სამსახურის ძიების პროცესი სრულ განაკვეთზე მუშაობას ჰგავს. ბევრჯერ გსმენიათ ამბები, რომ კანდიდატს არც ერთმა კომპანიამ არ დაურეკა, მიუხედავად იმისა რომ ასობით აპლიკაცია შეავსო, გასაუბრების შემდეგ არავინ დაუკავშირდა ან უარი უთხრეს დასაქმებაზე რეალური მიზეზის არსებობის გარეშე. სამსახურის ძიებისას ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც კანდიდატზე დამოკიდებული არ არის და წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს მათ.
თუმცა, ერთი რამ ცხადია, კანდიდატს შეუძლია დასაქმების შანსების გაზრდა დაშვებული შეცდომების გააზრებით და მათი გამოსწორებით. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე შეიძლება იყოს რეზიუმეს გადახედვა და ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომის დაშვებისგან თავის არიდება:
1. ერთი ზოგადი რეზიუმეს გამოყენება ყველა ვაკანსიისთვის;
რეზიუმე მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ ვაკანსიაზე. ამ მიზანს ნაკლებად მიაღწევთ ერთი ზოგადი რეზიუმეთი. რეზიუმე ყოველ სხვადასხვა შემთხვევაში უნდა მოარგოთ სასურველი პოზიციის სამუშაო აღწერილობას და სპეციფიკას.
მაგალითად, თუ თქვენთვის სასურველი სფერო მარკეტინგი და გაყიდვებია, რეზიუმეში ხაზი გაუსვით თქვენი გაყიდვების უნარებს. შეგიძლიათ მიუთითოთ წინა სამსახურის გამოცდილება, როგორ აისახა თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო გაყიდვების შედეგებზე. რეკრუტერები, რომლებიც გაყიდვების აგენტს ეძებენ, რეზიუმეების გადარჩევისას ყურადღებას მიაქცევენ იმ რეზიუმეებს სადაც იქნება მითითებული გაყიდვებთან დაკავშირებული უნარები ან დამატებითი ინფორმაცია.
2. შაბლონის გამოყენება, რომელიც დააბნევს აპლიკანტების შერჩევის პროგრამას;
თუ არასდროს გიმუშავიათ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ აპლიკანტების შერჩევის სისტემის შესახებ. ეს პროგრამა ამარტივებს რეკრუტერების სამუშაო პროცესს აპლიკანტების გადარჩევის პროცესის ავტომატიზირებით. პროგრამა ძიებისთვის იყენებს საკვანძო, ყველაზე ხშირად გამოყენებად და ვაკანსიასთან დაკავშირებულ სიტყვებს და ფრაზებს.
რამდენადაც სასარგებლოა ეს პროგრამა, იმდენად მარტივად შეიძლება დაიბნეს თუ გადააწყდება მისთვის უჩვეულო რეზიუმეს. ამისგან თავის დასაზღვევად რეზიუმეში არ მიუთითოთ გრაფიკული გამოსახულებები, ვიზუალები, რაც გადატვირთავს რეზიუმეს. უმეტესი პოზიციებისთვის, უმჯობესია, რეზიუმე იყოს მარტივი და უბრალო, კლასიკური სახის.
3. პერსონალური ინფორმაციის მითითება;
პერსონალური ინფორმაციის განმარტება სხვადასხვაგვარია ქვეყნებისა და კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა, საყოველთაოდ მიღებულია, რომ რეზიუმეში არ უნდა იყოს მითითებული განსაკუთრებული შინაარსის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული ვაკანსიასთან, მაგალითად, ინფორმაცია სახლის მისამართის, ოჯახური სტატუსის, პირადი ნომრის შესახებ.
ზოგადი წესი ამგვარია - არ მიუთითოთ ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასურველ პოზიციასთან. რეკრუტერს არაფერში სჭირდება იცოდეს კანდიდატის საცხოვრებელი მისამართი, მისი ასაკი, ჰყავს თუ არა მას შვილები და სხვა.
4. მხოლოდ რბილი უნარების მითითება;
ყველა კანდიდატი უთითებს რეზიუმეში რბილ უნარებს - შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, გუნდური მუშაობის უნარის მქონე. ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რეზიუმეში მხოლოდ ისინი არ უნდა იყოს ჩამოთვლილი.
რეზიუმემ უნდა დაადასტუროს, რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო როგორც რბილი, ასევე ტექნიკური და პროფესიული უნარები. ხაზი გაუსვით უნარებს, რომლებიც ინდუსტრიისთვის შესაფერისია, რომელიც დაადასტურებს, რომ შეგიძლიათ პოზიციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. ხშირად ეს უნარები სამუშაოს აღწერილობაშია მითითებული.
5. მიღწევების უგულებელყოფა;
ბევრი კანდიდატი უარს ამბობს რეზიუმეში მიუთითოს საკუთარი მიღწევები. ამის ნაცვლად, ბევრი მათგან შეცდომას უშვებს და რეზიუმეში ჩამოთვლის მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ ზოგად უფლება-მოვალეობებს. რეკრუტერებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ინფორმაცია თქვენი მიღწევების შესახებ.
მაგალითად, თუ სოციალური მედიის მარკეტერი ხართ, რეზიუმეში ზოგადი ფუნქციის მითითების ნაცვლად „ვებგვერდის ანალიტიკის მართვა, მიუთითეთ თქვენ მიერ მიღწეული შედეგები და როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს - „გავზარდე ვებგვერდის ტრაფიკი 110%-ით, ციფრული მარკეტინგის ახალი სტრატეგიის შემუშავებით.“