დამსაქმებლები კომპანიაში ქმნიან კულტურას, სადაც წახალისებულია ინოვაციურობა და ექსპერიმენტები. თუმცა, მიუხედავად ცვლილებების აუცილებლობისა, მოკლე ვადაში ბევრმა ცვლილებამ შეიძლება დასაქმებულების გადაწვა გამოიწვიოს. დასაქმებულები გადაღლილები არიან მუდმივი ცვლილებებით და ახალი პასუხისმგებლობებით.
FastCompany გვიზიარებს New York Times-ის გამოცდილებას თუ როგორ შეგიძლიათ ებრძოლოთ კომპანიაში ინოვაციურობით გადაწვის პრობლემას:
- დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით;
ახალი პროდუქტის, სტრატეგიის ან სამუშაო პროცესის დაგეგმვისას არ აყვეთ ცდუნებას ეს სიახლე ერთად გაუზიაროთ ყველა დასაქმებულს. ყველასთვის ერთად სიახლის შეთავაზებით ქაოსის მოსალოდნელი საფრთხის წინაშე დააყენებთ კომპანიას. თქვენ არ იცით რა არის ამ ახალი პროდუქტის ან სტრატეგიის რისკები. ყველა დასაქმებული თუ ერთდროულად გამოიყენებს ახალ პროდუქტს, ერთდროულად საერთო სტრესის ქვეშ მოექცევა თითოეული მათგანი.
დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. სცადეთ სატესტო ვერსიებზე მუშაობა მცირე გუნდებთან. ამ ნაბიჯით თქვენ დააკვირდებით მცირე ჯგუფზე როგორ მუშაობს სიახლე, რისი ცვლილებაა საჭირო, მიიღებთ დასაქმებულებისგან უკუკავშირს და გაიზიარებთ მათ გამოცდილებას. ასეთ დროს თავად დასაქმებულებიც უფრო მეტად იგრძნობენ თავს ცვლილებების ნაწილად.
სატესტო ვერსიებზე მუშაობა დროის დაზოგვის ხერხიც არის. საპილოტე ვერსიაში შეგიძლიათ წინასწარ აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ ის პრობლემები, რომელთა მოგვარება დიდი მასშტაბის შემთხვევაში რთული იქნებოდა.
- დაგეგმეთ ცვლილებები;
ინოვაციური მიდგომების დანერგვისას, ხშირია სურვილი, რომ ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს. სწრაფად მუშაობის იმპულსმა შეიძლება შეიწიროს თქვენი დასაქმებულების მოტივაცია. პროცესების დაჩქარებისას დასაქმებულებს მოუწევთ უფრო მეტი ახალი დავალების და პასუხისმგელობების აღება. სანამ პროცესებს ბოლომდე მიიყვანთ, მათ მოუწევთ ძველი და ახალი დავალებების ერთად გაკეთება და გადატვირთვა, რაც საბოლოოდ მათ გადაწვას გამოიწვევს.
ადამიანებს უჭირთ ბევრ სხვადასხვა დავალებაზე კონცენტრირება. ასეთ დროს ადამიანები უშვებენ მეტ შეცდომას, ისტრესებიან და ხდებიან ნაკლებად პროდუქტიულები. პარადოქსია, თუმცა სიჩქარის შემთხვევაში თქვენ უფრო ნელა მიაღწევთ სასურველ შედეგს.
შეარჩიეთ ცვლილებების განხორციელების ტემპი და დრო - ხომ არ ინერგება ბევრი ცვლილება ერთდროულად? ახერხებენ თუ არა დასაქმებულები პროცესების ინტეგრირებას და მიყოლას?
- მოუსმინეთ დასაქმებულებს;
განხორციელებული ცვლილებების მიმართ დასაქმებულებს შეიძლება განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ამაყობდეთ ახალი პროგრამით, ის საერთოდ არ მოეწონოთ კომპანიის თანამშრომლებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოუსმინოთ სხვებს და გაიზიაროთ მათი პრობლემები.
მუშაობს თუ არა ახალი პროგრამა? დაბნეულობას ხომ არ იწვევს? დამატებითი ტრენინგების ჩატარება ხომ არ არის საჭირო?
რაც უფრო ადრე მოისმენთ დასაქმებულების აზრს, უფრო ადრე მოახერხებთ პრობლემის მოგვარების გზის პოვნას და თავიდან აირიდებთ დასაქმებულების დაბნეულობას და ქაოსს.
New York Times-ში დასაქმებულებს ყოველწლიურად უტარდებიათ აუდიტი მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ. დასაქმებულებისგან მიღებული უკუკავშირი კომპანიისთვის შეუფასებელი ცოდნაა. კომპანია ახერხებს უშუალოდ თანამშრომლებისგან მოისმინოს თუ როგორ გავლენას ახდენს მათზე სამუშაო პროცესები და რის ცვლილებას ისურვებდნენ. კომპანიამ შემდეგი ცვლილებების დაგეგმვისას უნდა გამოიყენოს დასაქმებულებისგან მიღებული უკუკავშირი, მათი გამოცდილება და პასუხები.
წყარო - https://www.fastcompany.com/90984306/ways-avoid-innovation-burnout-in-workplace